კულტურა
წალენჯიხელების და მესტიელების დაპირისპირება კოშკისთვის
დაპირისპირების და უთანხმოების მიუხედავად, ომუნეს კოშკის რესტავრაცია, რომელიც წალენჯიხის დაბა ჯვარში მდებარეობს, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. საქმე ეხება ნაგებობას, რომლის წარმომავლობასაც მესტიის და წალენჯიხის მცხოვრებლები ვერ იყოფენ. მესტიელები ამბობენ, რომ კოშკი სვანურია, ჯვარელების მტკიცებით კი, კოლხური. წალენჯიხელებმა წერილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში უკვე გააგზავნეს.

წალენჯიხის მერის, ბესიკ ფარცვანიას თქმით, წერილში ნათქვამია უკმაყოფილების მიზეზი და მოთხოვნა, კოშკის წამოშობასა და მისთვის პირვანდელი სახის აღდგენასთან დაკავშირებით. ჯვარელებს წერილით სწორედ ამ ორი მოცემულობის დადგენა სურთ. მერი ამბობს, რომ საკითხს ფრთხილი მიდგომა სჭირდება. მანვე აღნიშნა, ნაგებობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, მისი განკარგვის უფლება კი მხოლოდ სააგენტოს აქვს.

„ჩვენ ალბათ დავსხდებით და გადავწყვეტთ კოშკის ბედს. უფრო სწორედ, კვალიფიციური ადამიანები უნდა ჩაერთონ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს კოშკის პირვანდელი იერსახე. ამის შემდეგ შეიძლება მასზე სხვადასხვა სამუშაოს განხორციელებაზე საუბარი“, - უთხრა ბესიკ ფარცვანიამ „ლაივპრესს“.

მათ კოშკის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა სურთ და შესაბამისი პროექტიც მზად აქვთ. მერის თქმით, ყველა დეტალს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმების საფუძველზე გადაწყვეტენ.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი დაპირისპირებაზე ინფორმირებულია. კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, დღეს მთავარი ძეგლის გადახურვაა და არა მის წარმომავლობაზე საუბარი. აღნიშნა, რომ უკვე მომზადებულია შესაბამისი ხარჯთაღრიცხვაც. ამასთან, იდეა გულისხმობს მეგრულთან ერთად სვანური სივრცის მოწყობას, შედეგად კი მივიღებთ „ძმობის და ურთიერთობისთვის“ ძალიან კარგ ძეგლს.

„ოშკი და ზარზმა, რომელიც სხვა ტერიტორიაზე გვაქვს, იმას ცდილობს მთელი ქვეყანა, რომ მოუარონ და როგორმე ჩვენსავე ტერიტორიაზე არ უნდა იყოს ეს საუბრები, მეგრულია თუ სვანური. რა მნიშვნელობა აქვს, სადაური წარმოშობისაც არ უნდა იყოს, ძეგლს მოვლა უნდა“, - გვითხრა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

მერის თქმით, მოსახლეობას სწორი აქცენტებით უნდა ვესაუბროთ და არა პირიქით, საზოგადოებები გარეშე თვალისთვის დასაცინი გავხადოთ. მანვე აღნიშნა, რომ არ შეიძლება სხვაგვარად ფიქრი.

„ჯიხაშკარში რომ ძეგლებია, რა მნიშვნელობა აქვს, სადაური იქნება. იმ კოშკებსაც მოვლა პატრონობა არ უნდა? კოლხური თეთრი გვაქვს მუზეუმში. ავიღოთ და გამოვაგდოთ, სვანური არ არისო? ჩვენი დიდი სურვილია ძეგლი გადაიხუროს. მათი დიდი სურვილია ძეგლი არ გადაიხუროს. ამ შემთხვევაში ძეგლი უნდა გადაიხუროს“, - განმარტა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

კოშკის კოლხურ წარმომავლობაში ისტორიკოსი და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის წარმომადგენელი პაპუნა გაბისონია დარწმუნებულია. მისი მტკიცებით, გარემოება, რომ ნაგებობას აქვს ისეთი მოხაზულობა, რაც სვანურ კოშკებს ახასიათებს, არგუმენტად ვერ გამოდგება. ისტორიკოსი განმარტავს, რომ სვანური ელემენტებით კოშკი სავარაუდოდ საბჭოთა პერიოდში შეივსო, თუმცა თვითონ ძეგლის საძირკველი შესაძლოა ადრეფეოდალურ ხანას განეკუთვნებოდეს, გარკვეული ნაწილი გვიანი შუა საუკუნეების, ან განვითარებული შუა საუკუნეების მონაკვეთს. ისტორიკოსი ამბობს, რომ ენგურის ხეობის გაყოლებაზე ბევრი ასეთი ადრეფეოდალური ხანის სასიმაგრო ნაგებობა, ტიპიური მოდარაჯე კოშკებია, რომლებსაც თავის დროზე გზის გაკონტროლების ფუნქცია ჰქონდათ.

„ქართული მახასიათებლები ყველა კოშკს აქვს. ქართველები ვართ და რაღაც შტრიხები ექნებოდა ამ შენობასაც. საერთო ზოგადი ქართულია ეს ჩუქურთმები და მოხაზულობა. ჯიხაშკარშიც ციხესიმაგრეა და იმეორებს სვანური ციხის ქონგურებს. მაგრამ, ეს ხომ არ ნიშანვს, რომ სვანეთს ეკუთვნის. შეიძლება ეს იყო ძველი საერთო, რომელიც მერე უფრო სვანეთს შემორჩა. შტრიხები გადადიოდა კუთხეებს შორის, ჩაკეტილი სივრცე ხომ არ იყო“, - გვითხრა პაპუნა გაბისონიამ.

ისტორიკოსის თქმით, სვანეთის საზღვარი ენგურჰესის კაშხლის ბოლოს იწყებოდა, სადაც ადრე იყო სოფელი ხუდონი, რომელიც ჩაიძირა და დღეს აღარ არსებობს. მას საკუთარი სიტყვების არგუმენტად მოჰყავს მეშვიდმეტე საუკუნეში, რუსი ელჩების სამეგრელოში ვიზიტი, და მათი ჩანაწერი, სადაც ისინი ხუდონს, როგორც „მეგრელსკაია დერევნიას“ მოიხსენიებენ. მისივე მტკიცებით, კოშკის კოლხურ წარმომავლობას სახელწოდებაც მოწმობს და პრეფიქსი - უ, რომელიც მაშინ სამეგრელოში ძველ სახელებს ერთვოდა.

პაპუნა გაბისონიას განმარტებით, თავის დროზე, საბჭოთა პერიოდში კოშკი ნაჩქარევად აღადგინეს. ამიტომაც ფიქრობს, რომ კარგი იქნება მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორს მსგავსი „ვიწრო“ დაპირისპირება არასწორად მიაჩნია და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად აფასებს. ნიკოლოზ ანთიძის თქმით, მათი დავალებით, ჩუბინაშვილის ინსტიტუტმა ძეგლზე მოკვლევა აწარმოა და დაასკვნეს, რომ არავითარი განსხვავება სვანურ და კოლხურ არქიტექტურაში არ არის, არამედ საქმე ზოგადად კოლხურ, ქართულ მოვლენასთან გვაქვს.

სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ მსგავსი ქონგურებით, რომელსაც მესტიის მცხოვრებლები სვანურს უწოდებენ, ნაგებია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჭაქვინჯის, ნოღას ციხეც. არქიტექტურის ეს ნიმუში გვხვდება ქართლშიც:

„სვანური არის კოლხურის ნაწილი. კოლხეთი იყო ის და სვანეთი იყო კოლხეთის ნაწილი. ამიტომ, ასეთი ვიწრო დაპირისპირება მიმაჩნია, რომ არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. მსგავსი დაპირისპირება, რომ ძეგლის აღდგენას ხელი შეუშალო იმიტომ, რომ შენ მიგაჩნდეს, ეს სვანურია, და პროცესები ხელოვნურად გააჩერო, ამას ხმამაღლა ვაცხადებ“.

ნიკოლოზ ანთიძის თქმით, კოშკის ფოტოები შემორჩენილია ის, რაც 60-იან წლებში არის გადაღებული. მასზე ადრეული არაფერი მოიპოვება. ამ გამოსახულებაშიც კი, მხოლოდ ნანგრევები ჩანს. უკვე 80-იანი წლების დასაწყისში, ძეგლთა დაცვის მაშინდელმა სამსახურმა მისი დღევანდელი სახით რესტავრაცია მოახდინა. ამ ფორმით 2006 წელს ნაგებობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კოშკი სააგენტოს, ეკონომიკის სამინისტროსგან შარშან გადმოეცა. მათ ძეგლის აღდგენის პროექტიც შეიმუშავეს და სარემონტო სამუშაოების დაწყებასაც უახლოეს მომავალში გეგმავენ. მანამდე პროცესს ხელი, დირექტორის განმარტებით, ჯვარის რამდენიმე მცხოვრებმა შეუშალა, რომელთა სახელებსაც დღეს ვერ იხსენებს. ამ ადამიანებთან შეხვედრა რამდენჯერმე მოუხდა, როცა კოშკის ადგილას ჩავიდა. ერთხელ, ნიკოლოზ ანთიძის განმარტებით, იმდენად დაძაბული საუბარიც ქონდათ, რომ „ხელით შეხების ინსპირირებაც“ მოაწყვეს. მიიღო პირადი შეურაცხყოფის წერილიც.

მართავს თუ არა მათ ვინმე, არ იცის, მაგრამ აცხადებს, ძეგლი გადაიხურება ისე, რომ ერთი ქვაც არ შეიცვლება, როგორც აღნიშნული პირები ითხოვენ. კერძოდ, საუბარი 80-იან წლებში მიშნებული ქონგურების მორღვევას შეეხება. სააგენტოს დირექტორის თქმით, ძეგლს სტატუსი ამ მოცემულობით მიენიჭა, შესაბამისად უფლება არ აქვთ მისი სახე გადაასხვაფერონ.

ნიკოლოზ ანთიძის თქმით, უფრო ადრე ნაგებობის გადახურვის მზადყოფნა ვინმე რუსუდან იოსელიანმაც გამოთქვა და საპროექტო დოკუმენტიც წარმოადგინა. გაიცა შესაბამისი ნებართვაც, თუმცა არც მას მისცეს სამუშაოების წარმოების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, ძეგლი სააგენტოს გადმოსცემოდა და რეკონსტრუქციაც თავად განეხორციელებინათ.

გადახურვის გარდა, კოშკში კოლხური კულტურის სამუზეუმო სივრცის მოწყობაც იგეგმება. დამონტაჟდება ატრაქციაც, ჭოგრიტი, ეს ყველაფერი კი ერთგვარად, ენგურჰესის დიდი პროექტის გაგრძელება იქნება.

წელს ძეგლის რესტავრაცია უნდა დასრულდეს, რისთვისაც 30 ათასი ლარი დაიხარჯება, მუზეუმის მოსაწყობად კი საჭირო თანხებს დაითვლიან.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდის თეატრიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროში ორი წერილი გაიგზავნა. ერთი, სამხატვრო ხელმძღვანელის,
19:59 / 09.10.2018
ზუგდიდის თეატრიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ორი წერილი გაიგზავნა. ერთი, სამხატვრო ხელმძღვანელის,






ზუგდიდის თეატრი ამსტერდამში მიემგზავრება, სადაც ქართული
დიასპორისთვის სპექტაკლების ჩვენებას გამართავს.
14:58 / 22.07.2018
ზუგდიდის თეატრი ამსტერდამში მიემგზავრება, სადაც ქართული დიასპორისთვის სპექტაკლების ჩვენებას გამართავს.






ზუგდიდის თეატრის ახალი შენობის მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება.
სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადა 2020 წელია. ძველი შენობის
სრული დემონტაჟი უკვე
17:19 / 17.07.2018
ზუგდიდის თეატრის ახალი შენობის მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება. სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადა 2020 წელია. ძველი შენობის სრული დემონტაჟი უკვე






ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების
დროს,
18:35 / 16.04.2018
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს,
ლაივპრესის სტუდია
როგორია წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდში და რა დარღვევები გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში,
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.