პოლიტიკა
ზუგდიდისთვის თვითმმართველის სტატუსის მინიჭების ხელმომწერთა პოზიციები ოთხი წლის შემდეგ
„ჩემი ზუგდიდი - ჩემი ქალაქი - ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენის მხარდამჭერთა ხელმოწერები“ - ამ მოთხოვნის გარშემო ჯერ კიდევ 2013 წელს საინიციატივო ჯგუფმა ბევრი მოქალაქე გააერთიანა. დღეს მათი ნაწილი საჯარო სამსახურშია და უკვე იმას ამტკიცებს, რომ მუნიციპალიტეტების შერწყმით არაფერი შავდება, და რომ ზუგდიდი ამ ცვლილებით მხოლოდ მოიგებს. „ლაივპრესმა“ ჰკითხა ხელმომწერებს, შეიცვალეს თუ არა ძველი პოზიცია, და რას ფიქრობენ ისინი თემის და ქალაქის ხელახლა გაერთიანების ინიციატივაზე.

კობა ქანთარია
- სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე

თვითმმართველი ქალაქის სტატუსს დავუჭირეთ ჩვენ თავის დროზე მხარი და დღესაც ვუჭერთ. არავის წაურთმევია. ქალაქი ქალაქად რჩება და უფრო მეტი უფლებებია და დეცენტრალიზაცია. თუ თითიდან გამოწოვილი პრობლემა..რაზეა საუბარი. ჩვენ დავუჭირეთ მაშინ მხარი, საინიციატივო ჯგუფი ვიყავით. ხელმოწერებიც შევაგროვეთ და გაკეთდა ეს. დღეს იგივე უფლებები რჩება იგივე ტრანსფერები და ფაქტობრივად არაფერში არ იზღუდება ქალაქი. მუნიციპალიტეტების გაერთიანებით ზუგდიდი არაფერს კარგავს, იმიტომ, რომ დაფინანსება ცენტრალური ხელისუფლებიდან არ უწყდება, პირიქით, შეიძლება გაიზარდოს კიდეც.

სიმონ პეტრიდისი
- მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო ხელშეკრულებების და ევროკავშირის სამართლის სამმართველოს მრჩეველი

მმართველი გუნდის წარმომადგენელ კობა ნარჩემაშვილს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანაზე თუ ვაჟკაცურად შეუძლია თქვას უარი იმ მოტივით, რომ პატივს სცემს თავის ქალაქს, მაშინ მეც ვიტყვი - ეს არის მცდარი გადაწყვეტილება, რადგან მეც პატივს ვცემ ჩემ ზუგდიდს. მართვისთვის შერწყმა კარგი რომ არაა, ამას მარტივი მაგალითით დავასაბუთებ - იგივე გავაკეთოთ ყველგან, თუ ეგ პოზიტიურ შედეგებს მოიტანს, თუნდაც დედაქალაქში. პირიქით, უფრო მეტი უფლებები უნდა მივანიჭოთ მოქალაქეებს და მათი ჩართულობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში უკეთეს შედეგს მივიღებთ. ხარჯების შემცირებას როგორ გამოიწვევს ეს შერწყმა? თანამშრომლების შემცირებით? თუ ამას ვისახავთ მიზნად წინასაარჩევნოდ, ესეც გაუმართლებელი იქნება იმ რეგიონში, სადაც არჩევნების მოგება ასე რთულია. ამაზე მეორე ტურები და ოპოზიციურ კანდიდატებთან ხმების მინიმალური სხვაობა მეტყველებს.

იზოლდა ხასია
- ზუგდიდის მცხოვრები

ქალაქის პრობლემები ქალაქმა უნდა გადაწყვიტოს. ცენტრალიზაცია არცაა საჭირო. რა იცის ვიღაცამ, მე ზუგდიდში რა პრობლემა მაქვს? მე ჩემი, ჩემი ქალაქის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მქონდეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება. სადაც დასახმარებელია ზემოდან, უნდა დაგვეხმარონ. ასე მესმის. დეცენტრალიზაციის მომხრე ვარ. იყოს თვითმმართველი ქალაქი. რა გაგვიკეთეს ამათ? მივართვით თანამდებობები. ვითომ ავირჩიეთ, მაგრამ ყველა დანიშნული იყო. რას აკეთებენ ხალხის სასარგებლოდ? არც ესენი ვარგა და არც ისინი ვარგოდნენ. ყველა უნდა გაუშვა და უნდა მოვიდეს ძალა, რომელიც ხალხისთვის იზრუნებს. რასაც ვებრძოდით, კომუნისტების ქილა რომ იყო და ყველას იქ უნდა ჩაეყო ხელი, ვისაც მუჭა უფრო დიდი ქონდა, მეტი ამოუვიდოდა. რაღაცნაირად ასე გამოდის. თუ დეცენტრალიზაცია გვინდა, მაშინ დეცენტრალიზაციის პრინციპები უნდა იყოს დაცული დემოკრატიის საფუძველზე.

ვაჟა ფიფია
- საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრი

მე სტატუსის შენარჩუნებაზე ვაწერდი ხელს და დღესაც ამ აზრზე ვარ. ეს უკეთესია, იმიტომ, რომ ქალაქის მოცულობის, სტრუქტურიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიმაჩნია ზუგდიდს ქალაქის სტატუსი ჰქონდეს. ადრე, როცა გაერთიანებულად იყო, წინააღმდეგი ვიყავი გაერთიანების, მაგრამ ახლა, როცა ჩამოყალიბდა სტრუქტურები, მდგომარეობა უკეთესია, თავისი ბიუჯეტი აქვს ქალაქს, რაიონს, მაინც მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ქალაქს ჰქონდეს თავისი სტატუსი. გაერთიანება იყოს, მაგრამ სტატუსი ჰქონდეს ქალაქის. თვითმმართველი - ეს იყო ისე მინიჭებული, თორემ სად იყო თვითმმართველი? მე მინდა ქალაქის სტატუსი ჰქონდეს შენარჩუნებული, როგორც ფოთს, ქუთაისს, და იყოს გაერთიანებული. გაერთიანება იცით რას მოიტანს? ერთი სტრუქტურა იქნება ჩამოყალიბებული. ქალაქზე, რაიონზე, სოფლებზე ერთი სტრუქტურა იქნება პასუხისმგებელი. ამ თვალსაზრისით მხოლოდ. მთავარი არ არის თვითმმართველი. ეს იყო ისე, სიმბოლურად.

ნონა თოლორაია
- პროკურორი

იმ დროს არც ხელი მაქვს მოწერილი და ახლა მით უმეტეს, პოლიტიკურ თემებზე არ ვმუშაობ და ვარ პროკურატურაში, სხვა სტრუქტურაში, სხვა სისტემაში, რომელიც აბსოლუტურად იზოლირებულია პოლიტიკური მოვლენებისგან. რა თქმა უნდა, ზოგადად მესმის, რომ მაშინ იყო ეს პათოსი და განწყობა, რომ ქალაქის სტატუსი ქონოდა და მე დღესაც მაქვს სურვილი, რომ ქონდეს, მაგრამ არის ალბათ გარკვეული ვითარება იმის, რომ ასე მოიქცა ხელისუფლება. მე არ მახსოვს, რომ იქ ჩემი ხელმოწერაცაა. შეიძლება.

გობონ ჯახია
- თანაშემწე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

ის კანონპროექტი, რომელსაც მე ხელს ვაწერდი, შედგებოდა რამდენიმე საკითხისგან, რამდენიმე პრობლემისგან. ერთ-ერთი პრობლემა ეს იყო და მე მაშინ ამას ვეთანხმებოდი. პოზიცია მე არ შემიცვლია, მაგრამ რეფორმა მრავალწახნაგოვანი საქმე და არ შეიძლება ცალმხრივად მიუდგე. რადგან მთავრობა პასუხისმგებლობას იღებს ამ რეფორმის შედეგებზე, უნდა ვაცალოთ. რაც შეეხება იმას, ვამართლებ თუ არ ვამართლებ ამას, მნიშვნელობა არ აქვს და იცით რატომ? იმიტომ, რომ ყოველი რეფორმა შედეგის თვალსაზრისით განიხილება. თუ შედეგი დადებითია, ე.ი. რეფორმამ გაამართლა. ამას მე წინასწარ ვერ განვსაზღვრავ. კი და არას ვერ ვიტყვი, რადგან ასეა თუ ისე, მეცნიერებას ვემსახურები.. და ეს არის ძალიან რთული საკითხი. მე ერთი უბრალო მოხელე ვარ და როგორც მეცნიერი, როგორც პროფესიონალი, სხვა დარგს ვეკუთვნი. თვითმმართველობაში კი ვმუშაობ თანაშემწედ, მაგრამ სხვა დარგს ვკურირებ. ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ვიყავი პრეფექტის მოადგილე. მაშინ ნახეთ როგორ იწოდებოდა - ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის რაიონის პრეფექტურა. პრეფექტურა იყო ერთი და ჰყავდა ორი საკრებულო, რაიონის და ქალაქის საკუთარი აპარატებით. ბალტიისპირეთიდან მოდიოდნენ ჩვენთან ამ სტრუქტურის შესასწავლად. მერე იცით კიდევ რა არის? მე ეს კანონპროექტი არ მინახავს. როგორ შეიძლება იმ დოკუმენტზე ვიმსჯელოთ ახლა მე და თქვენ..და არ მესმის, როგორ შეიძლებოდა დოკუმენტის გაცნობის გარეშე განხილვებული ჩატარებულიყო. ზვიადის დროს არსებულ მოდელს ვემხრობოდი. ეს აჟიოტაჟი, რა ხდება, როგორ არის, რატომ გვართმევენ ქალაქის სტატუსს რადგან ხალხმა მთავრობას მიანდო ეს საქმე, ჩვენ შედეგის თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ ყველაფერი. თუკი არ განხორციელდა ისე, როგორც საჭიროა, ამაზე პასუხისმგებლობას მთავრობა აიღებს. არ წამიკითხავს დოკუმენტი და არც ვიცი შიგნით რა წერია. ამიტომ, კონკრეტულ პასუხს - მომწონს, ან არ მომწონს, ვერ ვიტყვი. ჭადარკში არის ასეთი დათქმა, რომ კაცი, რომელიც ერთ და იგივე სვლას ორჯერ გაიმეორებს, ის არ ითვლება ძლიერ მოთამაშედ. არ შეიძლება ამდენი იქით, აქეთ..პირადი მოსაზრებაა. თუმცა მთავრობას აქვს უფლება, რეფორმები ბოლომდე მიიყვანოს.

ჯამბულ ნაჭყებია
- ზუგდიდის მცხოვრები

ზუგდიდი იყო, არის და დარჩება ქალაქის კატეგორიის დასახლებად. რაც შეეხება თვითმმართველობას, ინიცირებულია წინადადება ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის თემის გაერთიანების საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ. ვიმედოვნებ, სამთავრობო კომისია და საკრებულოები გაანალიზებენ საკითხს პოლიტიკურ, სოციალ-ეკონომიკურ, სამართლებრივ და კულტურულ კონტექსტში და მოსახლეობასთან საჯარო განხილვის კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო პროცესში შეეცდებიან გაყოფა-გაერთიანების საჭიროების დასაბუთებას ობიექტურად დადასტურებული კონკრეტული მონაცემებით.

მე მომავალი ასე მესახება:

თვითმმართველობა ქალაქ ზუგდიდს! და ყველა დასახლებას!

თვითმმართველი ერთეულების მჭიდრო თანამშრომლობა საერთო პრობლემების ეფექტურად და ეფექტიანად გადასაჭრელად, მოსახლეობისათვის სტანდარტზე დაფუძნებული სერვისების მისაწოდებლად.

შუკო ჯიქია
- პოეტი

წინააღმდეგი ვარ გაუქმების. ზუგდიდი სამეგრელოს მეთაური ქალაქია. დავწერე ლექსიც ამასთან დაკავშირებით. 

ზუგიდ გვალო დეჭიჭარუ,
იშენ ქორდ აკაბუცხა,
მუზმაშა რე გინნახონა,
მუზმაშა რე აკნაბურცხა.
ჯვარ გიწერს მადაშენი,
მიანჯირ დო იდიარე.
ქუდი ნოქუდია რე დო,
ზუგიდი ნოზუგიდია რე.

ნოზუგიდიად რომ არ იქცეს, იმიტომ. მე პირსისხლიანი „ოცნების“ წევრი ვარ 2012 წლიდან, მაგრამ ამის წინააღმდეგი ვარ სასტიკი. მაგრამ მინდა, რომ ზუგდიდი იყოს ქალაქი, და ჰქონდეს ქალაქის სტატუსი. იქ რა არის ჩადებული, მე ჯერ არ ვიცი, ვერ ვერკვევი ამაში. თუ მაქვს ხელი მოწერილი თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მოთხოვნაზე, არ მახსოვს, მაგრამ თუ ასეა, სწორად მომიწერია. იგივე აზრზე ვდგავარ ახლაც. მერაბ ქვარაიას დიდ პატივს მცემ, მაგრამ ბოდიში მასთან, ამჯერად ვერ გამოვყვები. გუშინწინ ჩხოროწყუში ვიყავი. გავყევი რაგბისტებს. წარმოშობით ჩხოროწყუელი ვარ და ზრდილობით ზუგდიდელი, აქ გავიზარდე. ზუგდიდს ვგულშემატკივრობდი, იმიტომ, რომ ის მინდა იყოს ნომერ პირველი და მასზე იყოს სწორება.

„ლაივპრესი“ დაუკავშირდა „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელ დავით ვერავასაც, რომ მისი, როგორც ერთ-ერთი ხელმომწერის პოზიცია მოგვესმინა: „ქალაქში არ ვარ და ინფორმაციაც არ მაქვს, რა ხდება და როგორ ხდება. ამიტომ პასუხს ვერ გაგცემთ“.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 22 მაისს, დაპირისპირების და პროტესტის ფონზე მოიწონა რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის ინიციატივა. უფრო ადრე აღნიშნულ წინადადებას მხარი თემის საკრებულომაც დაუჭირა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
აფხაზეთში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი
ჯერ კიდევ გრძელდება.
17:48 / 10.10.2017
აფხაზეთში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე ზუგდიდელებს
არჩევანის გაკეთება
11:46 / 29.09.2017
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე ზუგდიდელებს არჩევანის გაკეთება
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.