საზოგადოება
ხელისუფლება, ოპოზიცია და არასამთავრობოები ზუგდიდში გარევაჭრობის აკრძალვაზე
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ 20 აპრილს, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა გარევაჭრობის რეგულირების წესი, რომლის თანახმად 15 ქუჩაზე სხვადასხვა სახეობის საქონლით ვაჭრობა აიკრძალება. წესის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. რიგგარეშე სხდომას არ ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა, წევრები - თენგიზ ქოჩუა და ნიკოლოზ ზარქუა. ისინი „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრები არიან. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ყოფილმა „რესპუბლიკელებმა“ გარევაჭრობის რეგულაციის წესის დამტკიცებას თავი აარიდეს და ამ მიზეზით სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

„ჩვენ თავიდანვე ვიყავით ჩართულები დადგენილების მომზადებაში. როცა კომისიაზე იყო ამ საკითხის განხილვა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის და კიდევ ორი წევრის პოზიცია ჩემთვის ცნობილი იყო. ისინი არ ეთანხმებიან გარევაჭრობის რეგულაციის შესახებ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს. მე როგორც მითხრეს, ისინი საკრებულოს სხდომაზე იმიტომ არ გამოცხადდნენ, რომ არ უნდოდათ საკრებულოს მიერ შემოთავაზებული პროექტისთვის ხმა მიეცათ“, - უთხრა „ლაივპრესს“ ანა წითლიძემ.

დეპუტატ თენგო ქოჩუას მტკიცებით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მის არ ყოფნას, კავშირი არ აქვს გარევაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცებასთან. ხოლო ნიკოლოზ ზარქუამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ სხდომის მიმდინარეობის მომენტში ზუგდიდში არ იმყოფებოდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუამ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

საკრებულოს თავმჯდომარისთვის „გაუგებარი“ აღმოჩნდა ოპოზიციის პროტესტი, მაშინ, როცა ნატალია შეროზიას სიტყვებით, გარევაჭრობის ახალი რეგულაციის პროექტი ზუგდიდში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან „შეთანხმებული“ იყო.

თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ უარჰყოფენ, რომ პროექტის მომზადებაში ჩართულები იყვნენ, მაგრამ მათივე განცხადებით, დადგენილების საბოლოო ვარიანტი არ უნახავთ.

„ბოლო შეხვედრაზე, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 4 აპრილს გაიმართა, იყო საუბარი იმაზე, რომ საკითხის დამტკიცებამდე აუცილებლად შედგებოდა მისი საჯარო განხილვა, სადაც ჩართულები იქნებოდნენ მოქალაქეები და უშუალოდ ის ადამიანები ვისაც ეხება ეს საკითხი, ანუ მოვაჭრები, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩვენ არ ვიცით რა წერია დადგენილებაში, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა. ჩვენ მივმართავთ თვითმმართველობას, გამოვითხოვთ და მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ ვიტყვით რამდენად იყო მასში გათვალისწინებული ჩვენი შენიშვნები“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ ხელმძღვანელმა იაგო ფასანძემ.

მის მსგავსად, არ იცის რა წერია საკრებულოს მიერ დამტკიცებულ საბოლოო დადგენილებაში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ, რომელიც პროექტის მომზადების პროცესში თავიდანვე ჩართული იყო.

„სიმართლე გითხრათ ველოდი, რომ საბოლოო ვერსიას გამოგვიგზავნიდნენ, მე არ მინახავს ის ვერსია რაც საკრებულომ გაიტანა. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შენიშვნა, ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები მოვაჭრეები, პირველ შეხვედრას რამდენიმე მოვაჭრე ესწრებოდა, თუმცა დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი ვერ ჩაწვდნენ საკითხს. სხვა შეხვედრებს მოვაჭრეები არ დასწრებიან. გარდა ამისა, გვქონდა შენიშვნები ვაჭრობისთვის გადაცემული ადგილების განკარგვის წესთან დაკავშირებით, მაგრამ სანამ არ ვნახავ დოკუმენტს, ვერ ვიტყვი იყო თუ არა იქ გათვალისწინებული ჩვენი შენიშვნები. ზოგადად, კი ვემხრობით გარევაჭრობის რეგულაციას, ოღონდ ამას არ უნდა მოჰყვეს არეულობა და საპროტესტო გამოსვლები“, - უთხრა „ლაივპრესს“ ჯემალ ჭკადუამ.

გარე ვაჭრობის რეგულირების წესის და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტზე შენიშვნები და რეკომენდაციები გამოქვეყნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“.

ორგანიზაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია პროცესის გარკვეულ რეგულაციაში მოქცევა, რადგან არსებობს პრობლემები სურსათის უვნებლობის, გარემოს დაბინძურების და ქალაქის იერსახის დამახინჯების კუთხით. ხოლო გარევაჭრობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია, დეტალურად უნდა იყოს განმარტებული.

გარევაჭრობის რეგულაციის ახალი წესის მიხედვით, აკრძალვები ვრცელდება ყველა სახის პროდუქციაზე, გარდა წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, ყვავილებისა და სუვენირების რელიზაციისთვის საჭირო კონსტრუქციებზე, სწრაფი გადახდის აპარატების ბანკომატებზე, ნაყინის, წყლის და ყავის აპარატებზე, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე სტანდარტებს. ხოლო იმ ადგილებში, სადაც გარევაჭრობა იკრძალება, დასაშვებია ღია კაფეების მოწყობა, რაზეც დროებითი ნებართვა გაიცემა სეზონურად, გარკვეული ვადით და სათანადო პირობების განსაზღვრის შემდეგ.

გარევაჭრობისთვის საჭირო კონსტრუქციების განთავსების ადგილი და დიზაინი უნდა შეუთანხმდეს ქალაქ ზუგდიდის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურს. ქალაქ ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეებს ორ ალტერნატიულ ფართს სთავაზობენ.

„სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები მოვაჭრეებს ხელსაყრელ, შეღავათიან პირობებს შესთავაზებენ. ხელშეკრულების საფუძვლზე ისინი გათავისუფლებული იქნებიან კომუნალური გადასახადებისგან, უფასოდ ისარგებლებენ სველი წერტილებით და მათთვის განკუთვნილი ადგილისთვის ყოველთვიურად, მინიმალურ თანხას გადაიხდიან“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარევაჭრობის რეგულირების წესის შესახებ საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ქალაქ ზუგდიდის მე-13 საბავშვო ბაღში ძიძამ ერთ-ერთ
15:57 / 15.07.2017
ქალაქ ზუგდიდის მე-13 საბავშვო ბაღში ძიძამ ერთ-ერთ
პატარა ბიჭი საქანელაზე ქანაობს და ღიღინებს.
14:15 / 13.07.2017
პატარა ბიჭი საქანელაზე ქანაობს და ღიღინებს.
ქალაქ გალის მილიციაში დაძაბულ ფონზე მიმდნარეობს ბინადრობის
12:13 / 13.07.2017
ქალაქ გალის მილიციაში დაძაბულ ფონზე მიმდნარეობს ბინადრობის
„ოცდამეერთე საუკუნეში ვართ და ცხენით დავდივართ.
10:10 / 07.07.2017
„ოცდამეერთე საუკუნეში ვართ და ცხენით დავდივართ.
რედაქტორის რჩევით
ქალაქ ზუგდიდის მე-13 საბავშვო ბაღში ძიძამ ერთ-ერთ
პატარა ბიჭი საქანელაზე ქანაობს და ღიღინებს.
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში საკანონმდებლო
ქალაქ გალის მილიციაში დაძაბულ ფონზე მიმდნარეობს ბინადრობის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.