სამართალი
ზუგდიდელი ქალები თურქულ საწარმოს შრომით ექსპლუატაციაში ადანაშაულებენ
ზუგდიდში მოქმედ თურქულ საწარმო BNH-ს უკვე ყოფილი თანამშრომლები დამამცირებელ დამოკიდებულებას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და შრომის ექსპლუატაციაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ აქ ადამიანებს გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა, უფროსების მხრიდან მუდმივი ზეწოლა-შევიწროების ფონზე, სადაც კომუნიკაციის ერთადერთი ფორმა ყვირილია. ზამთარში სიცივეში, ზაფხულის სიცხეში კი კონდინციონერის გარეშე მუშაობა დილის 9 საათიდან, ხშირ შემთხვევაში ღამის 10-11 საათამდე. ასე იხსენებენ გათავისუფლებულები საწარმოში გატარებულ დღეებს, სადაც სპორტული ტანსაცმელი იკერება და თურქეთში იგზავნება.

რიმა ქვარაიამ აქ ცხრა თვე 20 კაციანი მუშა ჯგუფის უფროსად იმუშავა. ის ჯერ ამ თანამდებობიდან, მოგვიანებით კი სამსახურიდან საწარმოს ადგილობრივმა ხელმძღვანელმა, სონგულ თათარმა გაათავისუფლა: „თან კერე და თან გადასალაგებელია, ეგეც მოაგვარეო. ამას სხვა ალაგებს, მე ერთი ვერ ვასწრებ-თქო. აუწია ხმას - რასაც გეუბნები, ის გააკეთეო. ადამიანურად მითხარი მეთქი, სამჯერ გავუმეორე. ასეთ პირობებში ვერ ვიმუშავებ-თქო. გადი სასწრაფოდ, ჩანთა აიღე და სამსახურიდან წადიო“.

გათავისუფლებულის თქმით, შეეძლო თუ არა, ყველას სწრაფად, თავაუღებლივ უნდა ემუშავა. ეკრძალებოდათ ხმის ამოღება, ტელეფონზე მოსაუბრეს თუ ნახავდნენ, ხელფასიდან 4 ლარი ექვითებოდათ. ეს მაშინ, როცა თითო სამუშაო საათში მხოლოდ ერთ ლარს უხდიდნენ. უთხრეს, რომ მათთან ადმინისტრატორის შუამავლობით შეეძლოთ ოჯახის წევრებს დაკავშირება მხოლოდ, ისიც აუცილებელ საქმეზე. რიმა ქვარაიას განმარტებით, ხელმძღვანელობას ისიც კი აბრაზებდა, თუ რომელიმე თანამშრომელი ცუდად გახდებოდა და მეტიც, სასწრაფო დახმარებას გამოიძახებდნენ. წვრილმან რაღაცებზე შეურაცხყოფა და „სულელოს“ ძახილი ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდა. ამ ყველაფერზე უფროსებს ერთი პასუხი ჰქონდათ - თუ სამუშაო პირობები არ მოსწონდათ, შეეძლოთ სამსახურიდან წასულიყვნენ.

ამბობს, რომ ერთადერთი, რის გამოც აქ ადამიანები რჩებიან სამუშაოდ და დამამცირებელ მოპყრობას ითმენენ, ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობის არარსებობაა. სამუშაო დროის ხანგრძლივობა დილის 9-დან საღამოს შვიდის ნახევრამდე იყო განსაზღვრული, თუმცა ამის მიუხედავად, ფიზიკურად შეეძლოთ თუ არა, ღამის ათამდე უნდა დარჩენილიყვნენ. ახსოვს რამდენიმე შემთხვევა, როცა გათენებამდეც მოუწიათ მუშაობა, შეკვეთის დასასრულებლად. რიმა ქვარაიას თქმით, ყოველ ზედმეტ საათში მათ ორ ლარს უხდიდნენ. სამი წელი თურქეთში იმუშავა, თუმცა მსგავსი რამის შესახებ, რაც ზუგდიდში ნახა, იქ არ სმენია. ამბობს, რომ საკუთარ ქვეყანაში თავს დაცულად ვერ გრძნობს.

იგივეს ამბობს „ლაივპრესთან“ კიდევ ერთი დათხოვნილი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავის შეკავება არჩია. მისი თქმით, ხელფასი 300 ლარამდე გამოსდიოდა, თუმცა არაადამიანურ გარემოში მუშაობის ფასად, ზოგჯერ დამატებითი საათების ანაზღაურების გარეშეც. ის ასევე საუბრობს საპირფარეშოთი სარგებლობის ე.წ. ჟეტონების სისტემაზე, როცა თითოეულს 20 ცალს ურიგებდნენ და მათით თვის განმავლობაში უნდა ესარგებლათ. ერთი ჟეტონი ამდენჯერვე მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი. თუკი არ ეყოფოდათ, უნდა ესესხათ. კონკრეტული მიზეზი, რატომ დაითხოვეს, არ იცის. ფიქრობს, რომ შესაძლოა ხელმძღვანელობა მის მიერ ღიად გამოხატულმა უკმაყოფილებამ გააღიზიანა. სასამართლოში ჩივილს არ გეგმავს, უბრალოდ სურს საკუთარ ქალაქში მსგავს „ძალადობრივ“ სისტემაში მომუშავე ადამიანებს მისმა ნათქვამმა მდგომარეობა შეუმსუბუქოს.

განსხვავებულ ვითარებას აღწერენ „ლაივპრესთან“ საუბარში თურქულ საწარმოში დასაქმებულები. ხელმძღვანელობის თანდასწრებით ისინი ყვებიან, რომ სამუშაო პირობებს არ უჩივიან და ანაზღაურებაც აკმაყოფილებთ.

ცირა ჭკადუა საშუალოდ თვეში 500-600 ლარს გამოიმუშავებს. მისი თქმით, ხმამაღალი საუბრები ზოგჯერ ყოფილა, თუმცა საქმის გარშემო და ეს ნორმალურია, რადგან როცა რაღაცას არასწორად აკეთებ, შენიშვნასაც იმსახურებ. ყოფილა თუ არა ყვირილის შემთხვევები უფროსების მხრიდან, ვერ აკონკრეტებს. ამბობს, რომ ის თავის მოვალეობას ასრულებს და სხვის მაგივრად ვერ ისაუბრებს.

კიდევ ერთმა დასაქმებულმა ნატო თოლორდავამ გვითხრა, რომ განცხადება თავად დაწერა და რამდენიმე დღეშიც სამსახურს დატოვებს, რადგან ღამის საათებში მუშაობა არ შეუძლია. მისი თქმით, ნებისმიერი სამუშაო რთულია და ეს თითოეული ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული: „მეც მქონდა შემთხვევა, როცა მიყვირა უფროსმა და შევეპასუხე. არ მომეწონა რაღაც. მიშვებდა კიდეც. რომ იყვიროს ზოგჯერ, ეს არც არის გასაკვირი, ისეთი დღეები აქვთ ზოგჯერ. ხშირად მოუბრუნდება ხოლმე ხასიათი“, - გვითხრა და დასძინა, რომ შევიწროებად და ძალადობად მსგავს რაღაცებს არ აღიქვამს.

ბრალდების ადრესატებიც ყოფილი თანამშრომლების პრეტენზიებს არ ეთანხმებიან. ფირმის წარმომადგენელი სონგულ თათარი ამბობს, რომ გათავისუფლებულებმა პირი შეკრეს და იტყუებიან - სინამდვილეში შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. დამსაქმებლის თქმით, მისით კმაყოფილი საწარმოში მომუშავე 80-ვე ადამიანი ვერ იქნება, და ეს ბუნებრივია.

„თუ გავაგდეთ და ცუდად მოვექეცით, რატომ სურთ ისევ უკან დაბრუნება? მეც ქალი ვარ და რატომ უნდა გავლანძღო და შეურაცხყოფა მივაყენო ქალს? რიმა მე დავითხოვე. უნდა გაეკონტროლებინა ჯგუფი, მაგრამ საქმეს სწორად ვერ აკეთებდა. შენიშვნა მივეცი, მან კი ყვირილი დაიწყო და გავუშვი უპატივცემლობისთვის. წესებს არ ემორჩილებოდნენ. ჩვენს სისტემას ვერ შეეგუენ. ავად ვართო, დაგვეთხოვებოდნენ და შემდეგ კაფეებში ისხდნენ“, - უთხრა სონგულ თათარმა „ლაივპრესს“.

ბრალდებებს უარყოფს ადგილზე პასუხისმგებელი პირი და ბუღალტერი თენგიზ გერგედავაც. ის ხმამაღალ საუბარს სამუშაო სივრცეში საკერავი მანქანების ხმაურით ხსნის, რის გამოც ზედამხედველ პირებს რამდენიმე ტონალობით მაღლა უწევთ კომუნიკაცია თანამშრომლებთან. მისი განმარტებით, ზეგანაკვეთური მუშაობა მაშინ უწევთ, როცა საქონელი უნდა მოესწროს. ამბობს, რომ როცა წუთში ათამდე დეტალის გაკეთება უხდებათ, ტელეფონზე საუბარი საქმეს მხოლოდ აზარალებს. ამიტომაც, აუცილებლობის შემთხვევაში ოჯახის წევრები მათ მდივნის მეშვეობით უკავშირდებიან:

„ორი წუთი შენ თუ ილაპარაკე ტელეფონზე, აქ მუშაობის ჯაჭვური სისტემაა. თუ ერთი გაჩერდა, იძულებულია მეორეც გაჩერდეს. რატომ უნდა დაზარალდეს მეპატრონე თქვენი ზარის გამო, ეს არის ექსპლუატაცია? პრემიები ეძლევათ ცალკეულ შემთხვევებში. მაგალითად, ვინც ერთ წელზე მეტი იმუშავა გაცდენის გარეშე, 100 ლარი ემატებათ. ესეც ხომ არის წახალისება? რატომ ამაზე არავინ ლაპარაკობს?“

თენგიზ გერგედავას თქმით, არც სასწრაფო დახმარების გამოძახების წინააღმდეგია ვინმე, უბრალოდ ერთ შემთხვევაში ხელმძღვანელობა დააბნია ქართული სისტემის არცოდნამ, როცა სასწრაფოს ზოგჯერ პოლიცია ან სახანძრო მოყვება. ამიტომაც კითხვის ნიშნები გაუჩნდათ, რაში დასჭირდათ თანამშრომლებს სამართალდამცველებთან დაკავშირება.

რაც შეეხება ჟეტონებს, ამბობს, რომ მისი შემოღება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც თანამშრომლები საპირფარეშოთი დღეში 5-6-ჯერ სარგებლობდნენ, სინამდვილეში კი ამ დროის მეტ ნაწილს ტელეფონზე საუბრისთვის იყენებდნენ: „რამდენიმე ჩასვლა უფასოა. დამატებით გასვლაზე ერთ ჟეტონს იხდის. შენ თუ თვის ბოლოს შემოგრჩა 20 ჟეტონი, 10 ლარი გემატება. ანუ არაფერს არ კარგავ. უბრალოდ ამით მათ სტიმული მისცეს“, - აღნიშნა მან.

გათავისუფლებულთა თქმით, ისინი დაუკავშირდნენ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სადაც უთხრეს, რომ საკითხით დაინტერესდებიან და ვითარებას მოიკვლევენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში
განაგრძობენ
15:08 / 17.05.2018
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში განაგრძობენ






ზუგდიდის სოფელ დარჩელში
14:14 / 24.07.2017
ზუგდიდის სოფელ დარჩელში






სტატია ლაივპრესის თხოვნით მოამზადა
იზა სალაყაიამ
19:49 / 13.07.2017
სტატია ლაივპრესის თხოვნით მოამზადა იზა სალაყაიამ






ზუგდიდის რაიონული სასამართლო 23 ივნისს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას
19:48 / 15.06.2017
ზუგდიდის რაიონული სასამართლო 23 ივნისს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
ქეთო ნინიძე - მეღვინე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.