კულტურა
„ხიბულა“ - ფილმი ზვიად გამსახუდიას სიცოცხლის ბოლო დღეებზე [ფოტო/ვიდეო]
23 ნოემბერს თბილისში საქართველოს პირველ პრეზიდენტზე გადაღებული ფილმის - „ხიბულა“ პრემიერა გაიმართება. ეს არის ამბავი ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო 50 დღესა და იმ გზაზე, რომელიც მან თანმხლებ პირებთან ერთად გაიარა. ფილმის რეჟისორ გიორგი ოვაშვილისთვის ეს გზა ქრისტეს მიერ გოლგოთამდე განვლილი გზაა ყველა სირთულით და წინააღმდეგობებით, როცა მარტოდ დარჩენილი, ყველასგან მიტოვებული ქვეყნის ლიდერი შეგნებულად, გააზრებულად მიდის საკუთარი ცხოვრების დასასრულისკენ. რეჟისორმა დეტალებზე ფილმის გარშემო, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.



< ზვიად გამსახურდიას როლის შემსრულებელზე >

ზვიად გამსახურდიას როლს ირანელი მსახიობი ჰოსეინ მაჰჯუბი ასრულებს. გიორგი ოვაშვილის თქმით, ის არამარტო საკუთარ ქვეყანაშია ცნობილი, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ფილმი არც ბიოგრაფიულია და არც დოკუმენტური, პროტოტიპები არ უძებნია. შეარჩია ადამიანები, რომლებიც მის წარმოდგენაში ყველაზე ახლოს იყვნენ პირველ პრეზიდენტთან თუ სხვა პერსონაჟებთან. ქართველებს შორის ზვიად გამსახურდიას როლზე დასამტკიცებლად ვერ იპოვა. სამაგიეროდ რეჟისორს გაახსენდა ჯერ კიდევ 15 წლის წინ, ნიუ-იორკში ნანახი ფილმი „სამოთხის ფერები“, სადაც ჰოსეინ მაჰჯუბი მთავარი გმირია.

„უცბად ამომიტივტივდა ეს სახე. აღმოჩნდა, რომ ბატონი ჰოსეინი შეცვლილიყო ძალიან კარგი მიმართულებით. ასე მოხდა ჩვენი თანამშრომლობა“, - აღნიშნა გიორგი ოვაშვილმა.

ამავე ფილმში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბესარიონ გუგუშვილის როლს გორის თეატრის მსახიობი კიშვარდ მანველიშვილი ასრულებს.

< სამუშაო პროცესი და გადაღების ლოკაციები >

ფილმის გადაღების დაწყებამდე, რეჟისორმა სცენარის ავტორ, ჰოლანდიელ რულოვ იან მინებოსთან ერთად მოკვლევის პროცესში სწორედ ის გზა გაიარა სოფელ-სოფელ, ტყე-ტყე, რაც ზვიად გამსახურდიამ, მდევრისთვის თავის დასაღწევად. გიორგი ოვაშვილის თქმით, ამ ყველაფრის გააზრება ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან კარგად დაინახეს, თუ რას შეიძლება გრძნობდეს ადამიანი ამ დროს, როგორი შეიძლება იყოს მისი ემოციური მდგომარეობა. ამბობს, რომ უნდოდა გადაღებები რეალურ ლოკაციებზე ეწარმოებინათ, მაგრამ ეს ადგილები იმდენად მოშორებული იყო გზას და მიუვალი, მხოლოდ საცალფეხო ბილიკების გავლით ყოველდღიურად ტექნიკის მობილიზებას და სამუშაო ჯგუფის გადაადგილებას ვერ მოახერხებდნენ.

„შესაბამისად, გადასაღები ადგილები შეირჩა რაჭის რეგიონში, ასევე საირმის ზემოთ მთებში. ეს იყო ასევე ბორჯომის ხეობა. საკმაოდ რთული იყო გადაღებების პროცესი იმიტომ, რომ ყოველდღიურად გვიწევდა ფაქტობრივად ბუნებასთან ჭიდილი. ეს იყო თოვლი, წვიმა, მდინარეების გადალახვა“, - განმარტა რეჟისორმა.

< როგორ დაიწერა ფილმის სცენარი >

სცენარის დაწერამდე ფილმზე მომუშავე ჯგუფი ყველა იმ მასალას გაეცნო, ვიზუალურს თუ ზეპირ ინფორმაციას, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ. შეხვდნენ ადამიანებს, რომლებიც გარკვეულწილად შემხებლობაში იყვნენ თავის დროზე განვითარებულ მოვლენებთან, ან სმენოდათ რამე. ამ პროცესში მათ ასევე მოიშველიეს 2009 წელს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდია, პრეზიდენტის შვილი ხელმძღვანელობდა. ეს ყველაფერი მოგვიანებით წიგნად გამოიცა, სადაც რეჟისორის განმარტებით, წაიკითხავთ მათ შორის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, ერთი და იგივე ეპიზოდის განსხვავებულად აღწერის შემთხვევებს თვითმხილველების მხრიდან.

„მთელი ეს ამბავი მისტიური უფროა ჩემთვის, აბსურდი, თუ რა მდგომარეობაში შეიძლება ჩააყენოს ერმა ადამიანი, რომელიც თვითონ აირჩია ლიდერად“, - ამბობს გიორგი ოვაშვილი.

< მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - რაზე გვიყვება ფილმი >

პრესკონფერენციაზე რეჟისორს ჰკითხეს, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ პირველი პრეზიდენტის საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა ორი წლის წინ, რატომ ხდება ფილმის მიმდინარეობისას „აპელირება“, მაყურებელში რატომ ახალისებენ აზრს, რომ ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ხომ არ არის ეს პოლიტიკური დაკვეთა - ასე ჟღერდა კითხვა.

საპასუხოდ გიორგი ოვაშვილმა განმარტა, რომ ის საგამოძიებო ორგანოს არ წარმოადგენს, შესაბამისად ვერც ერთი და ვერც მეორე ვერსიის მტკიცებას მიჰყოფს ხელს, და რომ ფილმის ამოცანა ამ დილემის გარკვევა არც ყოფილა. ერთადერთი, რაშიც თითქმის დარწმუნებულია საკუთარი დაკვირვებით არის ის, რომ ეს იყო მკვლელობა:

„ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მიიყვან თვითმკვლელობამდე თუ მოკლავ. ანუ ვინ გამოკრავს სასხლეტს ხელს. ყველა შემთხვევაში ეს არის მკვლელობა. მაგრამ ვინ ჩაიდინა ეს, ვინ გამოკრა სასხლეტს ხელი, მე არ ვარ საგამოძიებო ორგანო, არ მქონია ეს ამოცანა. ნათლად, გარკვევით ვერ ვიტყოდი ფილმში იმას, რაც არ ვიცი. მე ვთქვი ის, რაც ვიცოდი“.

რეჟისორისვე თქმით, მან მოჰყვა ამბავი, რათა დაესვა კითხვები და მოეწოდებინა საზოგადოებისთვის, ეძებონ მათზე პასუხები.

< ჰოსეინ მაჰჯუბის სიზმარი ზვიად გამსახურდიაზე >

ჰოსეინ მაჰჯუბისთვის გიორგი ოვაშვილის შეთავაზება, საქართველოს პირველი პრეზიდენტი განესახიერებინა, საინტერესო აღმოჩნდა. თუმცა იმისთვის, რომ პიროვნების და ხასიათის სირთულეს ჩაწვდომოდა, ამ ადამიანზე ბევრი რამის წაკითხვა მოუხდა. ამბობს, ზვიად გამსახურდიაზე იმდენს ფიქრობდა, ერთხელ ესიზმრა კიდეც ბნელ ოთახში მარტო მდგომი, შარვალ-კოსტიუმსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი.

„სიზმარში აღვიქვი, რომ გამსახურდიამ მარცხენა ხელით აიღო იარაღი, დაიმიზნა და გაისროლა. ამის მერე სულ ვფიქრობდი, ზვიად გამსახურდია ცაცია იყო თუ არა. მითხრეს, რომ მართლაც ცაცია ყოფილა“, - იხსენებს მსახიობი.

ჰოსეინ მაჰჯუბის თქმით, არ გაუკვირდება, თუ თვითმკვლელობის ვერსია დამტკიცდება, იმ წნეხის და ძალდატანების ფონზე, რაშიც მოუწია პირველ პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლო დღეებში ცხოვრება. „თავიც რომ მოეკლა, ამას დავიჯერებდიო“, - განმარტა ფილმის გმირმა.

გიორგი ოვაშვილი ამბობს, რომ კრიტიკისთვის ღიაა და გაუხარდება კიდეც, რადგან ვინმესგან შექების დამსახურება თვითმიზანი არც ყოფილა.

„თუ იქნება კრიტიკა, ჩავთვლი, რომ ტყუილად არ გვიშრომია“, - აღნიშნა რეჟისორმა.

ფილმის ბიუჯეტი 1,5 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან ქართული მხარის ფინანსური მონაწილეობა მასში დაახლოებით 25%-ია. დანარჩენი ფული გერმანიის და საფრანგეთის ფონდებიდან მოიპოვეს. ასევე გერმანულ-ფრანგული არხისგან „არტე“, რომელიც ნამუშევრის თანამფლობელია. თანხების მობილიზება სამუშაო ჯგუფმა ევროპული კინოს განვითარების ფონდიდანაც შეძლო.

ფილმს 23 ნოემბერს თბილისის და ბათუმის კინოთეატრებში უჩვენებენ. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ზუგდიდში თემურ ელიავას მეორე კრებულის, სახელწოდებით „პალატა #8“
პრეზენტაცია გაიმართა.
10:11 / 12.12.2017
ზუგდიდში თემურ ელიავას მეორე კრებულის, სახელწოდებით „პალატა #8“ პრეზენტაცია გაიმართა.
ვფიქრობ, ომმა განიცადა ტრანსფორმაცია და გადავიდა ყოველდღიურ რეჟიმში
- ამბობს
16:59 / 19.10.2017
ვფიქრობ, ომმა განიცადა ტრანსფორმაცია და გადავიდა ყოველდღიურ რეჟიმში - ამბობს
კოლხური ოდა-სახლი მხატვარ რეზო ადამიას მუზაა. 80 წლის ხელოვანი
შემოდგომასა და გაზაფხულზე თბილისიდან სამეგრელოში ჩამოდის,
11:47 / 17.10.2017
კოლხური ოდა-სახლი მხატვარ რეზო ადამიას მუზაა. 80 წლის ხელოვანი შემოდგომასა და გაზაფხულზე თბილისიდან სამეგრელოში ჩამოდის,
სვანური ქუდით თავზე, თვითნასწავლი ქართული აფხაზური აქცენტით,
სიტყვაძუნწი
18:21 / 26.09.2017
სვანური ქუდით თავზე, თვითნასწავლი ქართული აფხაზური აქცენტით, სიტყვაძუნწი
რედაქტორის რჩევით
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამართულ დაჯილდოებაზე „დავასუფთავოთ საქართველო“
მარტვილში ახალგაზრდა მეღვინე ქალი გადაშენების
ძნელია მოძალადე ქმრისგან წამოსვლა, როცა არ იცი შემდეგ როგორ იარსებო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.