ცოცხალი ისტორიები
გიგა ქავთარაძე - სამოქალაქო აქტივისტი
FaceBook Twitter
E-mail Print

 

გიგა ქავთარაძე არის მეგრული ვიკიპედიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ვებგვედრის ადმინისტრატორი.

 

...

 

რომელი მარტინ ლუთერ კინგი მე გახლავართ, მაგრამ გულში ღრმად ჩამრჩა მისი ძალზედ აზრიანი საუბრიდან ერთ-ერთი ნაწილი სიტყვებისა, რომელიც მან აშშ-ში, 1968 წლის ისტორიულ გამოსვლაზე, სამოქალაქო უფლებების მოძრაობის დროს წარმოთქვა: „საბოლოოდ, ჩვენი მტრების სიტყვები კი არა, ჩვენი მეგობრების დუმილი გაგვახსენდება.“ ჩავითქვი ეს გამონათქვამი გულში და ჩემს პრინციპად დავისახე, დუმილის ნაცვლად, თუნდაც ეს მწარე იყოს, ჩემი სიმართლე მუდამ ვილაპარაკო.

 

საქართველოში უამრავი ტაბუირებული თემა არსებობს და ერთ-ერთი მათგანი მეგრული ენის საკითხია. არავის სურს მასზე აშკარად საუბარი, არავის სურს ამ თემის წინ წამოწევა, იმის მოსმენა, რომ ენას პრობლემა აქვს და გაქრობის საფრთხის წინაშე იმყოფება, რომ მას მზრუნველობა სჭირდება... ამ თემაზე საუბრისა ზოგს ეშინია, ზოგს არ მოსწონს და ა.შ.

 

მეგრულ ვიკიპედიაზე მუშაობა რომ დავიწყეთ, კარგად ვხვდებოდით რა საჭოჭმანო საქმესაც ვკიდებდით ხელს, მაგრამ უთქმელობა და უმოქმედობაც არ ივარგებდა და რაღაც მოარული შიშების გამო, ენის გაქრობას შორიდან გულგრილად ვერ შევხედავდით. საბოლოოდ, ბევრი შრომისა და უამრავი დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, მეგრული ვიკიპედია მსოფლიო ენების სიაში ჩაეწერა. როგორც მოველოდით, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ეს წამოწყება სეპარატიზმად და ქვეყნის ღალატად ჩაგვითვალა...

 

საბედნიეროდ, დღესდღეობით საზოგადოება ამ ყველაფერს ეჩვევა და ამ პროგრესულ და სასარგებლო საქმიანობას, რომელიც სიყვარულით და კარგი განზრახვით არის გაჯერებული, გულისხმიერად და სათანადოდ ეკიდება. ამას წინათ, გალის რაიონში მეგრული ტელევიზიის დაარსების და სკოლებში მეგრული სახელმძღვანელოს შეტანის შესახებ ინფორმაცია რომ შევიტყვეთ, იმთავითვე მივხვდით ვისი ხელით და რა განზრახვითაც იქნებოდა ეს ყველაფერი წამოწყებული და მეგობრებმა გადავწყვიტეთ, მეგრული ვიკიპედიის რედაქციის სახელით, ჩვენი მოსაზრებაც მიგვეტანა საზოგადოების ყურამდე. რამდენიმე დღის შემდეგ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი „ფეისბუკის“ საშუალებით დამიკავშირდა და მითხრა, რომ ამ საკითხზე ჩემთან ინტერვიუს ჩაწერა სურდათ. მეც დავთანხმდი. მთლიანობაში, სიუჟეტით უკმაყოფილო არ დავრჩენილვართ, თუმცა ჩემი თითქმის ხუთ წუთიანი ინტერვიუდან, მხოლოდ უმცირესი მონაკვეთი იქნა გაშუქებული. ეთერში ჩემი წამიერი გაელვებისათვის, დიდი ხნის უნახავ მეგობრებსაც მოეკრათ თვალი და გამიხსენეს, მომახარეს, ტელევიზორში გნახეთო. მე ჩამეცინა, „კიდევ კარგი, ჩემი ნამდვილი სახელი შეცდომით დაწერეს და ინტერვიუც მთლიანად არ გაუშვეს თორემ ხომ ავივსებოდი „ფანებით“-მეთქი. სამწუხაროდ, ბევრმა ჩემმა შორეულმა თუ ახლობელმა ადამიანმა, ჩემი ეს გამოსვლა ისე გაიგო თითქოს მე და მეგრული ვიკიპედიის მოამაგენი, ოკუპირებული გალის რაიონში მეგრული ტელევიზიის გახსნის და სკოლებში მეგრული სახელმძღვანელოს შეტანის მომხრენი ვყოფილიყავით. მეგობრებში ხუმრობით ვამბობდი, „არიქა, ქალაქში ვინმემ არ მიცნოს და მისი ამ არასწორად გამოტანილი დასკვნის გამო ხიფათს არ შემამთხვიოს“-მეთქი...

 

ასეა, ცამდე მართალიც რომ იყო, ზოგჯერ ადამიანები იმას შეისმენენ, რაც თავად აწყობთ და არა იმას, როგორადაც ეს შენ თქვი და იგულისხმე...

 

...


მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, ერთი ჩემთვის განსაკუთრებული მიზეზით სულიერი კრიზისი რომ დამეწყო. კარგად მახსოვს, დიდი მარხვის დღეები ახლოვდებოდა და გადავწყვიტე, თუ რამე გადამარჩენს, ეს რწმენა და ეკლესიური ცხოვრება იქნება-მეთქი. ოთხი დღე ეკლესიაში მარტო იმისათვის დავდიოდი, გამერკვია თუ რომელი მღვდელი ამერჩია ჩემს მოძღვრად. მანამდე, ეკლესიაში იშვიათად თუ შევივლიდი. ამჯერად კი, მე აქ იმ სულიერმა კრიზისმა და დეპრესიამ მომიყვანა, რომლის გამოც დადის ხშირად ეკლესიაში მრევლის გარკვეული ნაწილი, როდესაც არც იმის შესაძლებლობა აქვს ადამიანს, ფსიქოლოგთან იაროს და ყველაზე უარესი - როდესაც, იმის ეშიანია, ფსიქოლოგთან ვიზიტის გამო, ხალხმა გიჟად არ შერაცხოს. ჩვენთან ხომ ასე იტყვიან, გაგიჟებულაო საწყალი, დაგცინებენ. არადა, არც ისინი არიან შენზე ნაკლებ  ავად სულიერად. ბევრს აქვს აქ სულიერი კრიზისი, მაგრამ მალავენ  ამას. „დიადი საბჭოეთი“ ხომ არც თუ ისე დიდი ხანია რაც დაიშალა და საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის გამოსული მისი ბანგისმიერი ზეგავლენისგან. თავს უპატრონოდ ვგრძნობთ. „მამა“ გვენატრება. ამ „მამას“ ვეძებთ ალბათ ეკლესიებში და როგორც მამების უმრავლესობას, ამ „მამასაც“ სურს თავის ნებაზე ატაროს ყველა. სწორედ აქ ხდება იმ შეჩვეული ჭირის, „დიადი საბჭოეთის“ რეინკარნაციის მსგავსი მოვლენა. ახლა ყოველ ნაბიჯზე ნახავ უზარმაზარ, ჰექტარებზე გადაჭიმულ ეკლესიებს. ვინ იცის, რამდენი მილიარდი დაიხარჯა უკვე მთელს ქვეყანაში მათ ასაგებად. აქ გიწყვეტენ, რა არის სინათლე და რაა უკუნი, რა ფილმს უნდა უყურო, როგორ სიმღერას უნდა უსმინო, როგორ ჩაიცვა, როგორ არ უნდა გქონდეს მათგან განსხვავებული აზრი და როგორ უნდა დაემორჩილო მათ ყველაფერში, როგორ უნდა დაბანოს ქალმა მეუღლეს ფეხები, თითქოს რაიმეთი აღემატებოდეს კაცი ქალს, როგორ არ უნდა დაუძახო შენს ენას, ენა და ა.შ. ვერ ვეგუები ამ ყველაფერს. მე ჩემი რეფლექსიით ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი მსგავსი დამოკიდებულებისა და ცოტა ხანში, სრულებით გამიქრა აქ მოსვლის და ამ ყველაფერში მონაწილეობის სურვილიც...

 

მკაცრი შესახედაობის მღვდელთან მიმესვლებოდა? მანამდე ნამარხულევი არასოდეს ვყოფილვარ და არც ის გამეგებოდა დიდად თუ რა სულიერი ძვრები ხდებოდა ამ დროს ადამიანის შინაგან სამყაროში. მხოლოდ პირჯვრის გადაწერაღა ვიცოდი და ისიც, როგორც შემდეგში გამოირკვა, შეცდომით. ბოლოს, როგორც იქნა, გადავწყვიტე მივსულიყავი ერთ მღვდელთან, რომელსაც თითქმის მთელი ერთი კვირა იყო, რაც ვაკვირდებოდი. მრევლის უკან, რიგში ჩავდექი. ყველა თავის რიგს ელოდებოდა. მღვდელს სანდომიანი, მოსიყვარულე სახე ჰქონდა. ეს მაძლევდა მასთან მისვლის სითამამესაც. კუთხეში დავდექი და გადავწყვიტე ბოლო მე ვყოფილიყავი. ვხედავდი, რა მზრუნველობით ეპყრობოდა იგი თავის სულიერ შვილებს, როგორი სიყვარულით უღიმოდა მათ...

 

როგორც გავიგე, ჩემი მომავალი მოძღვარი ბერ-მონაზონი ყოფილა. ამ ამბავმა კიდევ უფრო გამახარა. დრო და დრო ჩემკენ გამოიხედავდა, მე კედელს ვეფარებოდი იმ თევზივით, რომელიც მარჩხე წყალში დააფეთა მეთევზის გამოჩენამ და მანაც პირველ შემხვედრ ქვის ქვეშ შერგო თავი. მაგრამ თევზმა რა იცის, რომ საფრთხე სწორედ იქ იმალება. ზევიდან მთელი ძალით, ათი თუ თხუთმეტ კილოიანი ქვა რომ დაეცემა, ბუშტი უსკდება და შამპანურის საცობივით ზედაპირზე ამოვარდნილი, უსულოდ ატივტივდება წყალზე. მე რა მომელოდა, ამისა არაფერი ვიცოდი მაშინ. მარტო იმისა მწამდა, რომ ამის იქით სხვა გზა არ მქონდა.

 

გარეთ უკუნი ღამე იდგა მდუმარედ. ჩემი მისვლის დრო რომ დადგა, თერთმეტი საათი იქნებოდა. დღევანდელ დღესავით მახსოვს ყოველივე. ვიდექი და ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ვბედავდი. უკან-უკან ვიწევდი დასაკალვად გამზადებული მოზვერივით, რომელსაც თოკშებმულს მიათრევენ სოფლის კაცები. ალბათ არც ახლა მივიდოდი და ამჯერადაც სახლისკენ გამოვბრუნდებოდი „ხელცარიელი“ და სულდამძიმებული, თვითონ ბერი რომ არ მოსულიყო ჩემთან. მომიახლოვდა და მითხრა: „ნუ გეშინია შვილო, მეც ხომ შენნაირი ადამიანი ვარ. გამომყევი, დავსხდეთ და ვისაუბროთ, რა გიჭირს, რა გილხინს... ღმერთი მოწყალეა, ყველას იხსნის, ვინც მისკენ მიილტვის. მე არაფრის თქმას დაგაძალებ“, - მითხრა ისეთი მშვიდი, გულშიჩამწვდომი ხმით, რომ შინაგანად დიდი სითბო ვიგრძენი. ინსტინქტურად მივყევი. დავსხედით და დავიწყე საუბარი. თავდაპირველად, ბაგიდან თითო-თითოდ ამომდიოდა სიტყვები, წისქვილის ღარიდან ნელ-ნელა ჩასრიალებული სიმინდის მარცვლებივით. ცოდვების ჩამოთვლისას ყველაფერი ისე მიმქონდა გულთან, რომ ფრჩხილებით  შუბლსაც დავიკაწრავდი და სისხლსაც გამოვიდენდი ალბათ მოძღვარს ხელი რომ არ ეტაცნა ჩემთვის. ასეა,  ჭიანჭველასთვის რომ გქონდეს მარტო ფეხი დაბიჯებული და ამის გარდა, სხვა რამ ცოდვა არაფერი გქონდეს, თუ აღსარებაზე წასვლა გადაწყვიტე, წირვის გამოყვანისთვისაც მზად უნდა იყო ადამიანი. აქ სინდის-ნამუსის ხმა ისე ძლიერდება, თითქოს ვიღაც ბოლო ხმაზე ჩაგყვიროდეს რუპორით ყურში. სამაგიეროდ, ეს ყველაფერი ამად ღირს. ერთხელ მაინც უნდა გქონდეს ეს ადამიანს განცდილი. არ ვიცი, რა ენას შეუძლია მისი აღწერა, რომელი მწერალი ან რომელი პოეტი უნდა იყო, ის შეგრძნება გადმოსცე, რომელიც მე აღსარების ჩაბარების შემდეგ განვიცადე. სიხარულისა და შინაგანი სიმსუბუქის გამო, თავსხმა წვიმაში ისე მივუყვებოდი გზას, როგორც შეყვარებული წყვილი მზიან ზღვის სანაპიროს. მეორედ მოვევლინე ქვეყნიერებას და ფრთები შემესხა. თუკი ვიტყვი ბედნიერებისგან ჰაერში ვიწევდი-მეთქი, დიდი ვერაფერი ნათქვამი გამომივა, მაგრამ თუკი იმას გეტყვით, როგორ შევიცვალე, როგორ ამევსო გული სიყვარულით და სიკეთით, როგორ მიმაჩნდა ყველა ჩემს და-ძმად, როგორ მიყვარდა ჩემი მოსისხლე მტერიც, (თუ მყავდა ვინმე ასეთი), როგორ ავმაღლდი-მეთქი, არ მიმიჩნიოთ მთლად მეარაკედ და მთვარეულად. მივდიოდი და მივიმღეროდი, ისეთი სიტყვებით ვლოცავდი გზაზე ყველა შემხვედრს, ყველა ჩემკენ იყურებოდა გაღიმებული სახით. ერთი სიტყვით, „რელიგიურ ექსტაზში“ ვიყავი და როგორც ყველანაირ, „ექსტაზს“, არც ამას ეწერა დიდი ხანი, როგორც ეს შემდეგში გამოირკვა. ფანატიკური მიდგომა არაფერში ვარგა თურმე. ყოველთვის უნდა იცოდე თუ რა სიმძიმის ტვირთის აწევა შეუძლია შენს მხრებს, მაგრამ ამას მაშინ მე ვერ ვხვდებოდი. ვხედავ, მენტორული ტონი შემომპარვია. არ მიწყინოთ, გთხოვთ. ემოციები ახლაც მეძალება იმ დროს რომ ვიხსენებ...

 

...

 

გამორჩეულად საყვარელი სიყრმის მეგობარი მეწვია სახლში და ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე მითხრა, „ლაზეთში წავიდეთო“. მე სიხარულისგან მეცხრე ცას ვეწიე. რა გასაკვირია, დავთანხმდი ამ სასიამოვნო შემოთავაზებას. ყოველთვის სიგიჟემდე მინდოდა ლაზეთის მონახულება, ჩვენი სისხლისმიერი ძმების უფრო ახლოდან გაცნობა და მათი გულში ჩახუტება. მე ისედაც წიგნებიდან ლაზურს ვსწავლობდი, ეს  მოგზაურობა კი  შესანიშნავი შანსი იქნებოდა პრაქტიკისთვის. არც დაგვიყოვნებია, დავკარით ფეხი და წავედით...

 

გაღმა სარფის გადასვლამდე, სარფ გამოღმა, ერთი ლაზი ბაბუა გავიცანით. საკმაო ხანს  ვისაუბრეთ. ცრემლიანი თვალებით გვიყურებდა ორთავეს. ერთ ხანს საზღვართან ვიდექით და გაღმა სარფს ვათვალიერებდით შორიდან, თანაც მალულად ბაბუას ცრემლიან თვალებსაც შევავლებდით ხოლმე ნაღვლიან მზერას. „გულის შუაზე გაყოფა განა შეიძლებაო“, - გვითხრა დამწუხრებით. თურქეთ-საქართველოს საზღვარი დიდი ხანია გახსნილია და ყველას დაუბრკოლებლად შეუძლია გადასვლა-გადმოსვლა, მაგრამ როგორც ბაბუამ გვითხრა, მისი დიდი ხნის უნახავი ძმა თურმე ისე გარდაცვლილა გაღმა სარფში, რომ ამ ამბავს ვეღარც მოესწრო...

 

მზე შავ ზღვას დასცქეროდა. შუადღე იყო, თაკარა სიცხე სულს გვიხუთავდა. სარფის მთა-გორები ულამაზეს ქალიშვილად მესახებოდა. შეიძლება ეს ამგვარად მხოლოდ მე მეჩვენობადა, რადგანაც ბავშვობაში სწორედ ამგვარი ფიქრები მეთამაშებოდნენ და ირეოდნენ გულის სიღრმეში. კარგად მახსოვს ჩემს დედულეთში, სოფელ კახათში, ბებია-ბაბუას ეზოში ჭიშკრის წინ ორი ნაძვის ხე ედგათ. როდესაც დილით ვიღვიძებდი ფანჯრიდან ყოველთვის ამ ხეებს ვხედავდი. მათგან ერთ-ერთს გიტარას ვამსგავსებდი, მეორე კი, კუდმორკალულ პატარა დრაკონად მეჩვენებოდა. ქარიან დღეს მათ რხევას  რომ შევყურებდი, საწოლში მარტო ჩუმად ვიცინოდი...

 

ნეტა თქვენ გენახათ ჩემი თვალები ჰაერბურთისხელა რომ გამიხდა, როდესაც პირველად  დავდგი ფეხი ლაზეთის მიწაზე. ლაშას გულწრფელად ეღიმებოდა ჩემს რეაქციაზე, ვიდეოკამერა მოეშვირა ჩემთვის და ჩემს ყველა მიხვრა-მოხვრას აფიქსირებდა. თავად მას ორი წლის წინ შეეგრძნო ეს ბედნიერება და რატომაც არა? მაკვირდებოდა და საკუთარ თავს ვახსენებდი.

 

მისვლისთანავე სიხარულით აღვივსე, ლაზების ამზიანებულ თვალებს რომ ვუყურებდი. ეს განსაკუთრებით მაშინ შევამჩნიე, როდესაც მათ ლაზურად მივუხმატკბილებდი ხოლმე. ბედნიერება იყო ზღვისპირიდან დანახული ლაზური სახლების ხილვა, ასე რომ ამშვენებდნენ მთების სიმწვანეში ჩამალულ სოფლებს.

 

ლაზეთის ულამაზესი ქალაქ-სოფლების შემოვლა, დღის სინათლეზე დავასრულეთ. ვერ ვიტყვი ყველა კუთხე-კუნჭული მოვიარეთ-მეთქი, მაგრამ რაც ვნახეთ, ჩემი სულის აღმაფრენისთვის დიახაც, საკმარისი იყო. პანჭოლშიც ვიყავით, ქაზიმის დაბადების ადგილას, სადაც ფეხი აიდგა, გაიზარდა და სამუდამო ბინაც ჰპოვა ჩვენმა „ლაზეთის მაფშალიამ“. მხოლოდ ლაზეთის?

 

სტუდენტობის პერიოდი ერთად გავიარეთ მე და ლაშამ. ბავშვობიდან ერთად დავდიოდით სათევზაოდ. ორივეს შავი ხუჭუჭა თმა გვქონდა,  არ ვიჭრიდით, ამიტომაც ბიჭები ხუმრობით ზღარბებს გვეძახდნენ. მიყვარდა ძალიან ეს ბიჭი, ძმებივით მუდმივად  ერთად ვიყავით. მეგრული პოეზიის სიყვარულიც მან ჩამისახა გულში. მისი წყალობით გავიცანი დიდი და მალამოსავით ამო პოეტები: დანიელ ფიფია, ლაშა გახარია, გური ოტობაია, გიორგი სიჭინავა და სხვები. მისთვის დამახასიათებელმა თავისებურმა კითხვის მანერამ კიდევ უფრო მომეტებულად გამიღვივა მეგრული ენისადმი სიყვარული და მეც ჩავდგი ფეხი ცოდვაში - ლექსების წერა დავიწყე. თვითონაც რომ წერდა ლექსებს, ეს ამასწინათ გავიგე. აქამდე მიმალავდა თურმე. გავიხარე, სიხარულისგან მეცხრე ცას ვეწიე, ასეთ ლექსებს თუ წერდი, როგორ მიმალავდი-მეთქი. მე რომ გიკითხავდი იმ პოეტების მერე, ჩემი ლექსების წაკითხვისა მრცხვენოდაო - მიპასუხა...

 

აქეთობისას, თურქეთის სარფიდან გადმოსულებმა პირდაპირ ბათუმისკენ ავიღეთ გეზი. ჩავჯექით ავტობუსში. ავტობუსი განათებულ გზას დიდი სისწრაფით უკან იტოვებდა. სცრიდა. სითბოსმოყვარული პეპლები ავტობუსის სინათლისკენ მოიწევდნენ და ჰაერში უწესრიგოდ ირეოდნენ, ხანაც ეთამაშებოდნენ ამ სინათლეს. ზღვიდან მონაბერ თბილ ნიავს ავტობუსის ფანჯრიდან  შიგნით მარილის სუნი შემოჰქონდა. შორიდან შესამჩნევი იყო ცოფიანი ძაღლის დორბლივით აქაფებული ზღვის ტალღები. ბობოქრობდა. ღელავდა ზღვა.

 

გამოვედით გარეთ, უკვე ფეხით წასვლის ძალა არ შეგვრჩენოდა. პირველივე შემხვედრი ტაქსი გავაჩერეთ. მივედით სადგურში. გაგვიმართლა, თერთმეტ საათზე ზუგდიდისკენ წამსვლელი „მარშრუტკა“ ვიპოვეთ. დავადექით გზას, რომელსაც ყველაზე ტკბილი ადგილისკენ მიჰყავხარ დედამიწაზე - ეს ხომ სახლია...

 

ვიხედებოდი ფანჯრიდან და ვგრძნობდი, როგორი ბედნიერი ვიყავი, უზომოდ ბედნიერი. მახსენდებოდა ჩემი არც თუ ისე გამართული ლაზური საუბარი ჩვენს და-ძმებთან. ეს სიხარული ახლაც თან მომყვებოდა, ლაზეთის მთათა მწვერვალებს არწივის ბუდესავით მიკრული სოფლები მიმძაფრებდნენ უფრო ამ მოგონებებს. გული სიხარულით მიფეთქავდა, მეკუმშებოდა. ისეთი განწყობა დამეუფლა, თითქოს ერთ დროს მოკვეთილი ჩემი მარჯვენა მკლავი თავის სასახსრეს დამბრუნებოდა. შევყურებდი ლაშას და მადლობის თქმა საჭირო არ იყო. იგი ისედაც გრძნობდა ჩემს მადლიერებას მისადმი. მე ხომ მისი წყალობით მოვინახულე საკუთარ სხეულს მოწყვეტილი და-ძმები. ლაშა გრძნობდა ამ  ყოველივეს. ხელი ზურგზე მომითათუნა და ორივეს საამოდ გაგვეღიმა. - მომავალი წლისათვის უფრო უკეთ მოვემზადოთ, რათა მეტი ხანი დავყოთ ლაზეთში. აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ-მეთქი, ვუთხარი. ლაშამ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ძალზედ გადაღლილი, ძილს მინებდა. მე კიდევ ცოტა ხანი ვფხიზლობდი, არ ვეპუებოდი ძილს. ვინ იცის, რამდენი ხნის შემდეგ, მეც მივლულე თვალი. როცა გამეღვიძა, უკვე ცაიშში შევდიოდით. ახლა სხვა ენერგიის ძალით სუნთქავდნენ ჩემი ფილტვები...

 

...

 

გზას სრულიად მარტო მივუყვებოდი. სრულიად მარტო იმიტომ, რომ მე აზრებით სხვაგან დავფრინავდი. თორემ ისე ირგვლივ, ხალხის ტევა არ იყო. მივდიოდი და ვფიქრობდი დღევანდელ დღესასწაულზე, აღდგომაზე. რას მახსენებს იგი მე? ბავშვობაში სასაფლაოზე რომ დავდიოდით მთელი ოჯახი და ჩვენს მიცვალებულებს ვიხსენებდით. წითლად შეღებილ კვერცხებს რომ გადავატარებდით ხოლმე ზემოდან საფლავებს და მერე ბავშვები დიდი ჟინით ვუჩეჩქვავდით ერთმანეთს ამ კვერცხებს.

 

ყოველთვის წვიმდა აღდგომას. წვიმა თუ არა, ჟინღლავდა მაინც. ამ აღდგომას კი არცე რთი იყო და არც მეორე. მზე ბავშვის მიერ დარტყმული ბურთივით ნელა გორავდა ზეცის თავანზე. ეტყობოდა რომ მშრალი დღე დადგებოდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ დღეს რაღაც სითბოსმაგვარი რამ მეღვრებოდა გულში. შეიძლება ეს განცდა სხვა დღეებშიც მქონდა, მაგრამ მე ამას ასე ძალუმად მხოლოდ ამ დროს ვგრძნობდი. ახლა რა მომივიდა? აღარც წვიმაა, აღარც მადლი. მივდიოდი და ცრემლი მეძალებოდა. ჩემთვის ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობ ქალაქში  ვიყავი მარტო. დღეს სასაფლაოზეც ვერ მივდივარ, ჩემს მიცვალებულებს ჭიქა რომ წავუქციო-მეთქი. ამ ფიქრებით გზაგასაყარს მივუახლოვდი. გზის მეორე მხარეს გადასასვლელად, მოვინდომე მანქანების უწყვეტი მოძრაობა შემეჩერებინა, იქვე გზისპირას ბოძთან წითელი შუქნიშნის ჩამრთველი ღილაკის მიჭერით. ამისათვის ყურადღება არავის მიუქცევია, დღეს ხომ დღესასწაულია. ყველაფერი დასაშვებია. ეჰ, არაფერი გვეშველება-მეთქი, გავიფიქრე გულში. ამასობაში უკან რომ მოვიხედე, დავინახე ერთი მოხუცი ქალი ძლივსძლივობით რომ მოფამფალებს გზაზე. ცალი ხელი გულზე აქვს მიკრული, მეორე ხელით კი პატარა კალათა უჭირავს წითელი კვერცხებით, კანფეტებით და სააღდგომო პასქით სავსე. ასევე კალათიდან მოუჩანს სანთლები და ერთი ბოთლი ღვინო. ზედმიწევნით ჩემს ბებოს ჰგავს-მეთქი, გავიფიქრე. მინდოდა შემოვხვეოდი და გულში ჩამეკრა, მაგრამ იქვე იმ აზრმაც გამიელვა თავში, არიქა, არ შევაშინო უცნობი ქალი ჩემი ამ საქციელით-მეთქი და თავი შევიკავე. ძლიერ შეწუხებული სახე ჰქონდა. ჭკვიანი, მრავალჭირგადანატანი თვალები წითელი ძაფებით დაძარღვოდა. სასაფლაოსკენ არაქათგამოცლილი, ქშენა-ქშენით მოდიოდა. როგორც კი შემომხედა, იმ წამსვე გავშრი ცოდვისგან. - ბებო, სასაფლაოზე მიდიხარ ალბათ, შემიძლია მიგაცილოთ-მეთქი, - ვუთხარი გაღიმებულმა. ხომ არ მომეყურაო, - იფიქრა მოხუცმა და ისევ  შემომხედა. - ღმერთმა უფლის წყალობა არ მოგაკლოს შვილო, დღევანდელმა დღის მადლმა გაგახაროს, - მერიდება, როგორ უნდა შეგბედოთ, - ყოყმანობდა ბებო. - გეხვეწებით, მე შემიძლია სულ მცირედი სამსახური გაგიწიოთ და ნუ გამაწბილებთ-მეთქი, ვუთხარი. გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე. გაიხარა. უცებ ცრემლმა გაიბრწყინა მის თვალებზე...

 

დროგამოშვებით ბებიას მხარეს ვიყურები, ისიც უკან გაოცებული მომყვება, ჯერ კიდევ უკვირს ყველაფერი. როგორ დამჭკნარა! ერთ დროს სიცოცხლით სავსე ქალი იყო ალბათ. რითი ვჯობივარ მე მას? იმით, რომ ახალგაზრდა ვარ და ყველაფერი მომავალში მაქვს? იმასაც ჰქონდა ეს თავის დროზე. რატომ განვიცდი ყველაფერ ამას ასე, რატომ ვხედავ ჩემს თვალსაწიერზე ჩაქროლილ წლებს? ყველაფერი მიხარია, მიხარია ჩემი განვლილი და გასავლელიც, ჩემი სიბერეც მიზიდავს, ისიც ვიცი, ამას  სიკვდილი რომ მოჰყვება. რატომ მიხარია? იმიტომ რომ ყველაფერს ჩემი თვალით  ვნახავ და შევესწრები. ყველა ხომ ამ გზას ერთად გავივლით. ასე გაიარა ეს ოდითგან კაცობრიობამ და ახლაც ასე გაივლის. აბა, ის არის საშური საქმე, რაც ერთმა ჩემმა ახლობელმა მოიმოქმედა, ახალგაზრდა კაცმა თავი ლეკვივით რომ ჩამოიხრჩო და ყველას რომ გული მოგვიკლა. არა, არ შემიძლია ამის გაგება, შენი ხელით როგორ უნდა მოისწარაფო კაცმა სიცოცხლე? არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ჭირს უძლებ. სწორედ მაშინ აქვს ცხოვრებას აზრი, როდესაც ვიღაცას ეხმარები და სჭირდები. სიხარულსაც მაშინ იგრძნობ, როდესაც თუნდაც ისეთ გალეულ და გაჭირვებულ ადამიანს დაეხმარები, როგორიც ეს მოხუცი ქალია. ერთმანეთის მხარში დგომა, მწუხარების თუ სიხარულის გაზიარება, ტკივილების შემსუბუქება, ეს არის სიცოცხლეს აზრიანს რომ ხდის. არ ვიცი, იქნება სულაც ვცდები, „სხვის ომში ყველა ბრძენიაო“, - ნათქვამია.

 

ბებო სასაფლაომდე მივაცილე. უცებ მობრუნება განვიზრახე, მაგრამ მერე გადავიფიქრე. ბოლომდე დავრჩი...

 

ბებოს ქმარი ომში დაჰკარგვოდა. ერთადერთი შვილი კი აფხაზეთის ომში დაღუპვოდა. ჩემი ბებო გამახსენდა უცებ, მასაც ოცდასამი წლის შვილი გარდაეცვალა დიდი ხნის წინ. ორმაგად მეცოდებოდა ახლა ეს მოხუცი. ის დღეს ჩემი ბებოც იყო!

 

წავიდეთ ბებია, დროა უკვე, როგორ შეგაწუხე, - მითხრა მან. კიდევ ერთხელ დამლოცა, „ჩემს გოჩას, რა ხანიც დააკლდა ის შენ შეგმატოდესო“. ფეხით ხომ არ გავუშვებდი, ტაქსი გამოვიძახე, წასახემსებელი ფული მქონდა ჯიბეში. ბებო თავისი ბინის ახლო-მახლოს დავტოვე. ისე იყო გახარებული და გაღიმებული თითქოს რაიმე ღირებული განძეულობა მეჩუქებინა მისთვის. მე ჩემი ხურდა ფულით მხოლოდ მეტროთი თუ წავიდოდი სახლში. ვიყიდე მეტროს ჟეტონი და კმაყოფილმა გავსწიე ჩემი ბინისკენ...

 

იმ აღდგომა დღეს მე ისეთი მადლი ვიგრძენი, რომ ჩემი სიცოცხლის განმავლობაში არ გამინელდება. გულში ამოუწურავი სიხარული და ბედნიერება მთელი კვირის განმავლობაში აღმაფრენას არ მაკლებდა. მე ხომ უკვე დამჭკნარ, მისავათებულ, ჭირშიმყოფ ბებოს თუნდაც წამით მაინც შევუმსუბუქე ტკივილი, სითბო ვაგრძნობინე და გულით გავახარე...

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.