საზოგადოება
აბაშაში 130 წლის სკოლას დაანგრევენ, ფიცრებს კი ეპარქიას მისცემენ [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მომავალში არა, მაგრამ წარსულში აბაშაში ნამდვილად იმოგზაურებთ. აქ მრავლად შეხვდებით კოლხური არქიტექტურის ნიმუშებს, მეგრულ ოდა-სახლებს, რომლებიც გასულ საუკუნეებს ინახავენ. ერთ-ერთი ასეთი სოფელ მაცხოვრისკარის 130 წლის ხისგან ნაგები სკოლაა.

სკოლის ფოტო ცოტა ხნის წინ ფეისბუკში ანა ანასე მარგველაშვილმა გაავრცელა და პოსტი დაწერა.

„დღეს, ცხადია სასკოლო/სასწავლო გამოწვევებს ვეღარ პასუხობს ეს შენობა და როგორც გავიგე, გადაწყვიტეს დაშალონ და მის ადგილას ააშენონ ახალი სკოლის შენობა, ისეთი, როგორიც სოფელს სჭირდება და უნდა ჰქონდეს კიდეც. რომ არ ანგრევენ, უკვე კარგია, მაგრამ რა ვქნა, ასეთი სამუზეუმოდ გამზადებული მეხსიერების ადგილები დასაშლელადაც მენანება. ნეტა სოფელში იქვე ახლოს არ არის ადგილი ახალი სკოლისთვის? ეს კი სოფლის მუზეუმად გადაეკეთებინათ, არაფორმალური განათლების ცენტრად, კინო-კლუბად, ან სოფლის კვლევით ცენტრად, სოფლის არქივად! რავი, იდეებს რა დალევს. ძალიან მომწონს რა. ან ნეტა სოფლის მაცხოვრებლები რას ფიქრობენ ამ შენობის აღებაზე? უნდათ, ენანებათ, არ აინტერესებთ? საინტერესოა“, - წერს პოსტის ავტორი.

ჩვენ სოფელ მაცხოვრისკარში ჩავედით და ადგილობრივებს ვკითხეთ, რას ფიქრობენ სკოლის შენობის შენარჩუნებაზე. ამბობენ, რომ ძველის ბედზე მეტად ახალი სკოლის აშენება აინტერესებთ.

ერთსართულიანი ხის შენობა კოლხური ოდის მსგავსად აგურის ბოძებზე დგას, რომელიც სიძველის გამო ნახევრად დაშლილია. ასევე, ნახევრადმორღვეული კიბის ბოლოს, ალაგ-ალაგ ჩამტვრეული გრძელი აივანია, შენობაში შესასვლელი კარი კი ყველა ფანჯრის და კარის მსგავსად თითქმის დამპალი. სკოლაში არ მოიძებნება საკლასო ოთახი, რომლის იატაკი მთელი იყოს. ზოგან ჩამონგრეულია ჭერი და დამპალია კედლები.

სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოკუჩავა გვეუბნება, რომ შენობაში ბავშვების უსაფრთხოება დაუცველი იყო, ამიტომ გაკვეთილებს სოფლის ადმინისტრაციის შენობაში ატარებენ. ადრე მაცხოვრისკარის სკოლაში 200-მდე მოზარდი სწავლობდა, ახლა კი 56 მოსწავლეა. სკოლაში სულ 9 კლასია.

„შენობა შეიძლება ერთ დროს იყო ისტორიული, მაგრამ ახლა იმდენად ამორტიზებულია, რომ ბავშვების ყოფნა არ არის უსაფრთხო. 1991 წლიდან დავინიშნე სკოლის დირექტორად. სკოლა ჯერ კიდევ 1987 წელს უნდა აშენებულიყო, მაგრამ დღემდე ასევ ვართ“, - გვითხრა სკოლის დირექტორმა სვეტლანა ბოკუჩავამ.

ამბობს, რომ კულტურის სამინისტროს დასკვნის მიხედვით, შენობა არ წარმოადგენს კულტურულ-ისტორიულ ღირებულებას, ამიტომაც განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ძველი შენობა უნდა დაინგრეს და ახლით ჩანაცვლდეს.

„შენობაში იმდენად გაუსაძლისი პირობებია, რომ აუცილებლობა მოითხოვს აშენდეს ახალი სკოლა. ეს სკოლა ჩემთვის ძალიან ძვირფასია, გარდაცვლილი მამაჩემიც აქ სწავლობდა. გამოჩენილი მოღვაწეებიც სწავლობდნენ ამ სკოლაში. აკადემიკოს დანიელ თოფურიას ბიუსტი გვიდგას ეზოში. დღეს კი ქალაქში მიჰყავთ ბავშვები, იმიტომ კი არა, რომ იქ უკეთეს განათლებას მიიღებენ, არა - აქ საშიშია. კარგია, შევინახოთ როგორც ისტორული შენობა, მაგრამ სხვა ფართი ამ ეზოში არ არსებობს. ჩვენი მოთხოვნა ბავშვებისთვის ახალი სკოლის აშენებაა“, - გვითხრა სოფლის მცხოვრებმა ლია მუსერიძემ.

აბაშის მერის, ლევან მაკალათიას მტკიცებით, ძველი შენობის რეკონსტრუქცია უკვე შეუძლებელია და მაცხოვრისკარს ახალი სკოლა ექნება.

„მე სრულიად მესმის ყველა იმ ადამიანის გულისტკივილი, ვინც ამბობს, რომ ეს უძველესი სკოლაა. მან ძალიან ბევრი თაობა აღზარდა და ის არის დღეს ძალიან ავარიულ მდგომარეობაში. განათლების სამინისტრომ გააკეთა დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ შეუძლებელია ამ სკოლის [შენობა] გამაგრება. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აშენდეს ახალი სკოლა“, - გვითხრა მერმა.

ლევან მაკალათიას თქმით, ვინაიდან შენობა მაცხოვრის შობის ეკლესიის და აზნაურ ჯაიანის სახლის მასალებით აშენდა, ფიცრებს ეპარქიას გადასცემენ.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ბრძანდებოდა მამა კონსტანტინე. მან გვითხრა, რომ ძველი წყაროების თანახმად, ეს გახლდათ ეკლესიის მასალებით აშენებული სკოლა და ჩვენი მეუფეს სურვილიც იყო დიდი, რომ დაბრუნებოდა ეკლესიას ეს მასალები, შემდეგ ისინი შეძლებდნენ ამ მასალებით ხის ეკლესიის აშენებას“, - ამბობს მერი.

დღეს ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთმა“ გაავრცელა სტუდენტის წერილი, რომელიც განათლების მინისტრს მოუწოდებს, შეინარჩუნოს 130-წლიანი სკოლის შენობა და ისტორია.

„ვიცი და მესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია სოფელს ჰქონდეს ახალი სკოლა და ბავშვებს განათლების გაუმჯობესებული ხარისხით მიღების საშუალება, მაგრამ არა ისტორიის დავიწყების და განადგურების ხარჯზე. სკოლა 130 წლისაა“, - მიმართავს სტუდენტი ირმა ჭანტურია განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდის საცხენოსნო კლუბ „ხარებას“ცხენები ეროვნული ჩემპიონატისთვის
ემზადებიან.
10:06 / 18.08.2018
ზუგდიდის საცხენოსნო კლუბ „ხარებას“ცხენები ეროვნული ჩემპიონატისთვის ემზადებიან.






აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან ზუსტად 26 წელი
გავიდა.
16:24 / 14.08.2018
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან ზუსტად 26 წელი გავიდა.






2008 წლის 10 აგვისტოს, დილის 7 საათზე, ზუგდიდის სოფელი ურთა და
მოსაზღვრე აბასთუმანი აფეთქებების ხმამ გააღვიძა.
17:50 / 08.08.2018
2008 წლის 10 აგვისტოს, დილის 7 საათზე, ზუგდიდის სოფელი ურთა და მოსაზღვრე აბასთუმანი აფეთქებების ხმამ გააღვიძა.






წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები
19:45 / 31.07.2018
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.