სამართალი
სადავო შეხვედრა - ზუგდიდის გამგებლის და ყოფილი თანამშრომლების სასამართლო ჩვენებები
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის გამგებელმა შვიდი სოფლის წარმომადგენელი, ატესტაციის შედეგების საფუძველზე სამსახურიდან დაითხოვა. ყოფილმა საჯარო მოსამსახურეებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ მათი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა. კერძოდ, სასამართლოში დაკითხვისას თითოეულმა მათგანმა აღნიშნა, რომ „დაისაჯნენ“ პარლამენტის არჩევნების [2016 წელი] პირველ ტურში „არასათანადოდ“ მუშაობისთვის, ატესტაცია კი საბაბად გამოიყენეს.

სოფელ ყულიშკარის, ახალაბასთუმნის, ერგეტის, ოქტომბერის, ჩხოუშის, კოკის და შამგონის ყოფილი წარმომადგენლების მტკიცებით, ისინი არჩევნების მეორე ტურამდე ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ბეტონის ქარხანაში დაიბარეს და მკაცრი გაფრთხილება მისცეს.

მოსარჩელეების ინფორმაციით, ქარხანაში გამართული შეხვედრის ინიციატორები მაჟორიტარი დეპუტატი, მაშინ გამგებელი ედიშერ თოლორაია და მოქმედი გამგებელი, იმ დროისთვის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია იყვნენ. სასამართლო ჩვენებების თანახმად, სოფლების ყოფილი წარმომადგენლები გააფრთხილეს, რომ არიან „სამსახურიდან გასაშვებთა სიაში“ და არჩევნების მეორე ტურისთვის გააქტიურება მოსთხოვეს.

ახალაბასთუმანში გამგებლის ყოფილი წარმომადგენლის და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის ვახტანგ კუტალიას განცხადებით, მასზე იმის გამო განაწყენდნენ, რომ სოფელი ყველა პარტიის კანდიდატს თანაბარი განწყობით ხვდებოდა:

„ედიშერ თოლორაიამ მითხრა თვალით არ დამენახო გადი აქედანო. 60 წლის კაცი ბავშვივით დამტუქსა და გამაგდო, თან მომაძახა - ყველა საცობს როგორ უნდა მოერგოო?!“, - უთხრა სასამართლოს ვახტანგ კუტალიამ და შენიშნა, რომ მიუხედავად გაფრთხილებისა მაინც გაუკვირდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, რადგან ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა და წლების მანძილზე მუშაობისას ერთი შენიშვნაც არ მიუღია.

„მე ლაშა გოგიამ მითხრა, ვიცი რომ შენმა ოჯახმა და ნათესავებმა პირველ ტურში „ოცნებას“ არ მისცეს ხმაო. მორჩა შენი ამბავი და შენ მიდიხარო“, - თქვა სასამართლოზე მიხეილ ქვარაიამ, რომელიც ყულიშკარში გამგებლის წარმომადგენლად 2014 წლიდან მუშაობდა.

„ლაშა ოგიამ მითხრა, თუ მეორე ტურში მოვიგეთ შენს სოფელში, მაშინ დარჩებიო, მაგრამ როგორც ჩანს ჩემზე რაღაც ჭორები მიუტანეს, თითქოს მე არჩევნებზე ხელს ვუშლიდი... და მეც გასათავისუფლებელთა სიაში შევედი“, - განაცხადა სასამართლო დაკითხვაზე სოფელ ოქტომბერის ყოფილმა რწმუნებულმა ალიოშა ალანიამ და გამგებელ ლაშა გოგიას შეკითხვით მიმართა, ახსოვდა თუ არა ბეტონის ქარხანაში გამართული შეხვედრა, რაზეც უპასუხა, რომ არ ახსოვდა.

„როგორ არ გახსოვს, ცუდად გავხდი და შოკოლადი მომაწოდე, არიქა არ მოკვდესო, -ესეც არ გახსოვს?!“, - უთხრა მან გამგებელს, რაზეც პასუხი ისევ უარყოფითი იყო.

ბეტონის ქარხანაში შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ერგეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის ყოფილმა წარმომადგენელმა ფრიდონ ბულიამაც. სასამართლო სხდომაზე შეკითხვები მანაც დაუსვა ლაშა გოგიას, რომელმაც ყოფილ თანამშრომელს „ენაზე კბილის დაჭერა“ ურჩია.

შეხვედრაზე ყოფნა დაადასტურეს ჩხოუშის ადმინისტრაციულ ერთეულში ყოფილმა წარმომადგენელმა თენგიზ ჯიჭონაიამ, კოკში ემზარ გულორდავამ და შამოგანაში გოჩა შენგელიამ.

გამგეობის ყოფილმა თანამშრომლებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში წერილობითი ახსნა-განმარტებების დაწერაც მოსთხოვეს. მოსარჩელეების მტკიცებით, იცოდნენ, რომ მათ მოვალეობაში ეს არ შედიოდა, თუმცა სამსახურის შენარჩუნების იმედით მაინც დაწერეს.

მოსამართლე ლაურა მიქავას კითხვაზე, რატომ არ გაასაჯაროვეს ეს ინფორმაცია მანამდე და თანამდებობებზე დარჩენის შემთხვევაში იტყოდნენ, თუ არა, გამგებლის ყოფილმა წარმომადგენლებმა მცირე პაუზის შემდეგ აღნიშნეს, რომ თითოეულ მათგანს ოჯახში ფინანსური პრობლემა აქვს, და „ალბათ არა“.

მოსარჩელეებმა ისიც თქვეს, რომ დარღვევები იყო ატესტაციის მეორე ტურში - გასაუბრებაზე. განაცხადეს, რომ კომისიის წევრებმა სოფლებში განხორციელებული სამუშაოების პარალელურად, შეკითხვები ისეთ საკითხებზე დაუსვეს, რომელიც მათ პროფესიულ საქმიანობასთან კავშირში არ იყო. მაგალითად - რამდენი ხანი მუშაობდნენ ამ თანამდებობაზე წინა ხელისუფლების პირობებში და რომელი პარტიის წევრები იყვნენ მანამდე.

ყოფილი თანამშრომლების ბრალდებები სასამართლო სდომაზევე უარყო გამგებელმა ლაშა გოგიამ. ის მხარეების, მეტწილად კი მოსამართლე ლაურა მიქავას შეკითხვებს ორსაათნახევრის განმავლობაში პასუხობდა. ლაშა გოგიამ აღნიშნა, რომ ბეტონის ქარხანაში „გამაფრთხილებელი შეხვედრა“ არ ყოფილა და მისივე მტკიცებით, იქ მხოლოდ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში მივიდნენ.

მოსამართლე დაინტერესდა ასევე გასაუბრებაზე ლაშა გოგიას შეკითხვების შინაარსითაც. გამგებელმა აღნიშნა, რომ გამგებლის წარმომადგენლებს ერთი და იმავე შინაარსის კითხვები დაუსვა, ძირითადად სოფელში განხორციელებულ პროგრამებზე, რაზეც სრულყოფილი პასუხები ვერ მიიღო, თუმცა უფრო კონკრეტულად, თუ რამ არ დააკმაყოფილა, ვერ გაიხსენა. გამგებელმა ასევე ვერ გაიხსენა შედეგების შესახებ ოქმის შედგენის და ხელმოწერის თარიღები.

მოსამართლე ლაურა მიქავას შეკითხვაზე, არის თუ არა ყველა ადამიანი ინდივიდი და შეფასდნენ, თუ არა ისინი ინდივიდუალურად, კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ - დიახ.

მოსამართლის შემხვედრ შეკითხვაზე, მაშინ რატომ არის ყველა მონაწილის შეფასება „შაბლონური“ და იდენტური, გამგებლმა აღნიშნა, რომ 200 აპლიკანტიდან სასამართლოზე მხოლოდ იმ რვა პირის შეფასებაა წარმოდგენილი, რომლებმაც მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.

მომჩივანთა ნაწილის მტკიცებით, ატესტაციას არ ესწრებოდა პროფკავშირების წარმომადგენელი ლავრენტი ალანია და ორგანიზაცია „ზუგდიდელების“ წევრი მურმან ნაჭყებია, თუმცა მათი შეფასებები და ხელმოწერები ოქმში მაინც დაფიქსირდა.

პასუხოდ ლავრენტი ალანიამ, რომელიც სკაიპის საშუალებით დაიკითხა თქვა, რომ ესწრებოდა ყველა კონკურსანტის გასაუბრებას. იმ მიზეზით, რომ რეგიონის მასშტაბით ბევრ ატესტაციას დაესწრო, ვერ გაიხსენა მონაწილეები და ვერც ის, თუ რა კითხვებით მიმართა. ასევე ვერ გაიხსენა გასაუბრების ზუსტი თარიღი და პროცესის ხანგრძლივობა.

გამგეობიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა საქმის არსებით განხილვაზე 17 მარტს, მოსარჩელე მხარე სრულად - რვა წარმომადგენელი დაიკითხა. მათ შორის გამგეობის შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი კახა კვარაცხელია. მოსარჩელეების პარალელურად დაიკითხა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ორი წევრი ლავრენტი ალანია და ლაშა გოგია. დანარჩენი ხუთის დაკითხვა კი მომდევნო სხდომაზე 27 მარტს არის დაგეგმილი. საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა 8 საათი გაგრძელდა, მხოლოდ ერთი, 5-წუთიანი შესვენების გამოყენებით.

მოსარჩელე მხარე გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და გაცდენილ პერიოდში დაგროვილი ხელფასის და პრემიის, თუ სახელფასო დანამატის ანაზღაურებას მოითხოვს.

ზუგდიდის გამგეობაში ატესტაცია 2016 წლის 17, 18 და 19 ნოემბერს ჩატარდა. შედეგად სამსახურიდან 28 თანამშრომელი გათავისუფლდა. აქედან 11-მა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მათ შორის რვა მოქალაქის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორისას კი საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო. ამ ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების სარჩელი მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
13:31 / 24.10.2020
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
00:02 / 20.05.2020
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
17:30 / 24.12.2018
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში
განაგრძობენ ცხოვრებას.
15:08 / 17.05.2018
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში განაგრძობენ ცხოვრებას.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.