საზოგადოება
კოლხური ბზის მცველის რჩევები ბზის დასაკალმებლად [ვიდეო/ფოტო]
17 წლის სანდრო ნარსია, რომელიც კოლხური ბზის გადარჩენაზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს, „ლაივპრესის“ მკითხველს ბზობის დღესასწაულზე რეკომენდაციებს აწვდის.

გარემოს ახალგაზრდა დამცველი ამბობს, რომ მნიშნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ უნიკალური კოლხური ბზის გადარჩენაში წვლილი შეიტანოს და მცენარის დაკალმებაზე იზრუნოს. მით უფრო, როგორც სანდრო გვიხსნის, ეს რთული პროცედურა არ არის.

სანდროს სიტყვებით, უნდა ავიღოთ არანაკლებ ერთი წლის, ჯანმრთელი ბზის ბუჩქიდან დაახლოებით 12-15 სმ სიგრძის ტოტი, რომელიც არ არის დაზიანებული მავნებლებისგან და არ აქვს სოკოვანი დაავადებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით მცენარე გაიზრდება დაავადებული და საბოლოო ჯამში ვერ გაიხარებს.

დასაკალმებლად გამოდგება იმ ბზის ტოტებიც, რომელიც ბზობის დღესასწაულზე იყიდება. მხოლოდ, ასეთ შემთხვევაში როგორც გარემოსდამცველი ამბობს, აუცილებელია ტოტი 1-2 დღით წყალში მოვათავსოთ, რადგან რეალიზაციამდე გაცილებით ადრე იჭრება და ხშირად ზედმეტად გამომშრალია.

„დასაკალმებლად უნდა ავიღოთ ტოტი, რომელიც არის სრულიად ჯანმრთელი, რომელსაც არ აღენიშნება სიმპტომები, რომ არის ბზის ალურასგან (მავნებელი) დაზიანებული. რაში გამოიხატება ეს: არ უნდა იყოს ბუჩქზე აბლაბუდები, შავი ფერის ფეკალური მასები, მწვანე შეფერილობის მწვანე ზოლებით მატლი და პეპელა ფრთებზე, თეთრი შეფერილობის შავი დაბოლოებებით“, - ამბობს სანდრო ნარსია.

მისი განმარტებით, შერჩეულ ტოტს ვაცლით ქვედა წყვილ ფოთლებს და ვუტოვებთ მხოლოდ რამდენიმეს, შემდეგ კი მიწით სავსე პატარა თასში დაახლოებით 5 სმ-ის სიღმეში ვათავსებთ. კარგია თუ გამოვიყენებთ დასაფესვიანებელ ხსნარს.

„ბზა უნდა მოვრწყათ რეგულარულად, მას არ უნდა გამოუშრეს ნიადაგი. კარგ გარემოპირობებს თუ შევუქმნით, დაახლოებით 2 თვეში დაფესვიანდება. შედეგად კი ვიქნებით გმირები და გადავარჩენთ კოლხურ ბზას“, - ამბობს სანდრო.

ის საკუთარი ბზის კორმებს ბზობის დღესასწაულზე თბილისში ყიდის. გარდა ამისა, მოზარდისგან ნერგების შეძენა ადგილზეც, ან სოციალური ქსელის საშუალებითაც არის შესაძლებელი.

სანდრო ნარსიამ სანერგე მეურნეობის მოწყობა 2015 წელს დაიწყო. თავდაპირველად მან სახლის სარდაფში სანერგე მეურნეობა მოაწყო, სადაც კოლხური ბზის 200 ტოტი დააკალმა და 1300 მარცვალი დათესა.