საზოგადოება
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღე აფხაზეთის ომის ისტორიებით [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე ზუგდიდში ტრადიციულად ამავე სახელოობის სკვერში აღნიშნეს. აქ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ აფხაზეთის ომში დაკარგულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრები, გაუჩინარებულთა ძებნაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ გასულ წელს დამზადებულ მონუმენტთან, სახელწოდებით „არ დამივიწყო“, სანთლები აანთეს და გვირგვინები მიიტანეს.

დაკარგულთა ოჯახის წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთის ომის საკუთარი ისტორიები, რომელსაც ყოველ წელს უზიარებენ ერთმანეთს. დევნილი ნონა შეროზია ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელმაც ოჯახის წევრი სოხუმში საომარი მოქმედებების დროს დაკარგა. ნონა შეროზიას მეუღლის, ედიკა პაპავას შესახებ ცნობების მოძიებაში წლებია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ეხმარება, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. ის იმედს არ კარგავს, რომ ოდესმე მისი მეუღლის ნეშთს ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენ საქართველოში გადმოასვენებს:

„წითელი ჯვარი ძალიან დაგვეხმარა, მაგრამ ვერ მოიპოვეს მის შესახებ ვერანაირი ინფორმაცია. მისი კვალი არ ჩანს. ეს იყო 1993 წლის 29 აგვისტო. აფეთქებები იყო ზეგანში და იქ მოხვდა. მას მერე არაფერი ვიცით“, - ამბობს ნონა შეროზია.

უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1992 წლიდან სოხუმელი მარინა გორბატიუკიც. ის 27 წლის ასაკში სოხუმში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს გაუჩინარდა, მაშინ, როცა ქალაქიდან გაღწევას ოჯახთან ერთად ცდილობდა. როგორც დაკარგულის რძალი ლელა ნაყოფია იხსენებს, ახალგაზრდა ქალს ბოლოს ძმა ესაუბრა:

„დაიკარგა სოხუმში პირველსავე დღეს, ოჯახს მოსცდა და მას მერე დაიკარგა. ის და ჩემი მეუღლე სახლიდან ერთად გამოვიდნენ. ჩემმა მეუღლემ უთხრა, ერთმანეთს პორტში შევხვდეთო. მეუღლე უკან დაბრუნდა საბუთებზე და როცა მობრუნდა, იქ არ დახვდა“, - იხსენებს ლელა ნაყოფია.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელი ნანა გულორდავა ამბობს, რომ საომარ თუ სხვადასხვა ვითარებაში დაკარგულთა ზუსტი ციფრი ცნობილი არ არის, თუმცა ის აჭარბებს ასეულობით ადამიანს. მისი სიტყვებით, წითელი ჯვრის ინიციატივით, 2010 წელს ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფის შეიქმნის შემდეგ, რომელიც 1992-93 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს სწავლობს, იპოვეს 370 ნეშთი, საიდანაც 100 უკვე გადაეცა ოჯახებს.

„მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ელოდება თავისი ოჯახის წევრის ხვედრზე ინფორმაციას და ჩვენ ამ კუთხით ვაგრძელებთ მუშაობას. ამჟამად - 2017 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით 40-მდე სამარხი იქნა გახსნილი, საიდანაც 150-მდე ნეშთი იქნა აღმოჩენილი, რომლის გამოკვლევა და შესწავლა მიმდინარეობს. იდენტიფიცირების შემთხვევაში ისინი გადაეცემა ოჯახებს“, - განაცხადა ნანა გულორდავამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ დაკარგულთა ოჯახის წევრების ძიების პროცესში უფრო აქტიურად ჩართვის მიზნით შემქნილი ოჯახური კომიტეტის წევრები. როგორც კომიტეტის წარმომადგენელი ნანა ხარაიშვილი ამბობს, ხშირად იკრიბებიან, თუნდაც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების დაახლოების და პრობლემების ერთმანეთისთვის გაზიარების მიზნით:

„უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებისგან შედგება ეს კომიტეტი და ჩვენ მზად ვართ მომავალშიც გავაგრძელოთ ეს საქმიანობა და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, დავაიმედოთ ერთმანეთი“, - აღნიშნა მან.

30 აგვისტო, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, მსოფლიოში 1983 წლიდან, საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია დაკარგულ პირთა პატივისცემა, მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იმ შედეგების შესახებ, რაც ოჯახისთვის ადამიანის გაუჩინარებას მოაქვს.

დღევანდელი შეხვედრა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების კომიტეტის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და ახალგაზრდა ექიმთა და ფსიქოლოგთა ასოციაცია "ქსენონის" ორგანიზებით მოეწყო.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
სოციალურ ქსელ ფეისბუკის ღია ჯგუფში, სახელწოდებით -
13:49 / 14.09.2017
სოციალურ ქსელ ფეისბუკის ღია ჯგუფში, სახელწოდებით -
შარშან, ივნისის თვეში „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის სოფელ
15:08 / 23.08.2017
შარშან, ივნისის თვეში „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის სოფელ
საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM fest 2017 ფინანსურად
13:59 / 16.08.2017
საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM fest 2017 ფინანსურად
ქალაქ ზუგდიდის მე-13 საბავშვო ბაღში ძიძამ ერთ-ერთ
15:57 / 15.07.2017
ქალაქ ზუგდიდის მე-13 საბავშვო ბაღში ძიძამ ერთ-ერთ
რედაქტორის რჩევით
შარშან, ივნისის თვეში „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის სოფელ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.