საზოგადოება
ზუგდიდი-თბილისის „საჰაერო ტაქსი“ - წინასაარჩევნო სიცრუე
შარშან, ივნისის თვეში „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის სოფელ ინგირის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკიდან თბილისის მიმართულებით საცდელი ფრენა განახორციელა. სატესტო ფრენა, როგორც მაშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, წარმატებული იყო და იმავე საზაფხულო სეზონზე სერვისის დანერგვაც დაანონსდა.

სულ ეს იყო ინფორმაცია, რაც მაშინ გავრცელდა. სხვა დეტალები, მაგალითად, რომელი კომპანია განახორციელებდა ფრენას და როდიდან, მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგებლის ედიშერ თოლორაიას თქმით, რომელიც პარლამენტის არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად აპირებდა კენჭისყრას, ცოტა ხანში გახდებოდა ცნობილი.

წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა დანაპირებს სხვა განვითარება არ მოჰყოლია. დღეს ზუგდიდის გამგეობაში ამბობენ, რომ საკითხი მათ კომპეტენციას სცდება, რადგან აღნიშნული ასაფრენი ბილიკი შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საკუთრებაა და ინფორმაციის მისაღებად მათთან გადაგვამისამართეს.

„ლაივპრესს“ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ განუცხადეს, რომ ისინი არ არიან ინფორმირებული, ვინ განახორციელა სატესტო ფრენა. გვითხრეს, რომ კითხვებზე პასუხის მისაღებად „საქაერონავიგაციის“, ან „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის“ მიგვემართა.

თავის მხრივ, „საქაერონავიგაციაში“ აღნიშნეს, რომ ისინი ფრენების განხორციელებაზე ნებართვებს არ გასცემენ, არამედ ახორციელებენ მომსახურებას ავიაკომპანიებისთვის, რომ მათი მარშრუტები იყოს უსაფრთხო:

„ვემსახურებით, როცა უკვე ავიაციის სააგენტოდან, აეროპორტიდან შემოვა დადგენილი მიმართულებები, მარშრუტები, გრაფიკები. რა მოხდა და რატომ არ იმუშავა ტაქსმა, ნამდვილად ვერ გეტყვით“.

„სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში“ „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ მათთან სატესტო ფრენა არ ფიქსირდება, ბორტი კი, კომპანია „სერვისეარს“ ეკუთვნის. აქ არ გამორიცხეს, რომ გამგეობაში საავიაციო ტერმინები, მაგალითად „სატესტო ფრენა“ - არასწორად გამოიყენეს.

სააგენტოსვე განმარტებით, გამგეობის მიერ დასახელებული სატრანსპორტო საშუალება ძალიან მსუბუქი საჰაერო ხომალდია და პილოტებს აქვთ უფლება, ასაფრენ-დასაფრენი მოედანი აირჩიონ და მათზე დაშვება განახორციელონ:

„შიდა მიმოსვლა არის მაქსიმალურად დერეგულირებული, არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ ნებართვებს. ეს არის ულტრალაითი ფრენები და შეუძლიათ საფრენი მოედანი სადაც ექნებათ, განახორციელონ დაშვება“.

თავის მხრივ, კომპანია „სერვისეარში“ ადასტურებენ, რომ ბორტი ნამდვილად მათ ეკუთვნით, თუმცა უარყოფენ ინფორმაციას, ინგირის საფრენი ბილიკიდან რაიმე სახის სატესტო ფრენის განხორციელების შესახებ.

კომპანიის დირექტორის, ამირან მანჯავიძის თქმით, ავიატაქსების გაქირავების სერვისი მოქმედებს, ამიტომ შესაძლებელია ეს ფრენა გამგებელმა იყიდა, ისევე როგორც ნებისმიერს აქვს უფლება ისარგებლოს მსგავსი მომსახურებით.

მისივე განმარტებით, ერთი საათით საჰაერო ტაქსით ფრენის საფასური 250 ამერიკული დოლარია, კანონით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვერაფერს გეტყვით. თუ ოფიციალურად ვინმე მომთხოვს ამას, ბუღალტრულად არის აღრიცხული, გვარებიც არის, მაგრამ ეს უნდა მოითხოვოს ისეთმა ორგანიზაციამ, მაგალითად პროკურატურამ და მივცემთ. თქვენ არ შეგიძლიათ მომმართოთ, ამ და ამ ფრენაზე ვინ იჯდა თვითმრინავზე, ამას ვერ გეტყვით“, - გვითხრა კომპანიის დირექტორმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ სატესტო ფრენის განხორციელებისას ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა არ დახარჯულა.

„ლაივპრესი“ არაერთხელ შეეცადა ინფორმაცია მიეღო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატისგან, თუ ვინ გადაიხადა ერთჯერადი ფრენისთვის თანხა და რატომ არ შესრულდა წინასაარჩევნო დანაპირები „საჰაერო ტაქსის“ ამოქმედებაზე, თუმცა ედიშერ თოლორაიას ტელეფონი გამორთული აქვს.

2012 წლის 25 ივნისს, პარლამენტის არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ რეზიდენციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მესტიის შემდეგ აეროპორტი ზუგდიდშიც აშენდა, რაც იყო სიცრუე.

მანამდე, 2011 წლის 9 მაისს მიხეილ სააკაშვილმა სოფელ ინგირის საფრენი ბილიკი გახსნა, რომელიც მხოლოდ მოასფალტდა.

2016 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყებოდა. თარიღი პრემიერ-მინისტრს არ დაუზუსტებია.

„ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა შარშან სექტემბერში.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
სოციალურ ქსელ ფეისბუკის ღია ჯგუფში, სახელწოდებით -
13:49 / 14.09.2017
სოციალურ ქსელ ფეისბუკის ღია ჯგუფში, სახელწოდებით -
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე ზუგდიდში ტრადიციულად
13:56 / 30.08.2017
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე ზუგდიდში ტრადიციულად
საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM fest 2017 ფინანსურად
13:59 / 16.08.2017
საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM fest 2017 ფინანსურად
ქალაქ ზუგდიდის მე-13 საბავშვო ბაღში ძიძამ ერთ-ერთ
15:57 / 15.07.2017
ქალაქ ზუგდიდის მე-13 საბავშვო ბაღში ძიძამ ერთ-ერთ
რედაქტორის რჩევით
შარშან, ივნისის თვეში „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის სოფელ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.