პოლიტიკა
ქალები პოლიტიკაში ზუგდიდის მაგალითზე
გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამათავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი.

ამ მხრივ ზუგდიდის მონაცემებს თუ გადავხედავთ, აბსოლუტურად დაუბალანსებელ სურათს მივიღებთ. ქალაქის მერიაში ათი სამსახურიდან ოთხის უფროსი ქალია, 32 განყოფილებიდან კი ათის. მუნიციპალიტეტის გამგეობის ათი სამსახურიდან ორს ქალი ხელმძღვანელობს, 31 განყოფილებიდან კი ცხრას.

რაც შეეხება წარმომადგენლობით ორგანოებს, ქალაქის საკრებულოში 15 დეპუტატიდან სამი ქალია, ერთ-ერთი მათგანი საკრებულოს თავმჯდომარე. მუნიციპალიტეტის საკრებულოში 45 დეპუტატიდან მხოლოდ ოთხია ქალი, აქედან ორი მაჟორიტარი დეპუტატი, ორი კი პროპორციული სიიდან.

არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ არსებული მაჩვენებელი ჯერ კიდევ უთანასწოროა. მათი შეფასებით, იკვეთება ორი ძირითადი მიზეზი: პირველი - პოლიტიკური პარტიები პროპორციულ სიებში ქალებს ბოლოში აქცევენ, რაც მათ არ უტოვებს შანსს მოხვდნენ გამარჯვებულთა რიგებში, და მეორე - ხშირ შემთხვევაში ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში შემოიფარგლება მხოლოდ მათი ერთჯერადი დასაქმებით უბნის, ზონის კოორდინატორად, ან საარჩევნო კომისიებში.

მოსაზრებას იზიარებს ზუგდიდში მოქმედი ორგანიზაციის „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ციცინო შენგელია. ის 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიიდან. ამბობს, რომ მაშინ საკუთარ თავზე გამოსცადა ყველა ის სირთულე და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული მიდგომები, რასაც ქალი კანდიდატები აწყდებიან.

ციცინო შენგელიას სიტყვებით, საქმე გვაქვს კომპლექსურ პრობლემასთან, რომ კაცი კანდიდატისგან განსხვავებით საზოგადოება ქალს აყენებს ბევრი შეფასებითი კითხვის წინაშე - თუ კარგი დედაა, თუ კარგი შვილია, თუ კარგი დიასახლისია, მაშინ რატომ რჩება მას დრო პოლიტიკისთვის?!

„შეხვედრებზე ხშირად მეკითხებოდნენ, თუ გყავს ოჯახი? რამდენი შვილი გყავს? - ერთი შვილი. აი აქ უკვე დამატებით ეჭვქვეშ დგებოდა ჩემი, როგორც ქალის რეპროდუქციული ფუნქცია და ჩემი, როგორც ქალის ფუნქცია, რადგან ერთი შვილი არ არის საზოგადოებაში მიღებული და შესაბამისად დამატებითი კითხვის ნიშნები ჩნდებოდა. აჰა, ერთი შვილი ჰყავს და პოლიტიკაში მოსვლა უნდა“, - ამბობს ციცინო შენგელია.

პოლიტიკაში მოსვლა არ გაჭირვებია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ ედიტა კოდუას. ის სოფელ აბასთუმნის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატია. ამბობს, რომ მას თანასოფლელებმა როგორც ბიზნესში გამოცდილ ქალს და ქველმოქმედს, არჩევნებში გამარჯვებისთვის მხარდაჭერა გამოუცხადეს.

გვითხრა, რომ თავიდან მმართველი პოლიტიკური პარტია მის გამარჯვებაში დარწმუნებული არ იყო.

„როდესაც ვაპირებდი მაჟორიტარი გავმხდარიყავი „ქართული ოცნების“ მხრიდან, რატომღაც აღმოვჩნდი პროპორციული სიის მიღმა და არ დამასახელეს მაჟორიტარად. მე არ შევშინებულვარ, დავრეგისტრირდი საინიციატივო ჯგუფიდან. მინდოდა დამემტკიცებინა კაცებისთვის, რომ ქალებს შესწევთ ძალა უთანასწორო ბრძოლაშიც მიაღწიონ გამარჯვებას. მე ბრწყინვალე გამარჯვება მოვიპოვე“, - ამბობს ედიტა კოდუა და შენიშნავს, რომ ახლა მას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები სთავაზობენ თანამშრომლობას.

მართალია მძიმე შრომის ფასადო - ამბობს საკრებულოს წევრი, მაგრამ არ უძნელდება და ახერხებს აკეთოს ბიზნესი, ჩაერთოს სამოქალაქო პროექტებში, იყოს სამი შვილის დედა და დიასახლისი.

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი ეკა მინჯორაია ამბობს, რომ საქართველოში წარმატების მისაღწევად ქალს ორმაგი შრომა უწევს. მისივე სიტყვებით, რა ეტაპზეც ახლა არის ქვეყანა სოციალურ-ეკონომიკური განვითარებით, აქედან გამომდინარეობს სწორედ გენდერული და სოციალური უთანასწორობა.

„ჩვენთან ჯერ კიდევ სტერეოტიპული მიდგომებია ქალი პოლიტიკოსის მიმართ და აღიქმება, რომ ეს არის ასპარეზი ძლიერთათვის, ანუ მამაკაცებისთვის და არა ქალებისთვის. ოჯახი ქალისგან მოითხოვს ძალიან დიდ ენერგიას, შრომას. დიდი შრომა უწვეს, სადაც დასაქმებულია იქაც“, - გვითხრა ეკა მინჯორაიამ.

რესპონდენტები თანხმდებიან, რომ პოლიტიკაში კვოტირების სისტემა იქნება ხელშეწყობა, რათა ქალებსაც ჰქონდეთ მეტი მოტივაცია ჩაერთონ პოლიტიკაში.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
გალში, ინციდენტრების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის
შეხვედრაზე უცვლელი რჩება განსახილველი მთავარი საკითხები, რომელსაც
19:25 / 19.09.2017
გალში, ინციდენტრების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე უცვლელი რჩება განსახილველი მთავარი საკითხები, რომელსაც
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში
საკანონმდებლო
18:29 / 13.07.2017
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში საკანონმდებლო
ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ,
11:47 / 24.05.2017
ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ,
„ჩემი ზუგდიდი - ჩემი ქალაქი - ზუგდიდისთვის თვითმმართველი
17:47 / 23.05.2017
„ჩემი ზუგდიდი - ჩემი ქალაქი - ზუგდიდისთვის თვითმმართველი
რედაქტორის რჩევით
შარშან, ივნისის თვეში „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის სოფელ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.