საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა თავშესაფარს აშენებენ, სამეგრელოში კი ამის ფული არ აქვთ
სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერები მიუსაფარ ცხოველთა თანამედროვე სტანდარტების მქონე თავშესაფრის მშენებლობაზე უარს ამბობენ იმ მიზეზით, რომ მისი მოწყობისთვის საჭირო თანხები ადგილობრივ ბიუჯეტებს არ აქვთ.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ინიციატივით, ზუგდიდში რეგიონის თვითმმართველობების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მოწყობაზე, სადაც მათ არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში დაგეგმილი თავშესაფრების პროექტები გააცნო.

შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, თავშესაფარში ცხოველებს უმკურნალებენ, ჩაუტარებენ აცრებს, სტერილიზაციას, კასტრაციას, რაც მათ გამრავლებას ჰუმანური გზით შეაჩერებს. ასეთი პროექტის განხორციელება „პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლის ლაშა გეგეჭკორის თქმით, კახეთში 1 მილიონ 240 ათასი ლარი ჯდება, სამცხე-ჯავახეთში კი 994 246 ათასი.

სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერების განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ყველგან მწვავეა, თუმცა თავშესაფრის მოწყობისთვის დასახელებული თანხები მათ არ აქვთ.

მერაბ ქვარაიას განცხადებით კი, თანხების მოძიება შესაძლებელია.

„მართალია ამ ეტაპზე მათ აბრკოლებთ ფინანსები, მაგრამ პრობლემის სწორად გააზრების შემთხვევაში, თანხების მოძიება შესაძლებელია. ფინანსების არქონა არ არის აქ მთავარი პრობლემა. კარგი იქნება, თუ თვითმმართველობის ხელმძღვანელები სწორად გაიაზრებენ ამ საკითხს. ეს პრობლემა ყველა შემთხვევაში გადასაწყვეტია. თუ ამ შეფასებამდე მივლენ, შემდეგ უკვე შეიძლება თანხების მოძიება ადგილობრივ ბიუჯეტში, ან დონორ ორგანიზაციებთან“, - უთხრა „ლაივპრესს“ დეპუტატმა.

როგორ მოხდა თანხების მოძიება თავშესაფრის მშენებლობისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სადაც 6 მუნიციპალიტეტია, ამის გასარკვევად პრეზიდენტის რწმუნებულს რეგიონში, კახა სამხარაძეს დავუკავშირდით.

მისი ცნობით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი თავშესაფრის საპროექტო წინადადებაზე, რის შემდეგაც დაიწყება სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი.

„თავშესაფრის მოსაწყობად თანხების გამოყოფა ეტაპობრივად უნდა მოხდეს, რადგან ერთბაშად საამისო ფინანსური რესურსები ჩვენ არ გვაქვს. წელს, ყველა მუნიციპალიტეტს რისი საშუალებაც აქვს, იმ თანხას გაიღებს. როცა რეგიონი შეიძენს პროექტს, მერე გადავა სამშენებლო სამუშოებზე, რომლის პირველი ეტაპის განხორციელებას შევძლებთ, მეტს ვერა, მომავალი წლის ბიუჯეტში კი თამამად შეგვეძლება დაწყებული საქმის დამთავრება“, - უთხრა „ლაივპრესს“ კახა სამხარაძემ.

კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ მალხაზ ჭრელაშვილის თქმით, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის აშენების მზაობა რეგიონში აქვთ, თუმცა საამისო თანხები მოძიებული ჯერ არ არის.

„ეს პრობლემა აწუხებს ყველა, სასტუმროს, ბიზნესს, მცირე მეწარმეს, მოსახლეობას. ამიტომ დღის წესრიგში დადგა, რომ ცივილურად მოწესრიგდეს და აშენდეს თანამდროვე სტანდარტების თავშესაფარი და გადავწყვიტეთ დონორების მოძიება“, - გვითხრა მალხაზ ჭრელშვილმა.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, რეგიონში თავშესაფრის მოწყობაზე მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან კიდევ შედგება შეხვედრა.

„ჩვენ შევეცდებით დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით გარკვეული კვლევა ჩავატაროთ და კიდევ ერთხელ შევთავაზოთ მუნიციპალიტეტებს ჩვენი კვალიფიციური ანალიზი. ამის შემდეგ უკვე დარწმუნებული ვარ გამოიკვეთება მიმართულება, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა“, - გვითხრა მერაბ ქვარაიამ.

მისი ინიციატივით, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის პროექტი ზუგდიდში 2015 წელს შემუშავდა, თუმცა მოგვიანებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მისი აშენებისთვის საჭირო თანხები არ აქვს.

თავშესაფრის აშენების მოთხოვნით, ზუგდიდში საპროტესტო აქციები არაერთხელ გაიმართა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ციხეში გატარებული 17 წლის შემდეგ.
13:47 / 19.07.2018

ციხეში გატარებული 17 წლის შემდეგ.







საბჭოთა წარსული ბევრ გახმაურებულ საქმეს ინახავს. მათ შორის
ერთ-ერთია „მეგრელთა საქმე“, რასაც ადამიანების დაკავება-ტერორი
მოჰყვა.
14:19 / 18.07.2018
საბჭოთა წარსული ბევრ გახმაურებულ საქმეს ინახავს. მათ შორის ერთ-ერთია „მეგრელთა საქმე“, რასაც ადამიანების დაკავება-ტერორი მოჰყვა.






ზუგდიდმა ახალი დროშა და გერბი მიიღო, რომელზეც გამოსახულია
ღვთისმშობლის კვართი.
14:47 / 07.07.2018
ზუგდიდმა ახალი დროშა და გერბი მიიღო, რომელზეც გამოსახულია ღვთისმშობლის კვართი.






რუსთავში მცხოვრები, ეთნიკურად აფხაზი ფ.ც. ამბობს, რომ მას სოციალური
13:18 / 28.06.2018
რუსთავში მცხოვრები, ეთნიკურად აფხაზი ფ.ც. ამბობს, რომ მას სოციალური
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
ქეთო ნინიძე - მეღვინე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.