საზოგადოება
ჩვენ ემიგრანტები არ ვართ - გალელები ბინადრობის მოწმობის წინააღმდეგ [ვიდეო]
ქალაქ გალის მილიციაში დაძაბულ ფონზე მიმდნარეობს ბინადრობის მოწმობის მისაღებად საბუთების ჩაბარების პროცესი. მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ დე ფაქტო მთავრობა უარს ამბობს ფორმა #9-ის გაცემაზე, რომელიც აფხაზეთის და რუსეთის პასპორტის არმქონე მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის გადასაკვეთად სჭირდებათ.

გალის ადმინისტრაციის განცხადებით, მანამდე გაცემულ ფორმა #9-ს ვადა ორი თვით, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუხანგრძლივდება, თუ მოქალაქე ბინადრობის მოწმობაზე განაცხადს შეავსებს. დოკუმენტის მოქმედების ვადა 5 წელია.

მოქალაქე ბინადრობის მოწმობის მისაღებად საბუთებს აბარებს გალის მილიციაში. ფოტო: აფსუა ტივი

„77 წლის ქალი ვარ, ჩემი დიდი ბაბუიდან დაწყებული ყველა აფხაზეთში ცხოვრობდა. როგორ მაძლევ „ვიდ ნა ჟიტელსტვოს“, მაშინ როცა ორჯერ არჩევნებზე მონაწილეობა მივიღე. სად იყავი მაშინ, რატომ არ გამაძევეს?!. ან ახლა, რომ მაძლევ „ვიდ ნა ჟიტელსვოს“, რის საფუძველზე? საიდან მოვედით, რომელი ემიგრანტი ჩვენ ვართ!

იცით რა თქვეს რუსებმა? შეგვიძლია ერთი-ორჯერ გაგიშვათ, მაგრამ შეგვიძლია უკან სულ არ შემოგიშვათო. თუ ხალხი არ დადგა ერთიმეორის გვერდით, წასულია აქაური ცხოვრების საქმე. ყოველ დღე უარესდება, ჭიანჭველას უფრო მეტ პატივს სცემენ, ვიდრე ქართველებს“, - უთხრა „ლაივპრესს“ ოკუპირებულ სოფელ ნაბაკევში მცხოვრებმა ქალმა, რომლის ვინაობას მისი თხოვნით არ ვასახელებთ.

მოქალაქეები რიგში დგანან საბუთების ჩასაბარებლად. ფოტო: გალ ტივი

ამ ფონზე გალელების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ უარს ამბობს ახალი დოკუმენტის მიღებაზე. ეჭვი აქვთ, რომ მათი უფლებები შეიზღუდება და რუსეთის სამხედროები აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე არ გაატარებენ.

ადგილობრივი ტელევიზია „გალ ტივი“ იტყობინება, რომ გალის მილიციაში, სადაც მოქალაქეები ბინადრობის მოწმობის მისაღებად საჭირო დოკუმენტებს აბარებენ, იგრძნობა დაძაბული ფონი, რადგან საკითხის ირგვლივ ბევრი უკმაყოფილებაა.

მოქალაქეები გალის მილიციის შენობის ეზოში. ფოტო: გალ ტივი

„ბინადრობის მოწმობა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია. ის იძლევა აფხაზეთში გადაადგილების და მის საზღვრებს გარეთ - საქართველოს რესპუბლიკაში გადაადგილების საშუალებას, რაც მათ (გალელებს) ძალიან აწუხებთ. ბინადრობის მოწმობის ნიმუშები უკვე გადაეცა მესაზღვრეებს და ის ჭორები, რომ თითქოს ამით არ შეიძლება გადასვლა უბრალოდ მოგონილია“, - უთხრა ტელეკომპანია „აფსუა ტივი-ს“ გალის დე ფაქტო საპასპორტო-სავიზო განყოფილების უფროსმა ედუარდ მანარგიამ.

იმის დასტურად, რომ ბინადრობის მოწმობით გაადგილება შესაძლებელია, ტელევიზიებმა უჩვენეს კადრები, თუ როგორ კვეთს გალის მცხოვრები ენგურის ხიდს და ბრუნდება უკან.

მოქალაქეები გალის მილიციაში ბინადრობის მოწმობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მივიდნენე. ფოტო: გალ ტივი

ამ ინფორმაციის არ სჯერათ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებლებს. როგორც „ლაივპრესს“ გალელმა ქალმა უთხრა, ყველაფერი ხალხის დასანახად კეთდება და რეალურად არავინ იცის გაუშვებენ თუ არა მგზავრებს ბინადრობის მოწმობით.

ენგურის ხიდის გავლით აფხაზეთში მიმავალმა მოქალაქეებმა გვითხრეს, რომ გადაადგილება ჯერ კიდევ შესაძლებელია ვადიანი ფორმა #9-ით და რუსეთის და აფხაზეთის პასპორტებით.

დე ფაქტო რესპუბლიკის საპასპორტო-სავიზო განყოფილების ინფორმაციით, მოქალაქე, რომელსაც ბინადრობის მოწმობის მიღება სურს, აფხაზეთში 1995 წლიდან უნდა ცხოვრობდეს. მსურველმა გალის მილიციაში უნდა დატოვოს განცხადება მოთხოვნაზე, ცნობა ოჯახის წევრის რაოდენობაზე და საცხოვრებელი ადგილის შესახებ. ასევე, დაბადების მოწმობა, პასპორტი და პირადობის მოწმობა. იმ შემთხევაში, თუ დოკუმენტი ქართულ ენაზეა, უნდა თარგმნოს რუსულ ენაზე და დაამოწმებინოს ნოტარიუსს. ასევე ფორმა #9, ორი ფოტოსურათი და 940 რუბლის (37 ლარი) გადახდის ქვითარი.