სამართალი
დავა ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ 10%-ზე
ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ ყოფილი მეწილე კიმ კიმი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს ალექსანდრე ქობალიას საკუთრების მოტყუებით წართმევაში ადანაშაულებს. ტელევიზიის 10%-იანი წილის დასაბრუნებლად კიმიმ ზუგდიდისა და ქუთაისის სასამართლოებში დავის შემდეგ, უზენაეს სასამართლოს მიმართა.

კიმ კიმი ეროვნებით კორეელია. გასული საუკუნის 60-იან წლებში კორეაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 3 წლის იყო, როცა დედამ საქართველოში, კერძოდ კი ზუგდიდში ჩამოიყვანა.

„ვცხოვრობდით შაუმიანის ქუჩაზე, გრიგოლ (გრიშა) ქობალიას (ალექსანდრე ქობალიას მამა) სიმამრის მეზობლად. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, ბამში სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე ვაპირებდი წასვლას, რა დროსაც გრიგოლ ქობალიამ შემომთავაზა მასთან დარჩენა. 1981 წლიდან მის ოჯახში ვცხოვრობდი, შვილივით მიმიღეს“, - ამბობს კიმ კიმი.

გრიგოლ ქობალიას (პარლამენტის წევრი) 2004 წლის ქონებრივ დეკლარაციაში კიმ კიმი შვილად არის მოხსენიებული. ალექსანდრე ქობალიას კი 2005 წლის თანამდებობრივ დეკლარაციაში - ძმად.

კიმ კიმი 1991 წლიდან ტელეკომპანიის დამფუძნებელია და 1996-2010 წლებში ტელეკომპანიის 10%-იან წილს ფლობდა. კიმი ამბობს, რომ მას ოჯახის წევრებმა ტელევიზიის წილი მოტყუებით დაათმობინეს.

„მქონდა ქვიშის კარიერის საწარმო, წიაღის უკანონოდ მოპოვებისთვის დამაკავეს და 1 წლით პატიმრობა მომისაჯეს, ასევე, 50 ათასი ლარის გადახდა დამაკისრეს. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ოჯახში მითხრეს, რომ ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ ჩემი წილი გადამეფორმებინა ოჯახის სხვა წევრებზე, რათა სახელმწიფოს მიმართ ჩემი დავალიანების გამო ტელევიზია არ დაეყადაღებინათ და მის საქმიანობას ხელი არ შეშლოდა. მითხრეს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ ჩემი ქონება ისევ დამიბრუნდებოდა“, - უთხრა „ლაივპრესს“ კიმ კიმიმ.

ამბობს, რომ 2010 წლის 18 მარტს, მასსა და ალექსანდრე ქობალიას დედას, ემმა გრიგოლიას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. კიმის განმარტებით, ქონების წილის ღირებულება განისაზღვრა 2 321,90 ლარის ოდენობით, მაგრამ მისივე სიტყვებით, მას თანხა არ აუღია.

2011 წლის 1 იანვარს, კიმ კიმი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს. 2014 წლის ივნისამდე ცხოვრობდა ქობალიების სახლში. მისივე თქმით, სახლიდან მას შემდეგ წავიდა, რაც კუთვნილი ქონების დაბრუნებაზე უარი უთხრეს.

2015 წელს, კიმ კიმიმ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მიმართა ემმა გრიგოლიასთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სასამართლო სხდომებზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა ტელევიზიის ამჟამინდელი დირექტორი დავით გრიგოლია (ემმა გრიგოლიას ძმისშვილი). მან სასამართლოს განუცხადა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მოწმეა. მისივე მტკიცებით, კიმიმ ტელევიზიის წილი გაყიდა და თანხაც მიიღო.

„სამნი ვიყავით ნოტარიუსთან როცა გავაფორმეთ ხელშეკრულება, მე კიმისგან რაიმე უკმაყოფილება არ შემიმჩნევია, არც იმ დღეს და არც სხვა დღეებში“, - უთხრა სასამართლოს დავით გრიგოლიამ.

კიმის ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის შეკითხვაზე, თქვენ (დავით გრიგოლია) თუ ჰკითხეთ კიმის, რატომ ყიდდა ტელევიზიის წილს, უპასუხა, - „ეს ოჯახური სიტუაცია იყო, ასეთი შეკითხვები ჩემს ფარგლებს სცდებოდა“, - განაცხადა ტელევიზიის დირეტქორმა სასამართლოზე. სხდომის აუდიო ჩანაწერები „ლაივპრესს“ კიმ კიმიმ გადასცა.

მოსარჩელე მხარის მოწმეების თქმით, ალექსანდრე ქობალიამ კიმ კიმის უთხრა, რომ ტელევიზიის წილის სანაცვლოდ უყიდდა სახლ-კარს, ავტომანქანას და ყოველთვიურად 500 ლარს მისცემდა. მოწმეების სიტყვებით, კიმიმ შეთავაზებულ წინადადებაზე უარი თქვა და ტელევიზიის წილის დაბრუნება მოითხოვა.

„მამაჩემის მამიდაშვილის მეუღლეა კიმი, მე ვესწრებოდი მოლაპარაკებას. ალექსანდრე ქობალიამ შესთვაზა კიმის, რომ უყიდდა სახლს, მანქანას და 500 ლარს მისცემდა ყოველთვიურად, სანამ ტელევიზია იარსებებდა და თუ ბატონი კიმი შეიტანდა საჩივარს, საერთოდ არ მიიღებდა არაფერს“, - განაცხადა მოსარჩელე მხარის მოწმემ, ვალერი ბულიამ.

სასამართლოს დაწყებამდე ალექსანდრე ქობალიას და კიმ კიმის შორის შემდგარ შეხვედრას ადასტურებენ მოპასუხე მხარის მოწმეებიც, თუმცა მათი განცხადებით, შეხვედრაზე „ოჯახში უთანხმოებაზე“ იყო საუბარი და არა ტელევიზიის წილებზე.

„ბატონი კიმი ითხოვდა თავის წილს და მეორე მხრიდან იყო შეთავაზება, რომ ჩვენთან ცხოვრობ, ისე არ დაგტოვებთ, სახლი ან რაიმეთი უზრუნველგყოფთო. შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ძალიან ემოციური იყო კიმი, ის განაწყენებული იყო. ჰქონდა თუ არა წილის მოთხოვნის უფლება არ ვიცი. თუმცა, როგორც ვიცი, ალიკამ (ალექსანდრე ქობალია) უთხრა, წილის მაგივრად არა, ისე, სახლიდან რომ გადადიხარ, ჩემგან სახლს მიიღებო“, - განაცხადა მოპასუხე მხარის მოწმემ, ედიკა ციკუტანიამ.

ალექსანდრე ქობალიას ნათესავმა ალექსანდრე ახვლედიანმა სასამართლოს განუცხადა, რომ შეხვედრაზე მხოლოდ „ოჯახში უთანხმოებებზე“ იყო საუბარი.

„კიმის უთანხმოება ოჯახის წევრებთან მისი ახალი ოჯახის შექმნის შემდეგ დაიწყო. მისმა მეუღლემ დააფიქსირა ოჯახის წევრების მიმართ უკმაყოფილება. შეხვედრაზე ვიმყოფებოდი, თუმცა იქ რაიმე წილებზე საუბარი არ ყოფილა, იქ პირადი, ოჯახური ურთიერთობების გარკვევა იყო. მას სთხოვდნენ სახლში დაბრუნებას“, - განაცხადა ახვლედიანმა. მისი ჩვენება კიმიმ შეაფასა როგორც „ცრუ“ და პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

საბოლოოდ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კიმის სარჩელი არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ საქმეს ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა.

მოსარჩელე მხარემ ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. აქ მოსამართლემ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამრთლოს გადაწყვეტილება სარჩელის ხანდაზმულობის ნაწილში და გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ გარიგება მოსაჩვენებლად არ დადებულა.

ახლა კიმ კიმი ელოდება განაჩენს უზენაესი სასამართლოდან, სადაც ზუგდიდის და ქუთაისის სასამართლოების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს.

ამჟამად ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე ემმა გრიგოლიაა. მანამდე, 1996 წლიდან 2004 წლამდე ემმა გრიგოლია კომპანიის მთლიანი საწესდებო კაპიტალის 50%-ის მფლობელი იყო. დანარჩენ წილს შვილები - ალექსანდრე ქობალია 20%, ლევან ქობალია 20% და ოჯახის ყოფილი წევრი კიმ კიმი 10%-ს ფლობდნენ.

ლევან ქობალიას გარდაცვალების შემდეგ, მისი წილის მესაკუთრე დედა გახდა. ემმა გრიგოლიას საწესდებო კაპიტალი 70%-ს შეადგენდა. 2010 წელს კი ის ალექსანდრე ქობალიას 20%-ის, ასევე კიმ კიმის 10%-იანი წილის მფლობელი გახდა.

„ლაივპრესი“ დაუკავშირდა მოპასუხე მხარეს, თუმცა მათ კომენტარზე უარი განაცხადეს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
სტატია ლაივპრესის თხოვნით მოამზადა
იზა სალაყაიამ
19:49 / 13.07.2017
სტატია ლაივპრესის თხოვნით მოამზადა იზა სალაყაიამ
ზუგდიდის რაიონული სასამართლო 23 ივნისს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას
19:48 / 15.06.2017
ზუგდიდის რაიონული სასამართლო 23 ივნისს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც გამგეობიდან გათავისუფლებული
8
19:51 / 15.05.2017
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც გამგეობიდან გათავისუფლებული 8
ზუგდიდის გამგებელმა შვიდი სოფლის წარმომადგენელი, ატესტაციის
შედეგების საფუძველზე სამსახურიდან
17:19 / 21.03.2017
ზუგდიდის გამგებელმა შვიდი სოფლის წარმომადგენელი, ატესტაციის შედეგების საფუძველზე სამსახურიდან
რედაქტორის რჩევით
ქალაქ ზუგდიდის მე-13 საბავშვო ბაღში ძიძამ ერთ-ერთ
პატარა ბიჭი საქანელაზე ქანაობს და ღიღინებს.
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში საკანონმდებლო
ქალაქ გალის მილიციაში დაძაბულ ფონზე მიმდნარეობს ბინადრობის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.