საზოგადოება
იტალიური ასოციაციის და აფხაზების პასუხი საქართველოს მოქალაქის პროტესტზე
ქართველმა სტუდენტმა ქრისტინა არაქელოვამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა იტალიაში, ასოციაცია „რონდინე, მშვიდობის ციტადელის” საერთაშორისო სტუდენტურ ცენტრში სწავლებასა და ორწლიან სტიპენდიაზე. ამის შესახებ ის „ფეისბუკის“ პირად გვერდზე წერს. გადაწყვეტილების მიზეზი, როგორც თავად განმარტავს, ორგანიზაციის დამოკიდებულება აღმოჩნდა აფხაზეთის მიმართ. კერძოდ, ხელმძღვანელი პირების მხრიდან მისი სუვერენულ სახელმწიფოდ მოხსენიება შეხვედრებზე, უნივერსიტეტთან ახლოს კი საქართველოს და სხვა ქვეყნის დროშების გვერდით, აფხაზეთის დროშის გამოფენა.

ქრისტინა არაქელოვამ მიმართვა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა, სადაც დეტალურად საუბრობს გარემოებებზე, რამაც აიძულა უკიდურესი ფორმისთვის მიემართა და უარი ეთქვა მოპოვებულ სტიპენდიაზე.

ქართველი სტუდენტის თქმით, პირველი პროტესტი მას შემდეგ გაუჩნდა, როცა ორგანიზაციის პრეზიდენტმა აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ახსენა. რეაგირება მაშინვე ჰქონდა ამ ყველაფერზე და მიუთითა, რომ ეს არასწორი იყო.

„ვუთხარი, აფხაზეთი არის თვითაღიარებული რესპუბლიკა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაა. მოვითხოვე, რომ არ მოიხსენიოს როგორც ქვეყანა, რაზეც მან ხუმრობით მითხრა, რომ ჩვენ შორის ეძახის ქვეყანას და ოფიციალურ შეხვედრებზე ასე არ არის. თუმცა გავიდა გარკვეული დრო და ოფიციალურ შეხვედრებზეც მოიხსენია აფხაზეთი, როგორც ქვეყანა“, - ამბობს ქრისტინა არაკელოვა.

მისივე განმარტებით, ასოციაცია „რონდინე, მშვიდობის ციტადელი” გულისხმობს კონფლიქტური ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის სასწავლო კურსს, რომლებიც „რონდინეს კამპუსში ცხოვრობენ“ მშვიდობის შესაქმნელად. ამ სტუდენტებს შორის ერთ-ერთი აფხაზი ახალგაზრდა დარია პაპბაა.

ქრისტინა არაქელოვას კიდევ ერთი პროტესტის მიზეზი სასწავლო ცენტრის სიახლოვეს საქართველოსთან ერთად აფხაზური დროშის, როგორც სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს გამოფენა გახდა. მან აუხსნა ორგანიზაციის პრეზიდენტს, რომ ის არა რომელიმე პერსონის, არამედ ქვეყნის ოფიციალური ატრიბუტია, თუმცა განმარტავს - ამ ყველაფერზე პასუხი მხოლოდ ღიმილი იყო.

„მე, ქრისტინა არაქეოლოვამ გადავწყვიტე პროტესტის ნიშნად დავტოვო ეს პროგრამა და დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში. ვინაიდან მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის უპირველეს ყოვლისა. ეს იქნება ჩემი პროტესტი ამ პროგრამის, ამ ორგანიზაციის, ამ პოლიტიკური ხედვის მიმართ“, - ამბობს ქართველი სტუდენტი ვიდეომიმართვაში.

„ლაივპრესი“ დაუკავშირდა თავად სასწავლო ცენტრის აფხაზ სტუდენტს. დარია პაპბა ფიქრობს, რომ მისი პოზიცია არ განსხვავდება „რონდინეს“ ოფიციალური პოზიციისგან, რაც ორგანიზაციამ საპასუხოდ გამოაქვეყნა საკუთარ ვებ-გვერდზე. ამბობს, რომ მეტს ვერაფერს დაამატებს.

„მით უმეტეს, ეს სიტუაცია ეხება რონდინეს საქმიანობას და არა პირადად მე. შეგიძლიათ პირადად მათ მიმართოთ“, - გვითხრა მან.

ქრისტინა არაქელოვას განცხადებას გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი კან ტანია. ის წუხს, რომ საქართველოს მოქალაქემ რონდინეში ყოფნიდან მხოლოდ ორ თვეში, მას შემდეგ შეამჩნია სასწავლო ცენტრის ახლოს, სხვა დროშებთან ერთად გამოფენილი აფხაზეთის დროშა, რაც ვერ გაიარა გამოსაცდელი ვადა და ვერ გახდა პროგრამის მონაწილე.

„საწყენია, რომ ახალგაზრდა გოგონა არ იყო დიალოგისთვის განწყობილი და გახდა საქართველოს ილუზორული პოლიტიკის ტყვე. ის შეეცადა მოეპოვებინა პოლიტიკური ქულები და გამხდარიყო „ეროვნული გმირი“, პრაქტიკულად იმ ადამიანების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებით საქართველოდან, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ რონდინში, ან აქვთ სურვილი, მომავალში ამ პროგრამაში ჩაერთონ“, - წერს კან ტანია.

თავის მხრივ, იტალიური სასწავლო ცენტრის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის ნეიტრალური, საზოგადოებრივი, და არა პოლიტიკური ასოციაციაა, რომელიც კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან მუშაობს, უთანხმოებების დიალოგის გზით დაძლევის და ომის შედეგად დარჩენილი იარების მოშუშების მიზნით.

„რონდინეს მიზანია მრავალფეროვანი საზოგადოების თანაარსებობის ხელშეწყობა. მხოლოდ ამ მიზეზით გამოფინა მან აქ მცხოვრები ყველა მონაწილის დროშა. რონდინე მიესალმება ინდივიდს, მის პირად ისტორიებს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მის ხალხს, ოჯახს. რონდინე ნეიტრალურია, ის არ ეხება პოლიტიკურ საკითხებს, არც ეროვნულ და არც საერთაშორისოს. არც ტერიტორიულ დავებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციისვე თქმით, მიესალმებიან ყველა იმ ადამიანს, ვინც ღიაა დიალოგისთვის.

რაც შეეხება ქრისტინა არაქელოვას, აღნიშნულია, რომ ის აღარ არის მათი პროგრამის მონაწილე. ეს მას შემდეგ, რაც მან ვერ გაიარა ტრენინგის საცდელი ეტაპი.

„ძვირფასო ქართველო მეგობრებო, გირჩევთ პირადად მოინახულოთ რონდინე, რათა უშუალოდ გაეცნოთ ასოციაციის მუშაობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ მათ ჰქონდათ კომუნიკაცია იტალიურ მხარესთან, სადაც განუცხადეს, რომ აღნიშნული საკითხი რეგულირდება ქვეყნის ნორმატიული აქტით. კერძოდ, ხელისუფლებას არ აქვს ბერკეტი, აუკრძალოს და მიუთითოს კერძოდ ორგანიზაციას ან კომპანიას, თუ როგორ იმოქმედოს საკუთარ ტერიტორიაზე, მათ შორის განახორციელოს კონკრეტული ღონისძიები, გამოფინოს დროშა და სხვა.

„რაც შეეხება ამ კერძო უნივერსიტეტს, რომელიც ფინანსდება მხოლოდ კერძო შემოწირულოებით, ცხადია მის საქმიანობას არანაირ გავლენა და კავშირი არ აქვს იტალიის ოფიციალურ პოზიციასთან. თუმცა საელჩო უკვე მუშაობს ყველა შესაბამისი არხით. მათ შორის უშუალოდ ამ უნივერსიტეტთანაც გვექნება კომუნიკაცია. განვუმარტავთ ჩვენს პოზიციას და ვნახოთ როგორ დასრულდება ეს პროცესი“, - გვითხრეს სამინისტროში და დასძინეს, რომ მათი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სწორედ არაღიარების პოლიტიკის შეუქცევადობაა და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ.

უწყებაში განმარტეს ისიც, რომ იტალიის მთავრობას არაერთგზის გაუჟღერებია საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადებები და ეს დამოკიდებულება მათთვის კარგად არის ცნობილი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების
18:33 / 12.12.2017
სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამართულ დაჯილდოებაზე „დავასუფთავოთ
საქართველო“
19:28 / 07.12.2017
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამართულ დაჯილდოებაზე „დავასუფთავოთ საქართველო“
მარტვილში ახალგაზრდა მეღვინე ქალი გადაშენების
09:51 / 06.12.2017
მარტვილში ახალგაზრდა მეღვინე ქალი გადაშენების
რედაქტორის რჩევით
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამართულ დაჯილდოებაზე „დავასუფთავოთ საქართველო“
მარტვილში ახალგაზრდა მეღვინე ქალი გადაშენების
ძნელია მოძალადე ქმრისგან წამოსვლა, როცა არ იცი შემდეგ როგორ იარსებო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.