მულტიმედია
ხალხური საკრავები და აფხაზური აჭარპანი ჩხოროწყუელი ოსტატისგან [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
69 წლის დემურ ჯალაღონია თვითნასწავლი ოსტატია. ხისგან ხალხურ ინსტრუმენტებს უკვე 40 წელია ამზადებს. ამ ხნის მანძილზე, როგორც თავად გვითხრა, 7 ათასზე მეტი სხვადასხვა სახის საკრავი გამოთალა. მათ შორის ხალხური თუ კლასიკური ჩონგური და ფანდური, სალამური, ჩანგი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თხოვნით კი, წლების წინ დაამზადა უკვე სამუზეუმო ექსპონატად ქცეული აფხაზური საკრავი აჭარპანი. ერთს ის საკუთარ სახლში ინახავს და არც კი ფიქრობს მის გაყიდვაზე.

დემურ ჯალაღონიას თქმით, აჭარპანი, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს სალამურს წააგავს, სულ რამდენიმე ცალი ინახება, როგორც აფხაზეთში ასევე დანარჩენ საქართველოში და მასზე დღეს მოთხოვნა ნაკლებია.

„სალამურს კი გავს, მაგრამ სრულიად განსხვავებულია როგორც ტექნიკურად, ისე ჟღერადობით. გაცილებით გრძელია და ასევე აქვს სამი ნახვრეტი, ხმის ჟღერადობის შესაცვლელად. თავში არის უფრო მსხვილი და ბოლოში წვრილდება, რაც მის ხმას განსაკუთრებულს ხდის. ანუ, როცა სულს ჩაბერავ, ხმა ბოლომდე ვერ გადის, გიბრუნდება უკან და იძლევა განსხვავებულ ხმოვანებას. მე როგორც ვიცი, მისი დაკვრა დღეს იცის მხოლოდ ერთმა ადამიანმა. ის თბილისში ცხოვრობს“, - გვითხრა დემურ ჯალაღონიამ, რომელმაც პირველი ფანდური ჯერ კიდევ ბავშვობაში დაამზადა. მოგვიანებით, სკოლაში ყოფნისას, ლოტბარ პოლიკარპე ხუბულავასთან ურთიერთობისას მისი ჩონგურის კარგად დათვალიერება შეძლო და ნიმუშის მიხედვით ბევრად სრულყოფილი ინსტრუმენტი გამოთალა. ნახელავი მუსიკოსმა მოუწონა და მისივე რეკომენდაციით, რჩევისთვის თბილისში ფოლკლორისტ ანზორ ერქომაიშვილთან გააგზავნა. დემურ ჯალაღონიას დამზადებული საკრავები მოიწონა ფოლკროლისტმაც, რასაც შეკვეთები მოჰყვა.

„პირველი ფანდური 600 მანეთად გაიყიდა, რაც მაშინ ძალიან დიდი ფული იყო“, - ყვება ოსტატი და საკუთარ ნაკეთობებს ჩხოროწყუს სოფელ სარაქონში მდებარე მისი სახლის ეზოში, შვილიშვილების დახმარებით, 100 წლის რცხილის ხის ქვეშ ალაგებს. გვითხრა, რომ ახლა შეკვეთა აქვს და აქტიური მუშაობა უწევს, თუმცა როგორც ოსტატი ყვება, წლების წინ გაცილებით მეტი იყო ხალხური მუსიკალური საკრავების შეძენის მსურველი. დღეს მათმა რიცხვმა იკლო.

„ადრე ამ საქმიანობით ოჯახს ვარჩენდი, ახლა მგონი სიმღერაც მიატოვა ხალხმა. უფრო იშვიათად მიკვეთავენ, ძირითადად თბილისიდან ანსამბლები, ან პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც სასწავლებლებში ხალხურ სიმღერას ასწავლიან ახალგაზრდებს“, - ამბობს ოსტატი და გვიჩვენებს საკრავებიდან მისთვის ყველაზე ძვირფასს, 50 წლის ფანდურს. ის ცნობლი წალენჯიხელი ლოტბარის, მურთაზ ციმინტიას მიერ მაკაგონის ხისგან არის დამზადებული და დემურ ჯალაღონიას თავად აჩუქა.

თავად სარაქონელი ოსტატი საკრავებს ძირითადად დიდგულას ხისგან თლის. როგორც გვიყვება, წინაპრები ხალხურ ინსტრუმენტებს თუთის ხისგან თლიდნენ, რომელიც ადვილად მტვრევადია. სწორედ ამიტომ, თავად უპირატესობას დიდგულას ანიჭებს. მიუხედავად ამისა, აქვს იშვიათი ხისგან, მათ შორის მაკაგონისგან, უთხოვარისგან დამზადებული ჩონგურიც და ფანდურიც, თუმცა მათი ფასიც განსხვავებულია. საშუალოდ ხალხური საკრავების ღირებულება 150 ლარიდან იწყება, ხის მასალის გათვალისწინებით იზრდება და 1000 ლარზე მეტიც კი ღირს.

დემურ ჯალაღონიამ ბევრი ინსტრუმენტი გააჩუქა კიდეც. მათ შორის ერთი ჩონგური, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს, მომღერალ გიორგი უშიკიშვილს აჩუქა, რომელმაც ის ხალხური საკრავების გამოფენაზე წარადგინა და ოსტატს გამარჯვებულის სერთიფიკატიც გამოუგზავნა. ჯილდოს დემურ ჯალაღონია საგანგებო ალბომში ინახავს, სადაც ასევე იპოვით სხვადასხვა გამოცემაში მასზე დაწერილ სტატიებს. აქვეა ფესტივალ არტ-გენში მონაწილეობის ამსახველი ფოტოები. სარაქონელი ოსტატი ფესტივალის მონაწილეა მისი დაარსების დღიდან. დემურ ჯალაღონია მოგონებებს შვილიშვილებს, იაკობს და მათეს უზიარებს, რომლებიც ბაბუას მსგავსად ხეზე მუშაობას თავადაც სწავლობენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






მუქი ლურჯი ფერის ყურძენი ოჯალეში უძველესი მეგრული ვაზის ჯიშია,
13:59 / 10.11.2018
მუქი ლურჯი ფერის ყურძენი ოჯალეში უძველესი მეგრული ვაზის ჯიშია,






ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები, რომელიც ორი თვეა მიმდინარეობს,
რამდენიმე დღეში დასრულდება.
10:35 / 08.11.2018
ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები, რომელიც ორი თვეა მიმდინარეობს, რამდენიმე დღეში დასრულდება.






კოლოში უძველესი მეგრული ჯიშის ყურძენია. „კოლო“ მეგრული სიტყვაა და
მწკლარტეს ნიშნავს.
11:08 / 05.11.2018
კოლოში უძველესი მეგრული ჯიშის ყურძენია. „კოლო“ მეგრული სიტყვაა და მწკლარტეს ნიშნავს.






ზუგდიდში პირველად აღნიშნეს ჰელოუინის დღე. ახალგაზრდები სოციალურ
კაფე „მეგო ბარში“
11:04 / 01.11.2018
ზუგდიდში პირველად აღნიშნეს ჰელოუინის დღე. ახალგაზრდები სოციალურ კაფე „მეგო ბარში“
ლაივპრესის სტუდია
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურამდე 13 დღე დარჩა.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.