საზოგადოება
გუდაუთელი ანასიპი, რომელიც თბილისში მკურნალობს [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ანასიპი გუდაუთიდანაა. ის სულ რამდენიმე დღეა, რაც თბილისში, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარში ცხოვრობს. სოჭში დასმული დიაგნოზი, რომ „არაფერი ეშველება“ და განაჩენი - ევთანაზია, თბილისში შეიცვალა.

ქართველმა ვეტექიმებმა მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს. დღეს მკურნალობას უკვე ფეხზე დასადგომად განაგრძობს. ძაღლს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. 

ანასიპი აფხაზური სიტყვაა და ქართულად იმედს ნიშნავს.

მისი ისტორია ასე იწყება - გუდაუთელმა ახალგაზრდებმა დაჭრილი ცხოველი სოჭში გადაიყვანეს, ადგილზე კვალიფიციური ვეტექიმის არარსებობის გამო, რომელიც საჭირო ოპერაციას ჩაუტარებდა. თუმცა ძაღლისთვის საიმედო დიაგნოზი სოჭში არ დაუსვამთ. ურჩიეს დაეძინებინათ, თუმცა არ დათანხმდნენ.

ახალგაზრდები მოგვიანებით თბილისში მოქმედი თავშესაფრის მეპატრონეს უცხოეთში მცხოვრები ქალის მეშვეობით დაუკავშირდნენ. მანამდე ანასიპის შესახებ თამაზ ელიზბარაშვილმა აფხაზეთიდან დევნილი ქალისგან უკვე იცოდა:

„ჯერ გამიხარდა, რომ აფხაზეთში არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც იცავენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების უფლებებს. და მეორე, გამიხარდა, რომ აფხაზეთში არიან ახალგაზრდები, რომლებმაც იციან ერთგულების და სიყვარულის ფასი. ასევე სიცოცხლის ფასი. ეს იყო ჩემთვის მთავარი. ვუთხარი, რომ დავეხმარებოდი, რომ თუ მოახერხებდნენ ძაღლის თბილისში ჩამოყვანას, მზად ვიყავი მისთვის გამეკეთებინა ოპერაცია, რაც არ უნდა ძვირი და რთული ყოფილიყო. ვუთხარი, შემდეგ მკურნალობის კურსსაც ჩავუტარებდი იმისთვის, რომ იქნებ ფეხზე სიარულიც შეძლოს თქო“, - ამბობს „ლაივპრესთან“ საუბარში თავშესაფრის მეპატრონე.

ძაღლს ხერხემალი პარალიზებული აქვს, წინა კიდურებიც ნახევრად, უკანა კი სრულად. სიცოცხლის შენარჩუნების შემდეგ ქართველი ვეტექიმების მთავარი ამოცანა მისი ფეხზე დაყენებაა.

გუდაუთელი ახალგაზრდების მიერ ენგურის ხიდზე გადმოყვანილი ანასიპი ზუგდიდიდან თბილისში უნდა ჩამოეყვანათ. თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, თუ ტრანსპორტირების მხრივ რაიმე პრობლემა შეიქმნებოდა, მზად იყო მგზავრობისთვის საკუთარი ხარჯებიც გაეღო. თუმცა საბოლოოდ ზუგდიდში თანხის მოგროვება და ძაღლის დედაქალაქში გამომგზავრება მოხერხდა.

მისი სამაშველო ჯგუფი ცხოველს თბილისის შემოსასვლელში დახვდა და კლინიკა „აიბოში“ გადაიყვანეს. აქ ის ვეტექიმმა, პროფესორმა ალეკო ქანაშვილმა გასინჯა და რენტგენი გადაუღო.

„პარასკევს დავამთავრებ ძაღლისთვის ეტლის გაკეთებას. ამ ეტლის საშუალებით მაქვს იმედი ნელ-ნელა, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან დიდი შრომა და რთული სამუშაოს ჩატარება, და დროში გაიწელება, რომ ნაწილობრივ შეძლოს ძაღლმა გადაადგილება. შემდეგ ვნახოთ რა მოხდება. მიხარია, რომ ანასიპი ჩემთან მოხვდა და მე შევძელი მისთვის სიცოცხლის გადარჩენა”, - გვითხრა თამაზ ელიზბარაშვილმა.

ძაღლი თბილისში დარჩება თუ გუდაუთაში დაბრუნდება, თამაზ ელიზბარაშვილმა ჯერ არ იცის. ამბობს, სასწაულის შემთხვევაში, როცა ცხოველი ფეხზე გავლას შეძლებს, ბუნებრივია მას კვლავ აფხაზეთში გაამგზავრებენ.

„აფხაზეთიდან თითქმის ყოველ დღე კითხულობენ ძაღლს. თითქმის ყოველ დღე მოდიან იქიდან წამოსული ქართველები. არ მინდოდა აფხაზ ახალგაზრდებს იმედები გაცრუებოდათ. გვინდა ერთმანეთის გვჯეროდეს და ერთმანეთის იმედი გვქონდეს”, - აღნიშნა მან.

აფხაზურ ფორუმებზე ანასიპის ბედით ბევრია დაინტერესებული. აქ ყოველდღიურ სიახლეებს ეცნობიან ძაღლის მდგომარეობის შესახებ. ზოგი პოლიტიკურ კონტექსტზე ამახვილებს ყურადღებას და გუდაუთელ ახალგაზრდებს ქართველი ექიმებისთვის დახმარების თხოვნით მიმართვისთვის აკრიტიკებს. ზოგიც მათ გამბედაობას ამართლებს და ამით ამაყობს კიდეც.

„დაე ჯერ აღიარონ ჩვენი რესპუბლიკა აპსნი. ამის შემდეგ წაიყვანეთ ძაღლები და კატები სადაც გინდათ“, - ამბობს ვინმე დმიტრი ძარი.

„უკვე პოზირებს ჩვენი გმირი. მე ამის მჯეროდა, მე ეს ვიცოდი. არ დავიღლები მადლობის თქმით მათთვის, ვინც მიიღო და იღებს მონაწილეობას ამ საქმეში“, - თავშესაფარში ანასიპისთვის გადაღებული ფოტოს ქვეშ წერს მედეა ქიშმარია.

მაკა კვიცინიას კი სჯერა, რომ სიკეთე გადაარჩენს სამყაროს.

აფხაზეთში ანასიპს ელოდებიან. იმედი აქვთ, რომ მკურნალობა კიდევ უფრო მეტ შედეგს გამოიღებს და გუდაუთელი ძაღლიც შინ მალე დაბრუნდება. მანამდე მისი ჯანმრთელობის შესახებ ყოველდღიურ ამბებს თბილისში მცხოვრები ქართველები სოციალური ქსელის საშუალებით ატყობინებენ.

თამაზ ელიზბარაშვილმა თავშესაფარი 14 წლის წინ ააშენა, თუმცა 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ მისი ხელახლა გაკეთება მოუხდა. აქ მხოლოდ ძაღლებზე არ ზრუნავენ. თავშესაფარში მას ქართული მურა დათვის ბელებიც ჰყავს, რომელიც უნდა გადაშენების საფრთხისგან დაიცვას. ამბობს, რომ მარტო ამის გაკეთება გაუჭირდება, და რომ სახელმწიფომაც საჭიროა აიღოს მისი წილი პასუხისმგებლობა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
სოფელში სულ ორი სკოლა მუშაობდა. ერთ-ერთი, სადაც მოსწავლეები
14:55 / 17.11.2017
სოფელში სულ ორი სკოლა მუშაობდა. ერთ-ერთი, სადაც მოსწავლეები
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული
14:17 / 09.11.2017
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული
სოკოვან დაავადებებთან ერთად მავნებელმა მწერმა აზიურმა ფაროსანამ
12:39 / 06.11.2017
სოკოვან დაავადებებთან ერთად მავნებელმა მწერმა აზიურმა ფაროსანამ
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.