პოლიტიკა
სოხუმის და მოსკოვის შესაძლო უარი ჟენევის ფორმატს - საერთაშორისო მოლაპარაკებების მომავალი
ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელშიც პირველად დაფიქსირდა კონფლიქტის საქართველოს და რუსეთს შორის არსებობა, სოხუმი და მოსკოვი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის შესაძლო ჩაშლაზე ალაპარაკდნენ. თბილისის მხრიდან უპრეცედენტოდ შეფასებულმა დეკლარირებულმა გადაწყვეტილებამ, რუსეთის ფედერაცია და დე ფაქტო ხელისუფლება ერთდროულად გააღიზიანა. გავრცელებულ განცხადებებშიც გაჩნდა მინიშნება, რომ მსგავსი მიდგომების შენარჩუნების პირობებში, ისინი გადახედავენ ამ ფორმატის გაგრძელების მიზანშეწონილობას.

„ევროპული სტრუქტურების მხრიდან ასეთმა ცალმხრივმა და მიკერძოებულმა მიდგომამ, რომლითაც მხარს უჭერენ საქართველოს, საბოლოო ჯამში შესაძლოა მიგვიყვანოს ჟენევის დისკუსიის ფორმატის ჩაშლაზე“, - აღნიშნავს სოხუმი.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს დელეგაცია მუდმივად ამბობს უარს კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე. ამ სიტუაციაში კი, მოსკოვს უწევს სერიოზულად დაფიქრდეს არსებული ფორმატით ჟენევის შეხვედრების გაგრძელებაზე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ქართული დელეგაცია დისკუსიებში საქმიანად და კონსტრუქციულად არის ჩართული, განსაკუთრებით მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრის კუთხით, რაც ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია თემების პოლიტიზირების გარეშე. სწორედ ამიტომ, მან გამოთქვა იმედი, რომ შეხვედრების შეფერხება ხელოვნურად არ მოხდება.

„ქართული მხარე კვლავაც გეგმავს ამგვარი მონაწილეობის გაგრძელებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელოვნურად არ შეფერხდება თავისი შინაარსით და მნიშვნელობით ამ ერთადერთი ფორმატის მუშაობა“, - უთხრა მინისტრმა „ლაივპრესს“.

ქეთევან ციხელაშვილისვე განმარტებით, ევროპის საბჭო და საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მყარად უჭერს მხარს, და ეს არის რეალობა, რომელიც ყველა მხარისთვის, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებისთვის კარგად არის ცნობილი.

მოსკოვის განცხადებას განცხადებითვე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მისი თქმით, დაფიქსირებული პოზიციით ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია დაშორებულია საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. შექმნილ ვითარებაში, მინისტრისვე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს შესაბამისი პრინციპების საფუძველზე კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების პროცესს და აკეთებს ყველაფერს ვითარების დასარეგულირებლად. ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობა, ჯანელიძის თქმით, სწორედ ამას ემსახურება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ფიქრობს, რომ საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობა პირველ რიგში მოსოვის და სოხუმის ინტერესებშია, ამიტომ მისი ჩაშლა სიკეთეს არავის მოუტანს.

ვახტანგ ყოლბაიასვე თქმით, საერთაშორისო დოკუმენტებში არაერთხელ თქმულა რუსეთის როლის შესახებ, ამიტომ ამაში ახალი არაფერია. განმარტავს - უმჯობესია ყველაფერს საკუთარი სახელი დაერქვას, რათა უფრო გაბედულად და ეფექტურად წარიმართოს პროცესები მომავალში.

„ჯერ კიდევ 1996 წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა თავის დადგენილებაში, რომელიც ეხებოდა კონფლიქტის მოგვარების საკითხს, რუსეთი არის მოხსენიებული, როგორც მხარე კონფლიქტში. რა თქმა უნდა, რუსეთის მაშინდელ ხელისუფლებასაც მაშინ ეს არ მოეწონა, მაგრამ რეალობა რეალობად რჩება. დღეს ამგვარი რეაქცია არის რეალობის ასახვა“, - უთხრა ვახტანგ ყოლბაიამ „ლაივპრესს“.

პოლიტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილიც ფიქრობს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არ შეწყდება ზუსტად იმავე მიზეზების გათვალისწინებით, რაზეც ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე საუბრობს. მისი თქმით, გავრცელებული განცხადება არა იმდენად გაფრთხილება, არამედ უფრო სავალდებულო რეაქციაა ევროსაბჭოს კომიტეტის გადაწყვეტილებაზე. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ თუკი უკიდურესი სიტუაცია არ შეიქმნება, მოსკოვი ჟენევის ფორმატზე უარს არ იტყვის.

„რაღაც რეაგირება ხომ უნდა მოეხდინათ? მთლად ისე ვერ გაატარებდა, რუსეთია ხომ? ამიტომ ჟენევის ფორმატს მიადგა. თუმცა ჟენევის პროცესი პირველ რიგში არის რუსეთის ინტერესებში, იმიტომ, რომ თითქოს რაღაც სახეს უნარჩუნებს და პროცესშია ჩაბმული. თითქოს მთლად იზოლაციაში არ არის მოხვედრილი ამ პროცესიდან გამომდინარე. სავალდებულო რეაქცია უნდა გამოევლინა და ეს რეაქცია გამოხატა. სხვა ვერაფერი არგუმენტი ვერ მოიფიქრა“, - უთხრა ზურაბ ბენდიანიშვილმა „ლაივპრესს“.

პოლიტოლოგის თქმით, რუსეთმა შესაძლოა დაიწყოს გარკვეული სახის ვაჭრობა და წინაპირობებზე საუბარი, თუმცა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი აუცილებლად შენარჩუნდება.

რაც შეეხებათ აფხაზებს და მათ ინტერესს აღნიშნული პლატფორმის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, განმარტა:

„აფხაზეთს და ცხინვალს მართალი გითხრათ საერთოდ არ ადარდებთ, იმიტომ, რომ ამ პროცესისგან თავის აღიარებას არ ელოდებიან. ისინი რუსეთთან ერთად არიან და არანაირი ოფიციალური სტატუსი ამ მოლაპარაკებებში კიდევ მათ არ გააჩნიათ“, - გვითხრა ზურაბ ბენდიანიშვილმა და აღნიშნა, რომ სოხუმის განცხადება ძირითადად მოსკოვისგან მიწოდებული პოზიციის გამეორებაა და მეტი არაფერი.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ივნისის თვეში გაიმართება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
გალში, ინციდენტრების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის
შეხვედრაზე უცვლელი რჩება განსახილველი მთავარი საკითხები, რომელსაც
19:25 / 19.09.2017
გალში, ინციდენტრების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე უცვლელი რჩება განსახილველი მთავარი საკითხები, რომელსაც
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში
საკანონმდებლო
18:29 / 13.07.2017
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში საკანონმდებლო
გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამათავრობო ორგანიზაციების
შეფასებით, საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში ხელმძღვანელ
თანამდებობებზე ქალები ნაკლებად
14:36 / 21.06.2017
გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამათავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალები ნაკლებად
„ჩემი ზუგდიდი - ჩემი ქალაქი - ზუგდიდისთვის თვითმმართველი
17:47 / 23.05.2017
„ჩემი ზუგდიდი - ჩემი ქალაქი - ზუგდიდისთვის თვითმმართველი
რედაქტორის რჩევით
შარშან, ივნისის თვეში „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის სოფელ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.