სამართალი
იძულებით შექმნილი ოჯახი და საზოგადოებისთვის „მოგებული ომი“ - ზუგდიდელი გეი მამაკაცების ისტორია
FaceBook Twitter
E-mail Print
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში განაგრძობენ ცხოვრებას. მათთვის საქართველოში წლიდან წლამდე თითქმის არაფერი იცვლება, იმიტომ, რომ არ იცვლება თავად საზოგადოება. ბევრი ამ დრომდე ვერ ბედავს საკუთარ თავთან აღიაროს, რომ განსხვავებულია დანარჩენებისგან, მხოლოდ სექსუალური ორიენტაციით. ზოგი ამაზე თამამად იწყებს საუბარს, თუმცა ხშირ შემთხვევაში პასუხად რასაც იღებს, ეს გარიყვა და ზურგის შებრუნებაა.

ჩვენი ამბის გმირი 26 წლისაა. ის ზუგდიდში ცხოვრობს. ცოლი იძულებით მოიყვანა, ოჯახის და საზოგადოების მხრიდან წნეხის გამო. თუმცა ამ კომპრომისზე წასვლამ მთავარი პრობლემა - სიტყვიერთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფები თანაქალაქელებისგან ვერ მოაგვარა. ვერც ზიზღი დაძლია და ათვალწუნებული მზერა. ბევრი დღემდე გამარჯობის გარეშე ჩაუვლის. სამართალდამცველებისთვის არასდროს მიუმართავს. მსგავს გამოწვევებს ამ დრომდე მარტო ებრძვის. „ლაივპრესთან“ საუბარში ამბობს, რომ პოლიციას არ ენდობა, რადგან როცა იგივე მიზეზით მეგობარს სცემეს, ისინი ფაქტს სიცილით შორიდან ადევნებდნენ თვალს.

ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლის თქმით, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, საზოგადოებამ თვითმკვლელობისთვის არაერთხელ უბიძგა. ქალაქის დატოვებისკენაც მოუწოდებდნენ. ამ ფონზე იძულებული გახდა ცოლი სურვილის წინააღმდეგ შეერთო. გოგოს თავიდანვე გაანდო საკუთარი სექსუალური ორიენტაცია. დღემდე მხოლოდ კარგი მეგობრები არიან და მეტი არაფერი.

„ცოლთან კარგი ურთიერთობა მაქვს. დღემდე ერთად ვცხოვრობთ. გვერდში მიდგას. კარგი ადამიანია. მართლა ვუყვარ და ამიტომაც დამთანხმდა. სქესობრივი ურთიერთობა არ გვაქვს“, - გვითხრა რესპოდენტმა, რომელსაც ვინაობის დასახელება არ სურს.

ჩვენი მეორე ამბის გმირი 18 წლისაა. პირველი პრობლემის წინაშე მაშინ აღმოჩნდა, როცა დედას გამოუტყდა, რომ ბიჭი უყვარდა. მაშინ და დღესაც ფიქრობს - დასამალი არაფერი ქონდა. გადაწყვეტილებაც თამამად მიიღო, ორი წლის წინ. რეაქცია მშობლისგან არ გაჰკვირვებია - თავიდან მოგიშორებენ, ამას თუ არ მიატოვებ, ყველაფერს დაკარგავ. მე ვიღაცას დავიქირავებ და მოვაკვლევინებ შენს თავსო, - დაახლოებით ასეთი. მის მიმართ სიძულვილი იმ წუთიდან იგრძნო. გარკვეული ხნის მანძილზე დედასაც სხვა ადამიანს ეძახდა, მშობელი კი მოზარდისთვის მხოლოდ „ვიღაც ქალად“ იქცა. ოჯახზე უარი საკუთარი ინიციატივით თქვა და ლგბტ თემის უფლებების დამცველ ორგანიზაცია „იდენტობას“ მიმართა. არასამთავრობოს დახმარებით მალევე გააშვილეს, ზუგდიდის სასამართლომ დედამისს მშობლის უფლებაც ჩამოართვა და ერთი თვის მანძილზე მიახლოებაც აუკრძალა. მამას საკუთარი ორიენტაციის შესახებ მხოლოდ ახლახან გაუმხილა. მისი რეაქცია „არაადექვატური“ იყო, ცოლს ეჩხუბა და ოჯახიც დატოვა.
დედას ცოტა ხნის წინ შეურიგდა და ბოლო რამდენიმე თვე მასთან დაჰყო, ვიდრე საცხოვრებლად თბილისში, საყვარელ ადამიანთან ერთად გადავიდოდა.

„მე დღეს ომი მოგებული მაქვს. მეტი ომის მოგებას არ ვაპირებ, იმიტომ, რომ ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვცხოვრობ. დედასთან დავბრუნდი, რადგან ეგოისტი არ ვარ, ჰუმანური ადამიანი ვარ. გულს ვერ ვატკენდი და სამუდამოდ მასზე უარს ვერ ვიტყოდი. ჩემთვის დღეს არსებობს ხეები, გზები, მანქანები, მაგრამ საზოგადოება არა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჩემი ცხოვრება არ დავთმე და ეს ყველამ დაინახა“, - უთხრა ახალგაზრდამ „ლაივპრესს“, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ.

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ამბობს, რომ ჰომოფობიის ხარისხის შემცირება შეუძლებელია მხოლოდ საპოლიციო აპარატით და მსგავს დანაშაულებზე რეაგირებით. თამთა მიქელაძის თქმით, სახელმწიფოს პრობლემის დასაძლევად ყოვლისმომცველი მიდგომის შემუშავება სჭირდება. ყოვლისმომცველი მიდგომა პრობლემის დასაძლევად. მათ შორის განათლების, ჯანდაცვის სისტემაში, სოციალური პოლიტიკის მიმართულებით. ასევე ქმედითი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა და საჯარო დისკურსი, განცხადებები საერთო თანასწორობის იდეის გასაძლიერებლად. ორგანიზაციის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მცირე პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, მთავრობის დღის წესრიგიდან ლგბტ ადამიანთა უფლებების საკითხი თითქმის განდევნილია.

თამთა მიქელაძეს პრობლემურად მიაჩნია ბოლო პერიოდში გაძლიერებული „ნეონაცისტური“ და „ულტრაკონსერვატიული“ ჯგუფებიც, რომლებიც განსაკუთრებით სოციალურად და ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მცხოვრებ მოსახლეობაში აღვივებენ გარკვეულ სენტიმენტებს, მათ შორის ნაციონალიზმთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, ლგბტ თემაზე განხილვები აქტიურად მიმდინარეობს ცალკეული ჯგუფების მხრიდან და გარკვეულწილად პრობლემის გააზრებაც მოხდა, შსს-შიც შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტიც, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება სახალხო დამცველმაც გაავრცელა. ომბუდსმენი ამბობს, რომ დღეს ლგბტ თემი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველ ჯგუფს წარმოადგენენ, არსებული სტერეოტიპები და წინასწარგანწყობები კი ყოველდღიური რისკის ქვეშ აყენებს მათ მიერ განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვის, სხვადასხვა სფეროში მომსახურების მიღებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებას. ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს, მაქსიმალურად ამ ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირებას.

საკითხს, ოღონდ მსოფლიო მასშტაბით საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ILGA-Europe-ც გამოეხმაურა. რამდენიმე დღის წინ მათ მიერ გამოაქვეყნებული კვლევის - Rainbow Europe თანახმად, ლგბტ პირების უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის საქართველო ლიდერია და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ბულგარეთი, რუმინეთი, ლიტვა, პოლონეთი და ლიტვა.

თბილისში დღეს მხოლოდ საპატრიარქოს ორგანიზებით გაიმართება მსვლელობა, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ლგბტ თემის უფლებების დასაცავად დაანონსებული აქცია და კონტრშეკრება კი გააუქმა როგორც „თანასწორობის მოძრაობამ“, ისე „ქართულმა მარშმა“ და „ეროვნულმა ერთობამ“.

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მისი აღნიშვნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღების თარიღს უკავშირდება.

მასალაში გამოყენებული ფოტო ეკუთვნის DutchNews-ს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
13:31 / 24.10.2020
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
00:02 / 20.05.2020
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
17:30 / 24.12.2018
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
ზუგდიდში მოქმედ თურქულ საწარმო BNH-ს უკვე ყოფილი თანამშრომლები
დამამცირებელ
22:46 / 05.05.2018
ზუგდიდში მოქმედ თურქულ საწარმო BNH-ს უკვე ყოფილი თანამშრომლები დამამცირებელ
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.