საზოგადოება
რაზე წერდა ზუგდიდში პირველი ლიტერატურული გაზეთი
„ავრორა“ - ასე ერქვა ზუგდიდში პირველ ბეჭდურ პერიოდულ გაზეთს, რომელიც 1921 წლის 15 იანვარს თოხაძის სტამბაში დაიბეჭდა. ორკვირეული გამოცემა ოთხგვერდიანი იყო. ის დღეს მხოლოდ თბილისში, იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში ინახება და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. გაზეთის სულ ორი ნომერი გამოვიდა, თუმცა სხვადასხვა სახელწოდებით. თითქმის 100 წლის წინანდელი თანამედროვე პოეტების შემოქმედების გარდა, გაზეთი აქტიურად წერდა კრიტიკულ ლიტერატურულ შენიშვნებს, ხისტი, პირდაპირი ენით იწუნებდა კონკრეტული ავტორის ლექსებს, მათ ღირებულებას საზოგადოებისთვის, ტექნიკის არასრულყოფილებას სამუშაო პროცესში. როგორც ჩანს, მასალების კრიტიკული ანალიზი გამოცემის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა და ის უცხო სულაც არ ყოფილა ზუგდიდელი მკითხველისთვის.

რუქაია მაშრიყელის „როცა“, ალ ზუგდიდელის (ალექსანდრე საჯაია) – „სულის რუქები“, სეზმან აგასფერის - „უდაბნოს ქვიშები“, აბო კობახიძის „პოეზიის ემბაზში“, პ. ხეთელის - „კოცნა გეტყვის“, - ესენი იყვნენ ავტორები, რომელთა შემოქმედებაც გაზეთის პირველივე ნომერში დაიბეჭდა.

მიუხედავად იმისა, რომ პრესის ფურცლებზე მაშინდელ პოლიტიკურ ვითარებაზე პირდაპირ არაფერია ნათქვამი, ცალკეული ამონარიდები ირიბად მაინც გამოხატავს პატრიოტულ ელემენტებს და ლიტერატურას გამარჯვების და ბრძოლის იარაღად წარმოგვიდგენს.

„უამრავ მტერთან ბრძოლაში მოულოდნელათ ხმალის გატეხის დროს ქართველ რაინდებში პოეზია ბადებდა გამარჯვების ახალ შესაძლებლობასო“, - წერს გაზეთი.

„ავრორას“ პირველ ნომერში საქართველო-ევროპის კავშირიცაა ნახსენები. ვინმე რ. გვეტაძე ურთიერთობებზე შემდეგ კონტექსტში საუბრობს - „საქართველო უკვე ევროპის ნიშნის ქვეშ მიდის, თუმცა სამშობლოს დავიწყება არასოდეს არ ეპატიება პოეტს. მაგრამ ამ გადაქანებასაც აქვს თავისი გამართლება. ილიასა და აკაკის შემდეგ პაუზა საჭიროც იყო“.

გამოცემის ფურცლებზე დატანილია ინფორმაციაც, ზუგდიდის ქალ-ვაჟთა გიმნაზიაში ხელნაწერი ჟურნალის - „ახალი სხივის“ შესახებ, რომელიც ასევე მოიცავდა ლექსებს, მოთხრობებს და კრიტიკულ წერილებს.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საქართველოში ნაბეჭდი და ელექტრონული გამოცემების საარქივო ფონდის განყოფილების უფროს მაია მიქაბერიძის თქმით, გაზეთზე პრესაში გამოქვეყნებულ მასალაში წერია, რომ მისი სახელწოდება უკავშირდება კრეისერ „ავრორას”, რის გამოც გამოცემას ბოლშევიკური მისწრაფებების გამომხატველად მიიჩნევდნენ.

„მაგრამ მე პირადად ამ გაზეთში ვერ ვნახე ვერავითარი მინიშნება ამ თვალსაზრისით. მეტიც, ეს არის წმინდა ლიტერატურული გაზეთი. მის პირველ გვერდზე ასეთი სიტყვები წერია: სიმბოლიზმმა თავის მთავარ ლეიტ-მოტივ მისტიციზმით გაანათა პოეზიის ჭვარტლიანი ქალაქები, რომლის სხივოსანი ნაპერწკალი ვით მეტეორი ვარდება წყვდიადით მოცულ სოფლებში და ზევსური ცეცხლის დანთებას ლამობს...“, - უთხრა „ლაივპრესს“ მაია მიქაბერიძემ.

გაზეთის სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ პეტრე (პიერ) კობახიძე (მსახიობი, ბადრი კობახიძის მამა) და აბო კობახიძე, რომლებიც მაშინ 13-14 წლის ახალგაზრდები იყვნენ. ისინი ალექსანდრე ზუგდიდელთან (ალ. საჯაია), ლეონ ჭედიასთან, რაჟდენ გვეტაძესთან და სხვებთან ერთად იყვნენ ამ გაზეთში მოთავსებული მასალების ძირითადი ავტორებიც. სწორედ ამას მიუთითებს ბიბლიოთეკის წარმომადგენლის თქმით, გამოცემის ფურცელზე პიერ კობახიძის წარწერაც - „ამ გაზეთის სულმნათი მგოსნები 13-14 წლის ყმაწვილებია ”.

მაია მიქაბერიძისვე ცნობით, გაზეთ „ავრორას” შემდეგი ნომერი უკვე 1921 წლის 6 თებერვალს, შეცვლილი სახელწოდებით - „ოდიში” გამოიცა, რომელიც ასევე ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში დაცული ეს გაზეთი „ავრორაზე“ ბევრად დაზიანებულია. გაყვითლებულ ფურცლებზე რესტავრაციის მიუხედავად თითქმის არაფერი იკითხება. თუმცა იმ ფრაგმენტებიდან, რომელიც დროს გადაურჩა, მაინც შესაძლებელია მწირი ინფორმაციის ამოკითხვა სარედაქციო კოლეგიაზე, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ იპოლიტე კაკულია და ვარლამ მეუნარგია. რედაქცია კი კვლავ რჩებოდა დიმიტრი ჭედიას სახლში, როგორც გაზეთის პირველი ნომრის შემთხვევაში.

მასალაში გამოყენებული ფოტოები "ლაივპრესს" მაია მიქაბერიძემ მიაწოდა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდში უკვე თითქმის წელიწად-ნახევარია C ჰეპატიტის მართვის ცენტრი
09:36 / 23.06.2018
ზუგდიდში უკვე თითქმის წელიწად-ნახევარია C ჰეპატიტის მართვის ცენტრი






ჩხოროწყუს სოფელ მუხურში მიხეილ ცირდავას ოჯახს უძველესი რეცეპტით
09:29 / 19.06.2018
ჩხოროწყუს სოფელ მუხურში მიხეილ ცირდავას ოჯახს უძველესი რეცეპტით






ზუგდიდიდან მარტვილის სოფელ ვედიდკარში კითხვა-კითხვით ჩავედით.
18:07 / 07.06.2018
ზუგდიდიდან მარტვილის სოფელ ვედიდკარში კითხვა-კითხვით ჩავედით.






ზუგდიდის მერიის თანამშრომლის, გურამ (ცაცა) შელიას გამოქვეყნებული
ფოტო, სადაც მას
14:47 / 06.06.2018
ზუგდიდის მერიის თანამშრომლის, გურამ (ცაცა) შელიას გამოქვეყნებული ფოტო, სადაც მას
ცოცხალი ისტორიები
ქეთო ნინიძე - მეღვინე
ბექა ყორშია -  აღმოსავლეთმცოდნე
მერიკო ფიფია - სტუდენტი
როზა ჯიქია - პენსიონერი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.