რეკლამა
კახა კალაძემ თბილისის მერის მოადგილეები წარადგინა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერი და თბილისის მერის დანარჩენი მოადგილეობის კანდიდატები წარადგინა.

როგორც კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე იქნება, ხოლო მოადგილეების თანამდებობას მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი დაიკავებენ.

რაც შეეხება კახა კალაძის კიდევ ერთ მოადგილეს, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება, ილია ელოშვილი თბილისის მერიაში გადაინაცვლებს და მერის მოადგილის პოსტს დაიკავებს.

„მე წარმოვადგინე შვიდ ძირითად პოლიტიკაში ჩაშლილი საარჩევნო პროგრამა - ქალაქის განვითარების ხედვა. სწორედ პროგრამაში წარმოდგენილი ხედვები იქნება ჩვენი ძირითადი სამოქმედო გეგმა. ამ მასშტაბური პროგრამის აღსრულებას, თქვენს მხარდაჭერასთან ერთად, კომპეტენტური და ენერგული ადამიანებით დაკომპლექტებული, ძლიერი გუნდი სჭირდება. ირაკლი ხმალაძე მთელი საარჩევნო კამპანიის დროს ჩემ გვერდით იყო. ის წლების განმავლობაში, ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობდა, რომელთან ერთადაც ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი განხორციელდა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება მაია ბითაძეს, კახა კალაძის თქმით, ის წლების განმავლობაში გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე და აღნიშნულ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური კადრი იყო.

„მაია ბითაძე ჩემს გუნდს წინასაარჩევნოდ შემოუერთდა და ამ მოკლე დროში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სამომავლო გეგმების ფორმირებაში. მინდა მას წარმატება ვუსურვო და მჯერა, რომ ის ქალაქის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ქალაქის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე რჩება გიგა ნიკოლეიშვილი, რომელიც საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად განაგრძობს.

მერის მოადგილეობის შემდეგ კანდიდატურას - ირაკლი ბენდელიანს კახა კალაძის განცხადებით, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს და ენერგეტიკის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული.

რაც შეეხება მეხუთე მოადგილის თანამდებობას, მას ილია ელოშვილი მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების დასრულების შემდეგ დაიკავებს. მომდევნო დღეებში კი, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატურები დასახელდება.

ბიოგრაფიები

1. ირაკლი ხმალაძე - 2013-2017 წლებში იკავებდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას; 2008-2013 წლებში იყო ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ხოლო მანამდე, მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. იყო ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი და იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

2000-2005 წლებში, სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე, ხოლო 2015 წელს გავლილი აქვს CAC ფინანსური მენეჯმენტის კურსი.

2. მაია ბითაძე - 2014-2017 წლებში იკავებდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2011-2014 წლებში, იყო ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2012 წლიდან დღემდე, არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2015 წლიდან დღემდე - გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრის ბიუროს თავჯდომარე.

2007 წელს მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი - მაგისტრის ხარისხი.

3. გიგა ნიკოლეიშვილი - 2016 წლის თებერვლიდან აგვისტომდე, იკავებდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას, ხოლო 2016 წლის აგვისტოდან დღემდე, იყო თბილისის მერის ერთ-ერთი მოადგილე. 2008-2010 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, 2004-2006 წლებში კი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების სამმართველოს უფროსი.

დამთავრებული აქვს ლუიზიანას შტატის პოლიციის აკადემია, ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია და თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი. არის სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი და მინიჭებული აქვს მაიორის წოდება. 1999 წელს, დაჯილდოვებულია „მხედრული მამაცობისთვის“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით.

4. ილია ელოშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც 2012-2017 წლების განმავლობაში, გარკვეული ვადით, ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა. მანამდე კი, საქმიანობდა კერძო ბიზნესში, იყო ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ბიზნესის სპეციალობის დაუფლების შემდეგ, სწავლა განაგრძო უცხოეთში, მათ შორის, 2005 წელს დაეუფლა ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობას ჰოლანდიის პროფესიული განათლების უნივერსიტეტში. 2011 წელს კი, აშშ-ის სამხედრო ინჟინრების ასოციაციაში მიიღო ზედამხედველობის სპეციალისტი ხარისხი.

5. ირაკლი ბენდელიანი - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი; 2007-2017 წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში. ასევე, საქმიანობდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და ევროპის აკადემიურ ცენტრში. პროფესიით არის იურისტი, დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული