საზოგადოება
ფეისბუკი, გუგლი, ვაიბერი, ვოცაპი და ტელეგრამი - გავრცელდება თუ არა რუსეთის შესაძლო აკრძალვები აფხაზეთში
რუსეთმა შესაძლოა WhatsApp-ს, Viber-ს, Google-ს, Facebook-ს და Telegram-ს საკუთარ ტერიტორიაზე მუშაობა აუკრძალოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი ფედერაციის კანონმდებლობას არ დაემორჩილებიან. კერძოდ, კანონის თანახმად, ვებ-გვერდები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებზე პერსონალურ ინფორმაციას ფლობენ, რუსულ სერვერებზე უნდა განათავსონ. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის კომუნიკაციების მინისტრმა ნიკოლაი ნიკიფოროვმა განუცხადა.

გავრცელდება თუ არა შეზღუდვა ოკუპირებულ, მათ შორის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც ამ დრომდე სწორედ რუსული ოპერატორები მოქმედებენ, ჯერჯერობით უცნობია.

ქართველი სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ჩანაფიქრი, განხორციელების შემთხვევაში ადამიანების გამოხატვის და ინფორმაციების თავისუფლად მოპოვების უფლებისთვის საფრთხის შემცველია, და თუ სოხუმი რუსეთის ინიციატივას გაიზიარებს, შესაძლოა მან თვითიზოლაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის, ანდრო გოცირიძის განცხადებით, მოსკოვი კიბერქსელებს საინფორმაციო ომისთვის იყენებს, საკუთარი პროპაგანდის გავრცელების მიზნით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის დასავლურ ღირებულებებთან. ამიტომაც, მისთვის მთავარი ამოცანა ვაკუუმის შექმნაა, შემდგომში ალტერნატიული სივრცის შესაქმნელად.

ანდრო გოცირიძის განმარტებით, WhatsApp, Viber, Google თუ Facebook სოციალური მედიის მძლავრი ბერკეტი და კარგი საშუალებაა მოსახლეობაში განათლების, დასავლური ცივილიზაციის შესატანად, რუსეთის სამიზნეც სწორედ ამ მიზეზით გახდა.

„ეს არის მათ სამხედრო წრეებში აპრობირებული პოლიტიკა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროიდან მოდის და ძირითადად მიმდინარეობს დასავლური ცხოვრების წესზე შეტევის თვალსაზრისით, რომ არ მოხდეს ორიენტაციის შეცვლა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - უთხრა ექსპერტმა „ლაივპრესს“.

მისივე თქმით, ეს შესაძლოა განვიხლოთ საპასუხო ნაბიჯადაც საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზაზე გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების, მათ შორის ვიზის ლიბერალიზაციისთვის, რომელიც ცალსახად გულისხმობს აფხაზების და ოსების ინტეგრაციას საქართველოს გავლით.

ჰპოვებს თუ არა შეზღუდვები აკრძალვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც, რუსული ოპერატორები მოქმედებენ, ანდრო გოცირიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ კი, რადგან სინამდვილეში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები არ არიან სახელმწიფოები, „საოკუპაციო რეჟიმი“ კი აქაც ალბათ ეცდება საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებას.

შეძლებს თუ არა აფხაზეთი, რომელსაც პრეტენზია აქვს სუვერენიტეტზე, აღნიშნულ საკითხში დაუპირისპირდეს მოსკოვს, სპეციალისტი ეჭვობს, რომ ვერა. მისი განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დიდ საინფორმაციო ვაკუუმთან ერთად, საქმე გვაქვს რუსეთის უშიშროების და სამხედროების სოლიდურ წარმომადგენლობაზე ორივე რეგიონში, ამ პირობებში კი თავისუფლების ჩანასახზე საუბარი რთულია.

„როცა ადამიანებს ინტერნეტს ართმევ და შენს საკუთარ ინტერნეტს ქმნი, მე ასეთი მახსენდება ჩრდილოეთ კორეაში. ირანშიც ალბათ. რა თქმა უნდა, იზოლაციისკენ გადაგმული ნაბიჯია ცალსახად“, - განმარტა ანდრო გოცირიძემ და შენიშნა, რომ შესაძლოა რუსეთმა შეზღუდვები საკუთარი „სპეციფიკური დემოკრატიის“ გათვალისწინებით ერთგვარ ნორმად მიიჩნიოს, თუმცა სინამდვილეში პერსონალური ინფორმაციის დაუცველობა და გამჟღავნება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა.

ანდრო გოცირიძისთვის რთული სათქმელია, დათანხმდებიან თუ არა კონკრეტული სოციალური ქსელები თანამშრომლობას ეფესბესთან. ერთადერთი, რაც ზუსტად იცის, არის ის, რომ ჩამოთვლილ კომპანიებს აქვთ მყარი ღირებულებები ადამიანის უფლებების პატივისცემის და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის კუთხით. შექმნილი მოცემულობის გათვალისწინებით კი, რამდენად მოახერხებენ მუშაობას საკუთარი შინაგანი კონსტიტუციიდან გამომდინარე, წინასწარ ამაზე საუბარი უჭირს.

ანდრო გოცირიძისგან განსხვავებით, „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური მიიჩნევს - მიუხედავად იმისა, რომ საუბარია თვითაღიარებულ რესპუბლიკაზე, სადაც რუსეთის მფლობელობაში არსებული ოპერატორები მოქმედებენ, იმთავითვე მოსკოვის ეს გადაწყვეტილება აფხაზეთის ტერიტორიაზე არ აისახება.

„ავტომატურად ეს ასე არ მოხდება, თუ ისინი თავად არ მოახდენენ ამ გადაწყვეტილების მიღებას. რუსეთის მფლობელობაში არსებული ოპერატორები მოქმედებენ ჩვენს გვერდითა რესპუბლიკაშიც. მაგალითად სომხეთის ტერიტორიაზე. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეს ოპერატორები ავტომაურად უერთდებიან? თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სხვაობაა სომხეთსა და თვითაღიარებულ რესპუბლიკას შორის, მაგრამ მე ვსაუბრობ ტექნიკურ დონეზე და და რუსეთის მფლობელობაში მყოფი ოპერატორების მიდგომებზე“, - უთხრა უჩა სეთურმა „ლაივპრესს“.

მისი თქმით, თუ სოხუმი გაიზიარებს მოსკოვის გადაწყვეტილებას, კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს თვითიზოლაციისკენ, რადგან ინტერნეტი, რომელიც არ არის ინფორმაციის თავისუფლად გაცვლის და მოპოვების პლატფორმა, არა ინტერნეტი, არამედ აბსოლუტურად სხვა შემთხვევაა.

„ეფესბეს ხელში ინფორმაციების აღმოჩენა ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლები პრობლემაა. თუ მოუნდებათ, ისედაც აღმოჩნდება, იმიტომ, რომ განუკითხაობაა სრული. აქ ლაპარაკია სხვა რაღაცაზე. ლაპარაკია გამოხატვის თავისუფლებასა და მის შეზღუდვაზე, ინფორმაციის თავისუფლად დაცვის უფლებებზე“, - აღნიშნა უჩა სეთურმა.

მანამ, ვიდრე გაირკვევა WhatsApp-ს, Viber-ს, Google-ს, Facebook-ს ბედი მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა გაფრთხილების ოქმი უკვე დაწერა Telegram-ის მიმართ, კანონმდებლობის დაუმორჩილებლობის, კერძოდ ინფორმაციის გაუცემლობისთვის. შესაძლოა საქმეს სასამართლო მსვლელობაც მიეცეს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელებიც
წინასაარჩევნო პროცესების
14:14 / 17.10.2017
ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელებიც წინასაარჩევნო პროცესების
ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. ზუგდიდის ტექნოპარკში ტრენერის
23:08 / 14.10.2017
ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. ზუგდიდის ტექნოპარკში ტრენერის
ქართველმა სტუდენტმა ქრისტინა არაქელოვამ პროტესტის ნიშნად
18:38 / 28.09.2017
ქართველმა სტუდენტმა ქრისტინა არაქელოვამ პროტესტის ნიშნად
სოციალურ ქსელ ფეისბუკის ღია ჯგუფში, სახელწოდებით -
13:49 / 14.09.2017
სოციალურ ქსელ ფეისბუკის ღია ჯგუფში, სახელწოდებით -
რედაქტორის რჩევით
აფხაზეთში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. ზუგდიდის ტექნოპარკში ტრენერის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.