...
დილით ადრე მივდივარ სკოლაში. როგორც წესი ცხრის ნახევარზე იქ ვარ. ვიწყებ მუშაობას. ცოტა ხანში ისმის ტელეფონის ზარი და ზუგდიდის რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი ბატონი მამუკა ბულია მატყობინებს დიდი ხნის ნანატრ ინფორმაციას - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთა ჩამოსვლას, რათა დაგეგმონ სკოლის რეაბილიტაცია. მოვიდნენ, დავათვალიერეთ მთელი სკოლა, სახურავზეც კი ავედით, დავასურათეთ, გავზომეთ და მოვინიშნეთ ყველა პრობლემა, რაც კი სკოლაში არსებობს. ამ ყველაფრის პარალელურად რესურსცენტრის იურისტი მატყობინებს, რომ ექიმის ვაკანსიების გამოცხადების ვადა იწურება. დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა დავუკავშირდი დასაქმების ეროვნულ ბიუროს და მივიღე მომხმარებელი და პაროლი. დღის ბოლოს ინფორმაცია საპილოტე პროგრამის შესახებ hr.gov.ge-ზე განთავსდა. სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვისთვის მეგობრებთან გავედი, ვისაუბრეთ, ერთმანეთს აზრები გავუზიარეთ და დაღლილ-დაქანცული წავედი სახლში. ვივახშმე, მოსასვენებლად წამოვწექი. გიო (ჩემი უმცროსი, ცელქი ბიჭი) გვერდით მომიწვა. ლაშუკამ, უფროსმა ვაჟმა კი - დიდი სიხარულითა და გაბრწყინებული თვალებით მახარა წინა კბილის „თაგუნასთვის გატანება“.
...
მშვენიერი დილაა. ახლადგამოღვიძებულზე მესმის - დილამშვიდობისა მამიკო! დილამშვიდობისა ლაშა, როგორ ხარ მა? შუბლზე თავი მივადე და ვიგრძენი, რომ სიცხე ჰქონდა. ოჯახის პრობლემები გადავაბარე ხატიას და დედაჩემს... წავედი სკოლაში. პრობლემით დაწყებული დილა სკოლაშიც გაგრძელდა. გაკვეთილის დაწყებამდე გასკდა გათბობის მილი. ადმინისტრატორის დახმარებით მოვაგვარე ეს პრობლემა. ამ პერიოდში მერიიდანაც მოვიდნენ გამხმარი ხეების მოსაჭრელად. დავიარეთ ეზო და სპეციალისტებთან ერთად დავათვალიერეთ ხეები. დაძაბული და ჩემთვის უხასიათო დღის ბოლოს, მოადგილეებთან ერთად შევაჯამეთ დღე და დავგეგმეთ მომავალი. მიუხედავად იმისა, რომ სიცხიანი ლაშა მელოდებოდა სახლში, ტრადიციას არ გადავუხვიე და წავედი მეგობრებთან. ვიმსჯელეთ პრობლემებზე, ბევრიც ვიკამათეთ და დავიშალეთ. სახლში მისულს გიორგის ნათლიები მესტუმრნენ. ცოტა დავლიეთ, ერთმანეთს მოვეფერეთ, წავიღიღინეთ... ლაშას სიცხემ დაუწია... ალბათ მშვიდად დამეძინება...
...
როგორც ყოველთვის, დილა ჩვეულებრივად სკოლით დაიწყო. შევედი ჩემს ოთახში. პირველ რიგში ფოსტა შევამოწმე და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდს ვესტუმრე. სასიამოვნო ინფორმაცია!!! განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტებზე კონკურს აცხადებს. უცებ რაც მოვიფიქრე ის იყო, რომ ნათიასთან, გოგისთან, მანუჩართან, კახასთან და ინეზასთან დავრეკე. დარეკვის მიზანი ერთობრივი პროექტის გაკეთების იდეა იყო. შეხვედრა დავთქვით. მგონია საინტერესო პროექტს მოვამზადებთ. სკოლაში სათვალთვალო კამერებია გაფუჭებული, ტესტირების საკითხებია განსახილველი. რამდენიმე ზარი და შეხვედრა ისეთ „რუტინაზე“, რაზეც მოყოლა არ ღირს. დღეს დავიღალე... „ხვალემ იზრუნოს ხვალისა“.
...
დილით 07:00 საათზე მეღვიძება. ვწესრიგდები. ვსვამ ყავას სიგარეტთან ერთად და ვუყურებ „დისქავერს“. ეს ჩემი უსაყვარლესი არხია, რისი ყურებაც არ მბეზრდება ხოლმე. შემდეგ ვკოცნი მძინარე ბავშვებს და ვემშვიდობები საღამომდე... ისევ სკოლა და სკოლის პრობლემები... საღამოს გურამ დონაჩანაშვილის საღამოზე წასასვლელად ვემზადებოდი, მაგრამ სახლში ლაშა ისევ სიცხიანი დამხვდა, ძალიან მოწყენილი იყო... ცუდ ხასიათზე დავდექი. ვერ წავედი ულამაზეს საღამოზე.
...
დილიდან თათბირი დაანონსდა რესურსცენტრში. დირექტორებისა და ბიბლოთეკარებისთვის. უვარგისი და ვარგისიანი სახელმძღვანელოების ბაზის გაკეთება იყო მთავარი საკითხი. თათბირის შემდეგ მეგობრებთან ერთად „ულევში“ ვისადილეთ და დავიშალეთ. დაშლამდე მეგობრები გურამ დოჩანაშვილის საღამოზე საუბრობდნენ. გული დამწყდა, რომ ვერ დავესწარი თანამედროვეობის უდიდესი კლასიკოსი მწერლის საღამოს. საღამოს სამძიმარი შამგონაში, ხვალ ბიძაჩემს ასაფლავებენ. მეგობრებიც მოვიდნენ და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. ხვალ ალბათ გასვენებას ვერ დავესწრები. ვალდებულებები უპირველეს ყოვლისა. შაბათ-კვირას დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე ხომ „ინტელის“ ტრენინგებით ვარ დაკავებული.
...
კვირა დღეც გათენდა. არაფერი უჩვეულო. დილით ყავა და სიგარეტი... მივიჩქარი ტრენინგის ჩასატარებლად, მაგრამ შუქი ჩაქრა. ენერგოკომპანიამ 9:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება არ აღდგებაო. მასწავლებლები დავაუწყე და სახლს მივაშურე... ბედნიერებაა ერთი თავისუფალი დღე ოჯახთან ერთად...