საზოგადოება
როცა ღმერთი ერთია - სალოცავი, რომელზეც მუსლიმები და ქრისტიანები ერთად ზრუნავენ
პარასკევია. მუსლიმთა სალოცავი დილიდან ტრადიციული რიტუალისთვის ემზადება. ქობულეთის სოფელ კვირიკეში მცხოვრები, 70 წელს მიღწეული დავით ვერულიძე ადრე გამოდის სახლიდან, რომ ნელ-ნელა ფეხით ჩამოუყვეს სოფლის დაღმართს ჯამემდე მისასვლელად.

სოფელს სიძველისგან გაშავებული ჯამე აქვს, იმდენად ძველი, რომ დავითის პაპასაც აღარ ხსომებია როდის დაფუძნდა აქ ქვის საძირკველზე წაბლის ხის ორსართულიანი შენობა, რომელიც საქართველოს მუსლიმური სამლოცველოებისგან ლაზური ორნამენტებით, ბოძებით, რიკულებით და მთლიანად არქიტექტურით გამოირჩევა. ის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

ჯამეში ლოცვის დაწყებამდე.

მკვლევარები ძეგლის ისტორიას ფანჯრის დარაბასთან შესრულებული არაბული წარწერიდან იწყებენ, რომლის მიხედვითაც ის 1860-1862 წლებში არჰაველი ლაზი ოსტატის მიერაა აგებული. თუმცა სოფლის მცხოვრებლები იმასაც ყვებიან, რომ ეს შენობა მანამდე სხვა სოფელში იდგა, შემდეგ აქ გადმოიტანეს, რამდენიმე ბეღელი მიაშენეს და გააფართოვეს.

დავით ვერულიძე იხსენებს უახლეს ისტორიულ წარსულს - ბოლშევიკური რეჟიმის დროს, როცა ლოცვა აუკრძალეს და ჯამე სოფლის კლუბად გადააკეთეს.

მუსლიმები და ქრისტიანები ჯამეს აივანზე.

„აქ კინოებს აჩვენებდნენ, შემდეგ ხის შენობაში ელექტრობის ჩართვა არ შეიძლებაო და ესეც აგვიკრძალეს. მერე პროდუქტების საწყობი გააკეთეს. როცა თავისუფლება დაიწყო 90-იან წლებში სოფლის უხუცესების ინიციტივით, აქ ლოცვა განახლდა“.

ამ დროიდან მოსახლეობას თვითონ დაუწყია ზრუნვა შენობის გამაგრებასა და სახსრების მოძიებაზე. 2014 წლიდან სარესტავრაციო სამუშაოებში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოც ჩაერთო და გამოცვალეს სახურავი, იატაკი, საყრდენი ბოძი და ფანჯრები ისე, რომ ძეგლს პირვანდელი სახე არ დაუკარგავს. სამშენებლო სამუშაოებში მთელი სოფელი იყო ჩართული, მუსლიმიც და ქრისტიანიც. ზოგი ფულს სწირავდა, ზოგიც - სამშენებლო მასალას.

ქრისტიანი რამაზ ვერულიძეც ერთ-ერთი მათგანია.

„რესტავრაციის დროს ერთი ხე მთხოვეს, 5 ნაძვის ხე მივეცი, ალალი მიქნია თქვენი სალოცავისთვის-მეთქი. რადგან ჯამე იგივეა ჩემთვის, რაც ეკლესია. რასაც ეკლესია მასწავლის, იგივეს მასწავლის ეს მეჩეთიც. ეს ჩემი სალოცავიც არის“, - იხსენებს რამაზ ვერულიძე, რომელსაც ასევე ჯამეს ეზოში შევხვდით. მისთვის სხვა აღმსარებლობის სალოცავში მისვლა მოყვრის ჭირ-ვარამისა და სიხარულის გაზიარებაა.

ქრისტიანის საფლავი ჯამეს გვერდით.

დღეს, ჯამეს ეზოში შეკრებილი მუსლიმები რამდენიმე დღის წინ ავარიაში დაღუპულ ახალგაზრდა მამაკაცზე საუბრობენ და მის საფლავს გვიჩვენებენ, რომელიც მათი სალოცავის გვერდით დაკრძალეს. საფლავზე ხის ჯვარია აღმართული. იქვე სხვა, შედარებით ძველი, ჯვარამოტვიფრული ქვის საფლავებიც ვნახეთ.

„ეს სოფლის სასაფლაოა. სოფელი კი ყველასია. ეს ბიჭი ჩვენი თანასოფლელი იყო. ძალიან დაგვწყვიტა გული. მე თვითონ მუსლიმი ვარ, ცოლიც მუსლიმი მყავს, მაგრამ შვილები, რძლები და ბადიშები ქრისტიანები არიან. სახლში აღდგომაზე პასკასაც ვაკეთებთ და წითელ კვერცხებსაც ვხარშავთ. ჩვენმა წინაპრებმა ასე გვასწავლეს და ასე გრძელდება. მალე აქედან რამდენიმე მეტრში ეკლესიის მშენებლობა იგეგმება და თუ საჭირო გახდა ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ღმერთი ერთია, მსახურები ვართ სხვადასხვა“, - გვითხრა დავით ვერულიძემ.

კვირიკეში 2000-მდე მცხოვრებია და ჩვენს კითხვას, რომელი აღმსარებლობის ადამიანი უფრო მეტია სოფელში, კვირიკეს მუსლიმებიც და ქრისტიანებიც ღიმილით უპასუხოდ ტოვებენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან ზუსტად 26 წელი
გავიდა.
16:24 / 14.08.2018
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან ზუსტად 26 წელი გავიდა.






2008 წლის 10 აგვისტოს, დილის 7 საათზე, ზუგდიდის სოფელი ურთა და
მოსაზღვრე აბასთუმანი აფეთქებების ხმამ გააღვიძა.
17:50 / 08.08.2018
2008 წლის 10 აგვისტოს, დილის 7 საათზე, ზუგდიდის სოფელი ურთა და მოსაზღვრე აბასთუმანი აფეთქებების ხმამ გააღვიძა.






წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები
19:45 / 31.07.2018
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები






შინაური პირუტყვი ზუგდიდის ცენტრში უკვე არავის უკვირს. ღორს ან
ძროხას აქ დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება შეხვდეთ.
16:06 / 28.07.2018
შინაური პირუტყვი ზუგდიდის ცენტრში უკვე არავის უკვირს. ღორს ან ძროხას აქ დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება შეხვდეთ.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.