სამართალი
გამგეობიდან გათავისუფლებულთა საქმეზე მოსამართლე განაჩენს მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს [ვიდეო]
ზუგდიდის სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე, გამგეობიდან გათავისუფლებული მაია ღურწკაიას და ქეთო ტაბაღუას საქმეზე მოწმის სახით მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შვიდივე წევრი დაიკითხა, მათ შორის ამ კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია. მან სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა. დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს კომენტარზე უარი საზოგადოება „ზუგდიდელის“ და კომისიის წევრმა მურმან ნაჭყებიამაც უთხრა.

რაც შეეხება დანარჩენ წევრებს, მათმა უმრავლესობამ ვერ გაიხსენა, თუ რა კითხვები ჰქონდათ კონკურსში მონაწილე აღნიშნული პირების მიმართ, ან რატომ შეაფასეს ისინი სუსტად და დაკავებული თანამდებობებისთვის შეუსაბამოდ.

დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხეს გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი და კომისიის წევრი ბაკურ კვეტენაძე. მან სასამართლოს უამბო 4 თვის წინ ჩატარებული ატესტაციის პროცესზე. ბაკურ კვეტენაძემ ვერ გვითხრა დეტალები, თუ რატომ შეაფასა კონკურსის მონაწილეები სუსტად, რადგან განმარტა, რომ რამდენიმე თვეა გასული მას შემდეგ და ბევრ ადამიანთან ჰქონდა პროცესის განმავლობაში შეხება:

„თუმცა იყო რამდენიმე საკვანძო საკითხი, მათ შორის კომუნიკაბელურობა, თავის წარმოჩენა, წერითი დავალების შესრულების შეფასება“.

რაც შეეხება მოსარჩელეთა პრეტენზიებს პოლიტიკური მოთხოვნით გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ბაკურ კვეტენაძეს ეს არგუმენტი სუსტად მიაჩნია.

დაიკითხა გამგეობის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი ბესიკ ჭეჟიაც. მისი განმარტებით, იყო კითხვები, თუ რა კრიტერიუმებით მოხდა უკვე ყოფილი თანამშროლების შეფასება.  

„როგორც აღმოჩნდა, ერთისთვის მიმიცია დამაკმაყოფილებელი, მეორისთვის არადამაკმაყოფილებელი შეფასება (ქეთო ტაბაღუას. ავტ.)“, - გვითხრა ბესიკ ჭეჟიამ და დასძინა, რომ მაია ღურწკაიას იცნობდა, მეორე მოსარჩელე კი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე აღიდგინა.

კომისიის წევრი ვერ იხსენებს, თუ რამ განაპირობა მისი ამგვარი შეფასებები, თუმცა ირწმუნება - იმ წუთას იყო აბსოლუტურად თავისუფალი და არავითარი დაინტერესება კონკრეტული კონკურსანტის მიმართ არ ჰქონია.

შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია „პროფკავშირებიდან“ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრ ლავრენტი ალანიას. მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მოსარჩელეები საშუალოდ შეაფასა და დააფიქსირა პოზიცია, რაც ინდივიდუალურად აპლიკანტს ეკუთვნოდა. ვერც ლავრენტი ალანიამ გვითხრა, თუ რატომ დაიმსახურეს ამ ადამიანებმა მსგავსი შეფასებები მისი მხრიდან, რა კითხვებს გასცეს პასუხი, ან ვერ გასცეს. თუმცა, მოწმის განმარტებით, პასუხისმგებელია იმ ოქმზე, სადაც ხელმოწერას აფიქსირებს. კომისიის წევრმა აღნიშნა, რომ თითქმის კონკურსის არცერთი მონაწილისთვის არ დაუსვამს კითხვები, რადგან დანარჩენმა წევრებმა ჰკითხეს მათ, რაც თავადაც აინტერესებდა, რაც შესაბამისი დასკვნების გამოსატანად საკმარისი აღმოჩნდა.

დღესვე დაიკითხა გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერიაც. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო არა პოლიტიკური მოტივით, არამედ ატესტაციის და გასაუბრების ეტაპების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია - მისი გადაწყვეტილებით, ეს ორი ადამიანი სუსტად შეეფერებოდა იმ პოზიციებს, სადაც მუშაობდნენ. მამუკა წოწერიას განმარტებით, ქეთო ტაბაღუა „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია, რაც ადასტურებს, რომ ობიექტური კრიტერიუმებით მოხდა მისი შეფასება. რაც შეეხება მაია ღურწკაიას, გამგებლის მოადგილემ პოლიტიკური საბაბი აქაც გამორიცხა და განმარტა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები ახლაც მუშაობენ გამგეობაში, შესაბამისად ამ არგუმენტს ვერ გაიზიარებს.

მამუკა წოწერიასთან ერთად დაიკითხა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი მაიზერ ნანავაც. მისი სიტყვებით, სასამართლოს მიაწოდა ზუსტი და მართალი ინფორმაცია, თუ როგორ შეკითხვებს სვამდა გასაუბრებაზე და რამდენად სამართლიანი იყო ის. მაიზერ ნანავას თქმით, სულ 24 კრიტერიუმის გათვალისწინებით მოხდა საჯარო მოხელეთა შეფასება, რის შედეგადაც მიიჩნია, რომ ამ ადამიანებს სუსტი მენეჯერული თვისებები აღმოაჩნდათ.

მოსარჩელეების განცხადებით, მოწმეების დაკითხვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ატესტაციის პროცესის არაობიექტურობა, რომ ის იყო აბსოლუტური ბლეფი. მაია ღურწკაიას თქმით, გასათავისუფლებელთა სია წინასწარ იყო შედგენილი გუბერნატორის, მაშინდელი გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის, ედიშერ თოლორაიას და ლაშა გოგიას მიერ, „არასასურველი ადამიანების“ ჩამოცილების მიზნით.

„ჩვენ ვნახეთ ამ კომისიის უსუსურობა. რომელსაც დღეს არცერთს არ ახსოვს რა კითხვები დაგვისვეს, როგორ შეგვაფასეს“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს დათხოვნილთა ადგილას თავიანთი ახლობლების და ნათესავების დასანიშნად დასჭირდათ.

მოსარჩელეთა ინტერესების დამცველ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტ ლელა მოწონელიძის განცხადებით, ეს ადამიანები მოწმის სახით სასამართლომ იმის გამო მოიწვია, რომ არ არსებობდა გასაუბრების ეტაპის სხდომის ოქმი, არც ხელნაწერი და ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერები, რომლითაც იქნებოდა შესაძლებელი მისი მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების. თუმცა, ადვოკატმა გვითხრა, რომ დღევანდელმა სხდომამ მათ ვერ მისცა ის შედეგი, რისთვისაც დაიბარეს კომისიის წევრები.

„ვინაიდან ყველა ერთხმად აცხადებდა, რომ არ ახსოვთ კითხვები, და ვერ გავიხსენებ ერთ კითხვასაც კი, მათ მიერ გახსენებულს ორივე კანდიდატთან დაკავშირებით. ამიტომ მიზანი, შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ არ არის მიღწეული, ვერ გადავამოწმეთ გასაუბრების ეტაპის მიმდინარეობა“, - განმარტა მან.

ლელა მოწონელიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები არ იძლევა შეფასების საფუძველს, რომ პროცესი გამჭვირვალედ და ობიექტურად წარიმართა, რომ გადაწყვეტილებები აპოლიტიკური ნიშნით მიიღო. მისივე თქმით, რადგან გამჭვირვალობის პროცესია დარღვეული, ჩნდება ეჭვები სხვა გარემოებების დარღვევასთან დაკავშირებითაც.

თავის მხრივ, გამგეობის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომისიამ ობიექტურობის და მიუკერძოებლობის, ყველა კონკურსანტის თანაბარ პირობებში ჩაყენების პრინციპებით იხელმძღვანელა, რომი სინი ყველას მიმართ ერთნაირად კეთილგანწყობილები იყვნენ.  მოპასუხე მხარის იურისტის ასმათ ბერაის თქმით, დაფიქსირდა ცალკეულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის ფაქტები როგორც გასაუბრების, ასევე წერითი დავალების ეტაპზე, რის გამოც კომისიამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

მათ ამ პოზიციას დაეთანხმა ამჟამად გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მაგდალინა თოდუა, რომელიც დღეს მაია ღურწკაიას პოზიციაზე მოვალეობის შემსრულებელია. მან სხდომაზე აღნიშნა, რომ აქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, რასაც არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბის სერთიფიკატებიც მოწმობს. მათ შორის, მაგდალინა თოდუამ გაიხსენა, რომ ის მანამდე საკრებულოს პრესსამსახური იყო, სადაც კონკურსის წესით დაინიშნა და გაიარა ის ეტაპები, რაც „მაიამ ჯერ ვერ, შემდეგ კი როგორღაც გაიარა და მოხვდა აღნიშნულ პოზიციაზე“.

ამ ნათქვამს არ დაეთანხმა მაია ღურწკაია და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის მიმართ დისკრიმინაციას, ასევე უნდობლობა გამოუცხადა კომისიის წევრებს და მათ გადაწყვეტილებას.

მოსარჩელე მხარეს რამდენიმე მოთხოვნა აქვს. მათ შორის ბათილად ცნონ გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, მაია ღურწკაიას და ქეთო ტაბაღუას გათავისუფლების შესახებ. ასევე, ითხოვენ სამსახურში აღდგენას და გაცდენილ პერიოდში დაგროვილი ხელფასის და პრემიის, თუ სახელფასო დანამატის ანაზღაურებას. ამ მოთხოვნებს მოპასუხის მხარის იურისტები არ ეთანხმებიან. 

აღნიშნულ საქმეზე მოწმეთა დაკითხვები დასრულდა. მოსამართლე მანუჩარ ცაცუა განაჩენს 7 მარტს გამოაცხადებს.

ზუგდიდის გამგეობაში ატესტაცია 17, 18 და 19 ნოემბერს ჩატარდა. შედეგად სამსახურიდან 28 თანამშრომელი გათავისუფლდა. აქედან 11-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში. მათი ნაწილის ინტერესებს საია, ნაწილისას კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავს.