პოლიტიკა
ზუგდიდის მერობის კანდიდატთა დაპირება ამომრჩევლებს ერთი სიტყვით
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე ზუგდიდელებს არჩევანის გაკეთება მერობის შვიდ კანდიდატს შორის მოუწევთ.

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, ბლოკ „დიმიტრი ლორთქიფანიძე კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“, „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“, ბლოკ „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოს“ და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი დაარეგისტრირა.

მათგან საარჩევნო პროგრამის გაცნობის მიზნით მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მხოლოდ რამდენიმე აწარმოებს. მათ შორის არის მერობის ერთადერთი ქალი კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“ ლელა ქებურია. ის არჩევის შემთხვევაში სოციალური პროგრამის და სოფლის მეურნეობის გაუმჯობესების პირობას დებს:

„მთავარი გამოწვევაა სოციალური პრობლემები, მთავარი გამოწვევაა ის მავნებელი, რომელიც ახლა აზიური ფაროსანას სახით შემოესია ზუგდიდს. არცერთი ამ პრობლემის მოგვარება ხელისუფლებას არ შეუძლია. ევროპული საქართველო არის ის გუნდი, რომელსაც აქვს გამოცდილებაც და კომპეტენციაც“, - ამბობს ლელა ქებურია.

აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დომენტი (ზვიად) სიჭინავაც. ის ირწმუნება, რომ მერად არჩევის შემთხვევაში ჩამოაყალიბებს სოციალურ ფონდს, სადაც თანხების ჩარიცხვის მსურველი რამდენიმე ინვესტორი უკვე მოძიებული ჰყავს:

„ჩემი პროგრამის აქცენტია უფრო მეტი სამუშაო ადგილი და ბრძოლა ამდენ პრემიებთან, დანამატებთან და გაბერილ შტატებთან. უფრო მეტი სარგებელი ხალხს“.

მოსახლეობასთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში აქვს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატ ლაშა გოგიას. ამბობს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი-ორად გაიზრდება. მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება დასაქმებაა:

„ამ მხრივ წლის ბოლოს ანაკლიაში დაიწყება ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, სადაც ათასობისთ ადგილობრივი ზუგდიდელი დასაქმდება“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ლევან კონჯარიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ გამარჯვების შემთხვევაში წლების წინ დაწყებულ და მმართველი პარტიის მიერ შეჩერებულ აღმშენებლობის პროცესს გააგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალიტები კანდიდატის საარჩევნო შეხვედრების შესახებ არავის დაუუწყებია, მერობის კანდიდატი ირწმუნება, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად აწარმოებს:

„ჩვენ მოვსპობთ ნეპოტიზმს, ჩვენ მოვსპობთ კორუფციას და დავიწყებთ მშენებლობას ძალიან ჩქარი ტემპით“.

აქტიურ საარჩევნო კამპანიას „მწირი ფინანსური რესურსების გამო“ ვერ აწარმოებს „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ კანდიდატი გოგიტა ბიგვავა. მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა სარიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ შესაძლებლობების ფარგლებში ახერხებენ სოფლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს. მთავარი მიზანი კი გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივ თვითმმართველობაში პროფესიონალების დასაქმებაა:

„ჩვენთან დღემდე არის საკადრო პოლიტიკა პრობლემა, რაც არის მთავარი წინაპირობა იმისა, რომ მომავალში გატარებული რეფორმები იყოს ეფექტური. უნდა დასრულდეს ეს ნეპოტიზმი“.

მწირ ფინანსებს უკავშირებს ნაკლებად აქტიურ საარჩევნო კამპანიას ბლოკ „დიმიტრი ლორთქიფანიძე კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი ზურაბ ჯინჯოლავა. მისი განცხადებით, საარჩევნო ბლოკი კანდიდატების ოფიციალურად წარდგენას 7 ოქტომბერს გეგმავს. ზურაბ ჯინჯოლავა ამბობს, რომ გამარჯვების შემთხევაში მთავარი ამოცანა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პარალელურად, უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევა იქნება:

„უმუშევრობის დაძლევაზე ასეთი გეგმა გვაქვს: ძირითადად ინვესტიციების მოზიდვა, რადგან ბუნებრივია თვითმმართველობა ვერ დაასაქმებს მოქალაქეებს, ძირითადად ბიზნესზე ვაკეთებ აქცენტს“.

სახელი და გვარის გარდა უცნობია თუ ვინ არის და რას ჰპირდება ზუგდიდელებს საარჩევნო ბლოკ „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი გიზო სტურუა. მისი საკონტაქტო ნომრის მოწოდებაზე „ლაივპრესს“ უარი უთხრა ბლოკის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თამარა ჯინჭარაძემ.

მისი სიტყვებით, „ყველა კანდიდატს არ აკეთებინებს კომენტარს“ და ურჩევნია თავად მიაწოდოს მედიას საარჩევნო პროგრამა.

„ამ შემთხვევაში მირჩევნია, რომ მე რასაც მოგაწვდით იმით იხელმძღვანელოთ, თუ თქვენთვის არის დამაკმაყოფილებელი, თუ არა და რას ვიზამთ, გამოგვტოვეთ“, - აღნიშნა ჯინჭარაძემ.

„ლაივპრესის“ შეკითხვის პასუხოდ, რომ მათი ბლოკის საარჩევნო კანდიდატს არავინ იცნობს, აღნიშნა, რომ „არაუშავს“.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
აფხაზეთში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი
ჯერ კიდევ გრძელდება.
17:48 / 10.10.2017
აფხაზეთში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
ოთარ ჯღარკავა და ჯემიკო ოკუჯავა იმ პატიმრებს შორის არიან, რომლებიც
შარშან, მარტის
12:54 / 27.09.2017
ოთარ ჯღარკავა და ჯემიკო ოკუჯავა იმ პატიმრებს შორის არიან, რომლებიც შარშან, მარტის
გალში, ინციდენტრების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის
შეხვედრაზე უცვლელი რჩება განსახილველი მთავარი საკითხები, რომელსაც
19:25 / 19.09.2017
გალში, ინციდენტრების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე უცვლელი რჩება განსახილველი მთავარი საკითხები, რომელსაც
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში
საკანონმდებლო
18:29 / 13.07.2017
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში საკანონმდებლო
რედაქტორის რჩევით
აფხაზეთში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. ზუგდიდის ტექნოპარკში ტრენერის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.