საზოგადოება
რა პროგრამას სთავაზობს ზუგდიდის მერია ძალადობის მსხვერპლ ქალებს
ძნელია მოძალადე ქმრისგან წამოსვლა, როცა არ იცი შემდეგ როგორ იარსებო. ქალები ძალადობას წლების განმავლობაში ითმენენ იმიტომ, რომ არ არიან ეკონომიკურად ძლიერები, - ამბობენ ქალთა უფლებების დამცველები და ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომელთაც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ვესაუბრეთ.

ზუგდიდში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქალმა გვითხრა, რომ მოძალადე ქმრისგან წამოსასვლელად დიდი დრო დასჭირდა, რაც ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვის გარდა, ეკონომიკური სირთულეებითაც იყო განპირობებული.

„ძალიან ძნელია გააცნობიერო, რომ მსხვერპლი ხარ. როცა ფსიქოლოგიურ ბარიერებს გადალახავ, შემდეგ იწყებ ფიქრს იმაზე, როგორ იარსებო ქმრის ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ“, - ამბობს ძალადობის მსხვერპლი.

ის მეორე წელია რაც მოძალადე ქმრისგან წამოვიდა. ამბობს, რომ დამოუკიდებლად მოახერხა საზოგადოებაში თავის დამკვიდრება. თავის დროზე მუნიციპალური სერვისები ვერ მიიღო, იმ მიზეზით, რომ ზუგდიდის მერიაში არსებული ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარების პროგრამის არსებობის შესახებ არ იცოდა.

ზუგდიდის ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ გვითხრა, რომ მერია ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის 800 ლარიან ერთჯერად ფულად დახმარებას გასცემს.

„მიმდინარე წელს, თემში 3, ქალაქში კი ერთი ქალბატონი იყო, ვინც ჩვენგან იღებდა ფულად დახმარებას“, - განმარტა მან.

ფოტოზე: ნინო სხულუხია

მერიის ფულადი დახმარების მიმღებ ძალადობის მსხვერპლ ქალებს შორის ერთ-ერთს არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარი“ დაეხმარა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში.

„არასრულწლოვანმა გოგონამ მოგვმართა. ჩვენ დავეხმარეთ ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოგროვებაში, რის შემდეგაც მის ანგარიშზე ჩაირიცხა 800 ლარი. მისთვის ეს თანხა იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ზოგადად, არ ვარ მომხრე ერთჯერადი დახმარებებით დაფინანსების, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა მხარს ვუჭერ, იმიტომ რომ ცენტრალურ დონეზე ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარებისა და მათი ეკონომიკური გაძლიერებისთვის არაფერი კეთდება“, - გვითხრა არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარის“ ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ.

მისივე თქმით, ფულადი დახმარებების გაცემის პარალელურად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით უნდა გააგრძელოს მუშაობა.

ფოტოზე: ხათუნა ბეჭვაია

„ახალი წლის ბიუჯეტის კანონპროექტის სოციალურ პროგრამებში არის დაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. მინდა რომ გამოვიყენო ეს პროგრამა და მათი თანადაფინანსების და სხვა დონორი ორგანიზაციის არსებობის შემთხვევაში, გავხსნა ზუგდიდში სოციალური საწარმო ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, რათა მოხდეს მათი დასაქმება და ეკონომიკური გაძლიერება“, - განაცხადა ხათუნა ბეჭვაიამ.

„სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის“ ცენტრის ხელმძღვანელი ციცინო შენგელიაც მიიჩნევს, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალების დაფინანსებით ზუგდიდი სხვა მუნიციპალიტეტებისგან გამოირჩევა, თუმცა მისივე თქმით, საჭიროა ადგილობრივ თვითმმართველობებში ისეთი მოხელეები იყვნენ დასაქმებულები, რომლებიც მეტად მგრძნობიარე იქნებიან გენდერული საკითხების მიმართ.

„კარგი სტარტი გვაქვს, მაგრამ მეტი მუშაობაა საჭირო. 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში სოფლის რწმუნებულებთან გვქონდა შეხვედრები. ისინი ფიქრობენ, რომ ქალებზე უპირატესები არიან, თუმცა რატომ, პასუხი არ აქვთ. ამ სოფლებში ფაქტი რომც გამოვლინდეს, ასეთი რწმუნებული იტყვის, რომ ოჯახის ამბავი გარეთ არ უნდა გავიდეს. კარგი იქნება მოხდეს მოხელეთა გადამზადება გენდერული სწავლების მიმართულებით, იმისათვის რომ შევძლოთ სოფლად მეტი ასეთი ფაქტის გამოვლენა“, - თქვა ციცინო შენგელიამ.

ფოტოზე: ციცინო შენგელია

ზუგდიდის მერიაში გვითხრეს, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მომავალ წელს გათვალისწინებული ერთჯერად ფულადი დახმარება ისევ 800 ლარი იქნება. გარდა ამისა, ზუგდიდში მალე გაიხსნება კრიზისული ცენტრი, რომელსაც შენობა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადასცა, ცენტრი 6 – 7 ბენეფიციარზეა გათვლილი.

ფოტოზე: გოგი რევია

რაც შეეხება, საჯარო მოხელეთა გადამზადების საკითხს, ზუგდიდის მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის გოგი რევიას თქმით, ახალ ბიუჯეტში ამ მიმართულებით თანხა გათვალისწინებულია.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების
18:33 / 12.12.2017
სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამართულ დაჯილდოებაზე „დავასუფთავოთ
საქართველო“
19:28 / 07.12.2017
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამართულ დაჯილდოებაზე „დავასუფთავოთ საქართველო“
მარტვილში ახალგაზრდა მეღვინე ქალი გადაშენების
09:51 / 06.12.2017
მარტვილში ახალგაზრდა მეღვინე ქალი გადაშენების
რედაქტორის რჩევით
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამართულ დაჯილდოებაზე „დავასუფთავოთ საქართველო“
მარტვილში ახალგაზრდა მეღვინე ქალი გადაშენების
ძნელია მოძალადე ქმრისგან წამოსვლა, როცა არ იცი შემდეგ როგორ იარსებო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.