კულტურა
თეატრის ახალი შენობა - მშენებლობა იწყება [ვიდეო]
ზუგდიდის თეატრის ახალი შენობის მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება. სამუშაოების დასრულების სავარაუდო თარიღი 2020 წელია. ძველი შენობის სრული დემონტაჟი უკვე დასრულდა. როგორც ზუგდიდის თეატრის დირექტორმა „ლაივპრესს“ განუცხადა, 70 წლის შენობის დანგრევის გადაწყვეტილება ექსპერტიზის შედეგების გაცნობის შემდეგ მიიღეს. სპეციალისტების დასკვნით, ფუნდამენტი მყარი არ იყო და რეკონსტრუქციას არ ექვემდებარებოდა.

მშენებლობას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს, რისთვისაც ჯამში 12 მილიონი ლარია გამოყოფილი. ზურაბ ეგუტია ვარაუდობს, რომ თახა შესაძლოა გაიზარდოს. პროექტის თანახმად, თეატრს ექნება ევროპული სტანდარტების ორი დარბაზი - დიდი 370, პატარა კი 130 მაყურებელზე გათვლილი. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ატუ“ ატარებს. უფროსი მშენებლის, ზურაბ გვარამიას განცხადებით, ცვლილებები შეეხება შენობის ადგილმდებარეობასაც.

„სცენა სიგრძეში 2 მეტრით იზრდება და თავისთავად შენობაც გაიზარდა ზომაში. ადგილმდებარეობაც შეიცვალა. შენობამ უკან გადმოიწია. მანამდე ქუჩაში იდგა ფაქტიურად. შენობამ გადმოიწია შიგნით ზუსტად 4 მეტრით“, - განაცხადა ზურაბ გვარამიამ.

სანამ ახალი შენობა აშენდება, ზუგდიდელებს სპექტაკლების ნახვა ქალაქის კულტურის სახლში შეეძლება, სადაც დასი მუშაობას აგრძელებს. სწორედ ამ შენობაში აღნიშნა შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 150 წლის იუბილე.