მულტიმედია
ამერიკული ფეხბურთის ზუგდიდის კლუბი პირველი ოფიციალური თამაშისთვის ემზადება [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდში, სამი თვის წინ ჩამოყალიბებული ამერიკული ფეხბურთის კლუბი „Western Bad Boys-ი“ თბილისის თასის თამაშებისთვის ემზადება, რომელიც 7 ივლისს უნდა დაიწყოს. ახალგაზრდა სპორტსმენები ინტენსიურად ვარჯიშობენ როგორც ღია სტადიონზე, ისე სპორტულ დარბაზში. 15 წევრისგან დაკომპლექტებულ კლუბს დამფინანსებელი ამ დრომდე არ ჰყავს. სპორტული აღჭურვილობა და ფორმები მათ კერძო პირმა შეუძინა. მიუხედავად თანხების სიმწირისა, ახალგაზრდები ცდილობენ არსებული რესურსის ბოლომდე გამოყენებას, რათა თასის გათამაშებაზე კარგი შედეგი აჩვენონ.

სპორტსმენების განცხადებით, ფინანსური მხარდაჭერის მიღების მიზნით მომავალში გეგმავენ მიმართონ ადგილობრივ ხელისუფლებას. როგორც „Western Bad Boys-ის“ პრეზიდენტმა ირაკლი ბუკიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, წელს ეს დაფინანსება ვერ მიიღეს, რადგან კლუბი ჩამოყალიბდა მაშინ, როცა ადგილობრივი ბიუჯეტი უკვე დამტკიცებული იყო და შესაბამისად ჩათვალეს, რომ მიმართვა აზრს მოკლებული იყო.

„ჩვენთან არიან სხვადასხვა ასაკის სპორტსმენები, როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე 31 წლის ახალგაზრდები. ასაკზე შეზღუდვა არ გვაქვს. ახლა ჩვენ რეგულარულად ვემზადებით 7 ივლისის თბილისის თასისთვის. სწორედ ამ თასზე გამართავს ჩვენი გუნდი პირველ ოფიციალურ შეხვედრას“, - განაცხადა ირაკლი ბუკიამ.

სამი თვის წინ სწორედ მას გაუჩნდა იდეა ამერიკული ფეხბურთის კლუბის ზუგდიდში დაარსების. სპორტის ამ სახეობაში მწვრთნელობის კურსები გაიარა და მეგობრებთან ერთად „Western Bad Boys-ის“ ჩამოყალიბებაც მოახერხა.

როგორც კლუბის წევრები გვიხსნიან, ამერიკული ფეხბურთი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით თითქოს გავს რაგბს, განსხვავებულია თამაშის სტილით და წესებით. ირწმუნებიან, რომ საკუთარ თავზე მუშაობის შემთხვევაში რთული არ არის, მთავარია მისი თამაშის მსურველი კარგად იყოს ფიზიკურად მომზადებული, რადგან ფორმა, რომელსაც თამაშისას იცმევენ, 7 კილოგრამს იწონის. მოთამაშეს უნდა შეეძლოს ამ ფორმით სწრაფად სირბილი.

„პრინციპი არის შემდეგი: შეტევის გუნდს აქვს ბურთი, რომელმაც უნდა ეცადოს ერთ ცდაზე რაც შეიძლება მეტი იარდი გაიაროს. ეს ტერმინებიც რადგან არის ამერიკული სპორტი, მოდის იქიდან. თითოეული გუნდი ცდილობს, რაც შეიძლება წინ წავიდეს და საბოლოო ჯამში ცენტრიდან გაიაროს 45 იარდი მოწინააღმდეგის ე.წ. ტაჩ დაუნის მოედნამდე, რათა მიიღოს ექვსი ქულა. ამ დროს შეტევის გუნდი ცდილობს ცრუ მოძრაობით და მოტყუებით შეცდომაში შეიყვანოს დაცვის გუნდი და გაიაროს რაც შეიძლება მეტი იარდი მოწინააღმდეგე გუნდის მოდანზე“, - გვიხსნის კლუბის მოთამაშე მურად ყოლბაია.

გუნდის წევრები სხვადასხვა პროფესიით მუშაობენ და შესაბამისად ცდილობენ ვარჯიშის განრიგიც ყველაზე მორგებული იყოს. კვირაში ორჯერ 19:00 საათზე იკრიბებიან ონარიის დასახლების რაგბის სტადიონზე, ან ბაიას ბაზაზე, სადაც ვარჯიშობენ ასევე სატრებაჟორო დარბაზშიც. როგორც ამერიკული ფეხბურთის სამეგრელო ზემო-სვანეთის ფედერაციის პრეზიდენტის ავთანდილ ცქვიტარია ამბობს, ცდილობენ განრიგი მოარგონ მსურველებს, რათა მეტი სპორტსმენი მიიზიდონ და პოპუარული გახადონ სპორტის ეს სახეობა.

ავთანდილ ცქვიტარია მიიჩნევს, რომ სპორტის ამ სახეობას საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს, რასაც ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველოში ჩამოყალიბების 5 წლის ისტორიის მიუხედავად უკვე არსებობს 6 კლუბი და ემატება კიდევ 2.

„მე პირადად მანამდე რაგბზეც დავდიოდი, კალათბურთზეც, ვიყავი ძალისმიერ სპორტშიც, მაგრამ ბავშვობიდან მქონდა ოცნება მეთამაშა ამერიკული ფეხბურთი. აი მას შემდეგ, როგორც კი ვნახე ფილმი ამერიკულ ფეხბურთზე. მერე ხელი ჩავიქნიე, რადგან არ იყო საქართველოში. მერე როცა ირაკლიმ მითხრა, თბილისიდან არიან ბიჭები ფედერაციიდან და ჩვენც დავიწყოთო, სიამოვნებით დავეთანხმე და უკვე გუნდიც გვყავს“, - ამბობს 25 წლის ავთანდილ ციკუტანია, რომელმაც თამაშის გამოცდილება თბილისის ნაკრებში მიიღო.

ამერიკული ფეხბურთი აშშ-ში ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნეში. ის სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა ქვეყანაში 1972 წლიდან გახდა, მას შემდეგ, რაც ამ კომპონენტში გაუსწრო ბეისბოლს. ამჟამად ამერიკულ ფეხბურთს 80-ზე მეტ ქვეყანაში თამაშობენ.

საქართველოში ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია 2011 წლის ივნისში შეიქმნა, რომელიც გაწევრიანებულია ევროპის ამერიკული ფეხბურთის ფედერაციაში. მესამე წელია რაც ტარდება სპორტის აღნიშნულ სახეობაში ჩემპიონატი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






17 წლის დიმიტრი ქარჩავა ხალხური საკრავების მოძიებით და მასზე
დაკვრით ორი წლის წინ დაინტერესდა.
14:28 / 17.08.2018
17 წლის დიმიტრი ქარჩავა ხალხური საკრავების მოძიებით და მასზე დაკვრით ორი წლის წინ დაინტერესდა.






ავსტრიაში მცხოვრებმა ზუგდიდელმა ლევან ხუბულავამ მეგობრებთან ერთად
„მეგობარში“ კონცერტი გამართა.
11:08 / 15.08.2018
ავსტრიაში მცხოვრებმა ზუგდიდელმა ლევან ხუბულავამ მეგობრებთან ერთად „მეგობარში“ კონცერტი გამართა.






ზუგდიდის ბულვარში ქუჩის პიანინო დაიდგა.
18:12 / 14.08.2018
ზუგდიდის ბულვარში ქუჩის პიანინო დაიდგა.






აგვისტოს ომზე ყველას თავისი ისტორია აქვს.
18:41 / 06.08.2018
აგვისტოს ომზე ყველას თავისი ისტორია აქვს.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.