ვიდეო
ქვევრის ღვინო ჩხოროწყუს მარნიდან [ვიდეო/ფოტო]
კოლოში, ჭვიტილური, ჩექობალი, მაჭვატური და კიდევ 60-მდე სახეობის ვაზი ხარობდა სამეგრელოს მთიან ნაწილში. ისტორიული წყაროებით, აქ საუკეთესო ღვინოს აყენებდნენ, თუმცა მეგრული ვაზის ჯიშების დიდი ნაწილი განადგურდა, რის გამოც მეგრულ ღვინოს ნაკლებად იცნობენ. ბოლო პერიოდში, მეღვინეებმა ჯიღაურაში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე არსებული სანერგე მეურნეობიდან, სამეგრელოში ვაზის ნერგების ჩამოტანა და გაშენება დაიწყეს.

ჩხოროწყუში მცხოვრები მიშა ცირდავა ფიქრობს, რომ სხვა გარემოში გამოყვანილი ნერგები ბუნებრივობას კარგავს და ამიტომ ძველ ჯიშებს ისევ სამეგრელოში ეძებს.

„როცა ბიბლიოთეკაში მივდიოდი, სქელი მტვრის ფენა ედო ხოლმე წიგნებს, რომლებიც მევენახეობა-მეღვინეობაზეა. კითხვისას გავიგე, რომ ჭვიტილური ხარობდა ლაკადის მხარეს, [მთიანი სამეგრელო] და რომ ვაზის ეს სახეობა არის განსაკუთრებული, თეთრი ღვინის მომცემი ვაზის ჯიში. შემდეგაც ვეცადე მომეძია ეს ჯიშები სამეგრელოში. ორი წელი ვეძებდი, გავაშენე ეზოში და დავაყენე ღვინო. სამომავლოდ მინდა, რომ თითოეულმა იმ ადამიანმა, ვინც მევენახეობა-მეღვინეობით იქნება დაინტერესებული, გააშენოს და საუკეთესო ჭვიტილური გავრცელდეს სამეგრელოში“, - გვითხრა მიშა ცირდავამ.

მას ღვინის დასაგემოვნებლად იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინით დაინტერესებული ფრანგული კომპანია ეწვია და მარანში ქვევრის ჩადების პროცესიც გადაიღო. ფრანგ მეღვინეებთან ერთად, დადიანების შთამომავალი ალენ მიურატიც იმყოფებოდა.

მეღვინე სტუმრებს ქვევრში დაყენებული ჭვიტილურით და კოლოშით გაუმასპინძლდა.

„მარანი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია. მას მეგრული სახელი ობენე ჰქვია. ქვევრები, რომელშიც ღვინო მზადდება, აქ, სოფელ ოდიშშია დამზადებული. ჩვენი მიზანია ავაღორძინოთ უძველესი მეგრული ჯიშები“, - გვითხრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა დავით გახარიამ, რომელიც მიშა ცირდავასთან ერთად მეღვინეობის განვითარებით არის დაინტერესებული.

მეგრული ჯიშის ვაზის აღორძინებისა და მეღვინეობის განვითარების მიზნით, ზუგდიდში გასული წლის ივლისში მუშა ჯგუფი შეიქმნა.

მკვლევარებმა და მეღვინეებმა ბოტანიკურ ბაღში კონფერენცია გამართეს და იქვე გამოფენილი სხვადასხვა მეგრული ღვინო დააგემოვნეს. მათი თქმით, მეგრულ ღვინოს ევროპის ბაზარზე გასვლის პერსპექტივა აქვს.

ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეში საცდელ-სანერგე მეურნეობა მოეწყო, სადაც სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა ქართული ვაზის 22 იშვიათი სახეობის ჯიში გააშენა, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი კოლხური ვაზის რვა სახეობა.