კულტურა
ზუგდიდის თეატრი ამსტერდამში სპექტაკლების ჩვენებას გამართავს [ვიდეო]
ზუგდიდის თეატრი ამსტერდამში მიემგზავრება, სადაც ქართული დიასპორისთვის სპექტაკლების ჩვენებას გამართავს. გასტროლებისთვის ორი წარმოდგენა შეირჩა. მათით ჰოლანდიის დედაქალაქში მოქმედი ქართული კულტურის ცენტრი დაინტერესდა. ესენია ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული „დაბრუნება“ და მონოსპექტაკლი „დამსჯელი 14“, რომლის ჩვენებასაც დღეს ამ ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი თიკა სვანიძე-ვენკო დაესწრო. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, ორივე წარმოდგენით გადმოცემული ამბავი და თემატიკა კულტურის ცენტრისთვის მისაღები აღმოჩნდა. ბადრი წერედიანი დარწმუნებულია, რომ გასტროლები წარმატებული იქნება და ის ამსტერდამში მცხოვრები ქართული დიასპორის ყურადღებას მიიპყრობს.

„ჰოლანდიაში მათი სრული დაფინანსებით ხდება ადგილზე ყველა აქტივობა. სპექტაკლების ჩვენების თარიღი და სხვა ტექნიკური დეტალები უნდა შეთანხმდეს. გეგა ქურციკიძეს, რომელმაც „დაბრუნება“ დადგა, აქვს სუშუალო კონტაქტი ამ ხალხთან. მან გადაუგზავნა ჩვენი მასალები და თანხმობა მივიღეთ“, - უთხრა ბადრი წერედიანმა „ლაივპრესს“.

ამსტერდამში ქართული კულტურის ცენტრი უკვე ხუთი წელია მოქმედებს. მისმა ხელმძღვანელმა თიკა სვანიძე-ვენკომ აღნიშნა, რომ ზუგდიდის თეატრის წარდგომა ჰოლანდიაში მცხოვრები დიასპორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება და ქართული კულტურის კიდევ მეტად პოპულარიზებას შეუწყობს ხელს.

„ეს იქნება შვება ძალიან ბევრი ქართველისთვის. ჩვენ იქ ბევრი კონცერტი დაგვიგეგმავს, მაგრამ თეატრის გასტროლი პირველად. დიდი სიხარული იქნება ჰოლანდიაში მაცხოვრებელი ემიგრანტებისთვის“, - განმარტა ცენტრის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ამსტერდამთან ერთად შესაძლოა დასი ბელგიაშიც წაიყვანონ.

თიკა სვანიძე-ვენკოს თქმით, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და ზუგდიდთან ერთად, შეძლებისდაგვარად ყველა თეატრს მოიცავენ.

დღევანდელ სპექტაკლს სამართალდამცველები ესწრებოდნენ. ბადრი წერედიანი ამბობს, რომ მათ წარმოდგენებზე პერიოდულად ეპატიჟებიან.