პოლიტიკა
თქვენ ცხოვრობთ ქალაქში, რომელსაც შესაძლოა სტატუსი ჩამოერთვას
„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თვითმმართველობის რეფორმა განახორციელა და რეალური დეცენტრალიზაციის და ეფექტურად მუშაობის მიზნით, ცალკეული მუნიციპალიტეტები, მათ შორის ზუგდიდი, თემად და ქალაქად დაყო. იგივე პოლიტიკური გუნდი დღეს უკვე საუბრობს, რომ გაზრდილი ქალაქების რაოდენობა ისევ შემცირდეს.

2013 წელს მმართველმა გუნდმა რეფორმისთვის კანონპროექტის მომზადება დაიწყო, პარალელურად კი ზუგდიდში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ამჟამად ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი და რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია, ასევე ამჟამად გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია. მათ მოსახლეობაში ხელმოწერებიც კი შეაგროვეს, ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის მისანიჭებლად.

„კარგია, რომ მთავრობას აქვს ინიციატივა, საქართველო 2014 წელს ორდონიანი არჩევნებით შეხვდეს. სამწუხაროდ ზუგდიდს ააწაპნეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქალაქს თავისი სტატუსი უნდა აღუდგეს“, - ამბობდა მაშინ მერაბ ქვარაია, რომელიც დღეს განმარტავს, რომ მოსალოდნელ შემცირებაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ არსებობს, შესაძლოა იყოს მხოლოდ გარკვეული მოსაზრებები.

„ლაივპრესს“ ქალაქის მაჟორიტარმა უთხრა, რომ ასე ცალკე, კონტექსტიდან ამოგლეჯილად საკითხის განხილვა არ იქნება მართებული, არამედ მნიშვნელოვანი იქნება, თუ რა სხვა თანმდევი ცვლილებების ფონზე მოხდება ეს, რომელი ინსტიტუციების გაძლიერების და შესუსტების ხარჯზე.

დეპუტატი ირწმუნება, რომ ყოველი შემდეგი ეტაპი მათი გუნდის მხრიდან, მიზნად ისახავს მხოლოდ თვითმმართველობის გაძლიერებას და დაწყებული რეფორმის გაღრმავებას.

მერაბ ქვარაია 2013 წელს მოსახლეობასთან შეხვედრაზე ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების ძლიერ მხარეებსაც აღნიშნავდა, რაც უნდა გამოხატულიყო ხელისუფლების დეცენტრალიზაციასა და მმართველობის ფუნქციების გადანაწილებაში, მნიშვნელოვანი საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტასა და ქალაქის ბიუჯეტის ფორმირებაში. ამბობდა იმასაც, რომ ზუგდიდი ამ ყველაფერს იმსახურებს.


მაჟორიტარი დეპუტატის მსგავსად, მამუკა წოწერიაც აცხადებს, რომ საკითხზე არსებითი სახის განხილვები არ მიმდინარეობს და მხოლოდ მოსაზრებები გამოითქვა შესაძლო ცვლილებებზე, თუმცა ამბობს - ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება იმ აზრზე, რომ ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შეუნარჩუნდეს.

„მე ისევ ვემხრობი და არ შემიცვლია ამასთან დაკავშირებით პოზიცია. სხვა კომენტარის გაკეთება ნამდვილად არასერიოზულია, რადგან ამაზე რამე არსებითი სახის განხილვა არ მიმდინარეობს. შესაძლოა საუბარია რამდენიმე თვითმმართველ ქალაქზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ზუგდიდთან დაკავშირებით რაიმე კატეგორიული პოზიცია გაუქმებაზე არარსებობს ჯერ. თუ დადგა ეს საკითხი, რა თქმა უნდა იგივე პოზიცია მექნება“, - უთხრა მამუკა წოწერიამ „ლაივპრესს“.

საინიციატივო ჯგუფს წარმოადგენდა მოქალაქე მერაბ დანელიაც. ისიც დანარჩენების მსგავსად ემხრობოდა, რომ ზუგდიდს დაბრუნებოდა ქალაქის სტატუსი. დღესაც იგივეს ფიქრობს. ამბობს, რომ შესაძლო ცვლილების და ძველ საზღვრებში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია, რაც სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყო, არ ესიამოვნა. იმ ფონზე, როცა შარშან „ზუგდიდობაც“ იზეიმეს, მისთვის გაუგებარია, რატომ და რისთვის სჭირდებათ ეს ყველაფერი.

„ალბათ არგუმენტებს მაინც მოვისმენთ, თუ რატომ არა. რატომაა ეს ხელის შემშლელი რამესთვის ან ვინმესთვის, მაინტერესებს, თუ რა თქმა უნდა და დგას ეს საკითხი. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მეგობრები ყველგან გვყავს, მაგრამ ფოთს პორტი რომ აქვს იმიტომ ქალაქი უნდა ერქვას და ზუგდიდს პორტი რომ არ აქვს, ამიტომ არა?“, - გვითხრა მერაბ დანელიამ და შენიშნა, რომ თუ ამ სტატუსის გაუქმების საკითხი დადგება დღის წესრიგში, როგორც ზუგდიდელი საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.

პარლამენტში რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის წევრია პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ლაშა დამენია. მისი თქმით, ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ ინიციატივა ჯერ არც სასესიო განხილვაზე და კომიტეტში არ შემოსულა, შესაბამისად არ იცნობს კანონპროექტის დეტალებს. მაგრამ დეპუტატი აღნიშნავს, რომ თუ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ და აღასრულებენ, ეს იქნება როგორც დემოკრატიის, ასევე ქალაქის მართვის თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯი:

„თვითონ გია ჟორჟოლიანი აღნიშნავს, რომ აკეთებენ ეკონომიის მიზნით, რომელიც 14 მილიონს შეადგენს. 14 მილიონის ეკონომიის გამო საქართველოში გააუქმო თვითმმართველი ქალაქები, არ იქნება სწორი. მით უმეტეს, როცა „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები იმდენ პრემიას და დანამატს იღებენ, ორი თვით რომ მოიკლონ და არ აიღონ, შევინარჩუნებთ ამ ქალაქებს“, - ამბობს ლაშა დამენია.

ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 2006 წელს ჩამოერთვა, მაშინ, როცა ხელისუფლების სათავეში „ნაციონალური მოძრაობა“, ლაშა დამენია კი ამ პარტიის წევრი იყო. დეპუტატი ამბობს, რომ ის არც მაშინ ეთანხმებოდა გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან მიიჩნევს - მეტი დეცენტრალიზაცია და ადგილზე უფლებები საჭირო და აუცილებელი პირობაა ქვეყნის განვითარებისთვის.

„ეს არის ის გზა, რომელზეც საქართველომ უნდა იაროს. რაც მეტი უფლებები ექნებათ ადგილზე და მეტი გადაწყვეტილებების მიღება შეეეძლება მოსახლეობას, ხალხი რაც უფრო ახლოს იქნება მუნიციპალურ მმართველობასთან, რა თქმა უნდა უკეთესია. ოღონდ ეს არ უნდა იყოს ფორმალური სახის, თუნდაც როგორც დღეს არის“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა თვითმმართველობის განვითარების და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიმართულებით. ამიტომ მოგვიანებით გამოიკვეთება, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება რეგიონების და თვითმმართველობის გასაძლიერებლად.

ჯერჯერობით უცნობია, შეეხება თუ არა თვითმმართველი ქალაქების შესაძლო შემცირების გადაწყვეტილება ქალაქ ზუგდიდს, რომელმაც ათი წლის წინ ჩამორთმეული სტატუსი მხოლოდ სამი წლის წინ დაიბრუნა. მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ თუ საკითხი დღის წესრიგში დადგება, ის ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი გახდება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში
საკანონმდებლო
18:29 / 13.07.2017
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში საკანონმდებლო
გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამათავრობო ორგანიზაციების
შეფასებით, საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში ხელმძღვანელ
თანამდებობებზე ქალები ნაკლებად
14:36 / 21.06.2017
გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამათავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალები ნაკლებად
ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ,
11:47 / 24.05.2017
ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ,
„ჩემი ზუგდიდი - ჩემი ქალაქი - ზუგდიდისთვის თვითმმართველი
17:47 / 23.05.2017
„ჩემი ზუგდიდი - ჩემი ქალაქი - ზუგდიდისთვის თვითმმართველი
რედაქტორის რჩევით
ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ
„ფრთხილად საჭესთან ქალია“, „საჭე ქალის საქმე არ არის“, - ასეთი შეფასებები
ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ ქალთა სოლიდარობის მარშს ზუგდიდშიც
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.