საზოგადოება
დადიანების 600 წლოვანი ხე, სტატუსისა და ზრუნვის გარეშე [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
სამეგრელოს მთავრების - დადიანების ევროპული არქიტექტურით ნაგებ სასახლეს ყოველდღიურად უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს. სასახლის ეზო მისი სიმწვანის გამო სეირნობისა და ვარჯიშის მოყვარულთათვის საუკეთესო ადგილად ითვლება.

მიუხედავად ვიზიტორების სიმრავლისა, შესაძლოა ცოტამ თუ შეამჩნია ეზოს შესასვლელთან მდგარი, სასახლეზე უფრო ძველი ცაცხვის ხე. 600 წლისაა, თუმცა ჯერ კიდევ მწვანედ შეფოთლილი. ამაყ ცაცხვს ასაკი მაინც ეტყობა - შუაშია გახლეჩილი და ხავსი აქვს მოდებული.

ხეების მიმართ ქართველებს საკრალური დამოკიდებულება ჰქონიათ. ზოგან მუხას სცემდნენ თაყვანს, ზოგან ფიჭვს, სამეგრელოში კი ცაცხვის ხის კულტი იყო. ის ყველა სოფელში ხარობდა. ზუგდიდელი ისტორიკოსის ციცო შენგელაიას კვლევის მიხედვით, დადიანების ეზოში მდგარი ხე ყველაზე გამორჩეული იყო.

„წარმოიდგინეთ რამდენი რამე უნახავს. ამ ცაცხვის ხესთან აღესრულებოდა მართლმსაჯულება, მიტროპოლიტი აქ ლოცულობდა, მთავრები აქ სხვადასხვა ჯილდოს, რეგალიებს, მიწის ნაკვეთებს იძლეოდნენ, აქებდნენ ხალხს თავდადებისთვის. ამდენად, ეს ხე ისტორიული მნიშვნელობისაა. ამიტომ უნდა გავუხანგრძლივოთ მას სიცოცხლე, უნდა მოვეფეროთ და ვუმკურნალოთ, რამდენადაც შესაძლებელია, რომ დიდხანს დარჩეთ საინტერესო სიძველე მომავალ თაობებს“, - გვითხრა ისტორიკოსმა.

მისი ნაშრომის თანახმად, ამ ხის ქვეშ ქვის ფილა „ქვა-ტახტი“ იდგა, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნიდან ისტორიულ-სამართლებრივი მნიშვნელობის ძეგლს წარმოადგენდა. ქვა ამჟამად ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზეა. ისტორიკოსმა „ქვა-ტახტის“ შესახებ მიმდინარე თვის დასაწყისში თავისი კვლევის პრეზენტაცია ჩაატარა, სადაც განაცხადა, რომ ქვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს და ცაცხვის ხეს დაუბრუნდეს.

ისტორიკოსის თეორიის საწინააღმდეგო ზუგდიდის მერიაში არაფერი აქვთ, თუმცა ქვისთვის სტატუსის მისანიჭებლად დამატებითი კვლევის ჩატარების საჭიროებაზე საუბრობენ.

„რაც შეეხება ხეს, თუ მასთან დაკავშირებულია ისტორიული ამბები, იმ სივრცეს, სადაც ის დგას, ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი“, - ამბობენ მერიაში.

ვინაიდან ცაცხვის ხე დგას დადიანების ეზოში, ის უკვე იმყოფება დაცულ ზონაში, - გვითხრა მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ. თუმცა ამ „დაცულ ზონაში“ დაახლოებით 12 წლის წინ, დადიანების ეზოს რეკონსტრუქციისას, საკულტო ხე მოჭრას ისტორიკოსმა გადაარჩინა.

„დადიანების სასახლეები კარგად უნდა გამოჩნდესო და ხეს მოჭრა დაუპირეს. ჩემმა მოსწავლეებმა შემატყობინეს ამის შესახებ. მივედი მუზეუმის მაშინდელ ადმინისტრაციასთან და ხის ისტორია მოვუყევი. ასე გადაურჩა ცაცხვის ხე მოჭრას“, - გვითხრა ციცო შენგელაიამ.

კითხვაზე, ვის ეკუთვნის ხის დაცვასა და მოვლაზე პასუხისმგებლობა და წითელ ნუსხაში შეტანა, ზუგდიდის მერია ამბობს, რომ ეს გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციაა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში ფუნქციონირებს ბუნების ძეგლების სტატუსის მინიჭების განმსაზღვრელი კომისია, მაგრამ მისი ერთ-ერთი წევრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელ ირაკლი მაჭარაშვილის ინფორმაციით, ცალკეული ხეებისთვის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭების პრეცენდენტი არ ყოფილა.

„განაცხადები შემოდის ადგილობრივი მოსახლეობიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ან მეცნიერების ჯგუფიდან და ხდება პროცედურების დაწყება ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მაგრამ ხისთვის ასეთი სტატუსის მინიჭება არ მახსენდება. კარგი იქნება, თუ კომისიაზე მოხდება საკითხის განხილვა. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია. ამას სჭირდება გარკვეული დასაბუთება, მაგრამ დასაბუთების მოძებნა შეიძლება“, - გვითხრა ირაკლი მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, სანამ გაირკვევა, არის თუ არა დადიანების ეზოში მდგარი ცაცხვის ხე ბუნების ძეგლი, მანამდე ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია ხესთან საინფორმაციო დაფის გაკეთება, რაც გამვლელებისთვის იქნება გაფრთხილება, რომ არ დააბინძურონ და დააზიანონ ის, ტურისტებისთვის კი - კიდევ ერთი საინტერესო ადგილი ქალაქში.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან ზუსტად 26 წელი
გავიდა.
16:24 / 14.08.2018
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან ზუსტად 26 წელი გავიდა.






2008 წლის 10 აგვისტოს, დილის 7 საათზე, ზუგდიდის სოფელი ურთა და
მოსაზღვრე აბასთუმანი აფეთქებების ხმამ გააღვიძა.
17:50 / 08.08.2018
2008 წლის 10 აგვისტოს, დილის 7 საათზე, ზუგდიდის სოფელი ურთა და მოსაზღვრე აბასთუმანი აფეთქებების ხმამ გააღვიძა.






წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები
19:45 / 31.07.2018
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები






შინაური პირუტყვი ზუგდიდის ცენტრში უკვე არავის უკვირს. ღორს ან
ძროხას აქ დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება შეხვდეთ.
16:06 / 28.07.2018
შინაური პირუტყვი ზუგდიდის ცენტრში უკვე არავის უკვირს. ღორს ან ძროხას აქ დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება შეხვდეთ.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.