საზოგადოება
ადამიანები აფხაზეთის ომიდან 26 წლის შემდეგ
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან ზუსტად 26 წელი გავიდა. ეს თარიღი ერთნაირად მძიმეა ქართველებისთვის და აფხაზებისთვის, რადგან ამ ომმა მატერიალურ დანაკარგთან ერთად ყველაზე მთავარი, ადამიანები შეიწირა.

დავიწყება რომ გინდა, მაგრამ მაინც არ გავიწყდება. ან რა დაგავიწყებს იმ დღეებს? - ასე იწყებს „ლაივპრესთან“ საუბარს სოხუმელი 43 წლის მამუკა ფარცვანია, რომელმაც მაშინ ორი, 17 და 19 წლის ძმები დაკარგა. გუმისთაზე გამაგრებულები ნაღმზე აფეთქდნენ. ის დღეს ლაღიძის ქუჩაზე, დევნილთა ახლადაშენებულ დასახლებაში ცხოვრობს ცოლთან და ორი კვირის გოგონასთან ერთად. ომის დღეებზე თითქმის არსად და არავისთან საუბრობს. „ლაივპრესისთვის“ გამონაკლისს უშვებს და მძიმე დღეებზე გვიყვება. მაშინ სულ რაღაც 16 წლის იყო. თავად საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა. ბოლოს ძმები რომ ნახა, მამას მათთვის ურჩევია - სოფელში წავიდეთო. რომ მოგკლან, მერე რაღა ვქნაო. უფროს შვილს უპასუხნია - ცხრა ძმა ხერხეულიძე დაიღუპა საქართველოსთვის და ჩვენ რომ დავიღუპოთ, რა მოხდებაო. მას ეს სიტყვები ერთ კვირაში აუხდა. მშობლები, ბებია და დედის ბიცოლა გარკვეული ხნით, ომის მიუხედავად აფხაზეთში დარჩნენ. თავად მეზობლებთან ერთად სვანეთის გავლით ზუგდიდში ჩამოაღწია. გარდაცვლილები გზად, ძირითადად მოხუცები, შიმშილი, სიცივე და გადარჩენის სურვილი, - ასე შემორჩა ახალგაზრდა კაცის მეხსიერებას დევნილობის პირველი დღეები. თავიდან ამ ყველაფერს მტკივნეულად ვერ აღიქვამდა. ეს შეგრძნება უფრო გვიან მოვიდა, როცა სამშვიდობოს აღმოჩნდა. მერე ომიდან რამდენიმე წელი თითქმის არ ეძინა. ფრაგმენტებად ედგა თვალწინ ნანახი და განცდილიც.

„სულ მახსენდებოდა ვერტმფრენი რომ ჩამოვარდა სვანეთში, პურს და საჭმელს რომ არიგებდა. ყრიდნენ ზემოდან. პურს როცა ვიღებდი, ხალხი მგლეჯდა ხელიდან. პილოტის უარის მიუხედავად, თვითმფრინავში ხალხი მაინც შეტენეს. ერთი ახალგაზრდა, ლამაზი გოგო იყო ჩვილი ბავშვით ხელში. არ შეუშვეს და მე ვთხოვე, ცოდვაა, წაიყვანეთ-თქო. მხიარულად ჩაჯდა. ახლაც მახსოვს მისი სახე. საღამო იყო. ვერ აწია სიმაღლე ვერტმფრენმა, კლდეს შეეჯახა და აფეთქდა“, - იხსენებს მამუკა ფარცვანია, რომელმაც სვანეთის გზის ნახევარი ფეხშიშველამ თოვლ-ჭყაპში გამოიარა.

ძმები სოხუმში დაასაფლავეს. თავად იქ არასდროს ყოფილა. ერთადერთი, ვინც სხვისი პასპორტით გადასვლა და საფლავების მონახულება შეძლო, დედამისია. მამა დარდისგან 2016 წელს გარდაიცვალაო, ამბობს.

„მეგობრულად ვიყავით, 15 ბავშვი, რუსი, სომეხი, აფხაზი, სიცილით მივდიოდით ზღვაზე. ახლა აფხაზური აქცენტის გაგონებაც კი არ შემიძლია. ცუდად ვხდები“, - გვიყვება დევნილი, რომელმაც სრულად რეაბილიტაცია ვერც ომიდან 26-ე წელს შეძლო.

მას დღეს ცხოვრების ახალი მიზანი აქვს - პატარა, ორი კვირის გოგონა, ვისი ხელში აყვანაც ჯერ ვერ მოახერხა იმის შიშით, რომ შემთხვევით რამე არ დაუზიანოს. ბიჭები თუ ეყოლა, ძმების სახელებს დაარქმევს.

ომის დაწყება მოულოდნელი იყო გალის მცხოვრები მზია ბასარიასთვის. ახსოვს დატვირთული მანქანები სოხუმიდან, გაგრიდან, ოჩამჩირიდან. ურჩევდნენ თავადაც წამოსულიყო.

„გვეუბნებოდნენ, წამოდითო, მაგრამ წასვლის აზრი და ფიქრი არავის ქონდა. როცა მოგვიახლოვდნენ და ყველაფერი ნათელი გახდა, გაჩერებას აზრი არ ქონდა. ვინც გაჩერდა, ყველა დახვრიტეს. ვინც როგორ შეძლო, ისე გადმოვიდნენ. ბიძაჩემს ჰყავდა ავტობუსი და ოთხი შვილით გადმოგვიყვანეს“, - იხსენებს მზია ბასარია.

ვითარება მათ რომ არ შეეხებოდათ, ასე სჯეროდა მანამ, ვიდრე 27 სექტემბერს სოხუმი არ დაეცა. თან არაფერი წამოუღია. ვერ მოასწრო. მხოლოდ ბავშვებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გადმოკვეთა ადმინისტრაციული საზღვარი. ამბობს, აფხაზებთან გასაყოფი არაფერი ქონდათ, რომ მაშინაც და ახლაც მათთან ბევრად იოლია საერთო ენის გამოძებნა, ვიდრე რუსთან:

„ასეთი ხმა გავრცელდა, გაგრაში ადამიანების თავებით ფეხბურთს თამაშობენო. გალსაც ქონდა სტადიონი და შეეშინდა ყველას. ვინ დარჩებოდა? ვისაც შეეძლო, ყველა წამოვიდა“.

ზუგდიდში გადმოსულებმა პირველად თავი მომაკვდავ დედამთილთან ერთად წალენჯიხაში ნათესავებს შეაფარა. შემდეგ ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო „ოდიშში“ გადაინაცვლეს, რომელიც გადამწვარი დახვდათ. ერთი სატვირთო მანქანა ნარჩენები გაზიდეს და ოთახები საცხოვრებლად მოაწესრიგეს.

გალში დაბრუნება წლების მერე მოახერხა. იქ მშობლები ცხოვრობენ. დროდადრო მშობლიურ სახლს აკითხავს. შვილებმაც სკოლა გალში დაამთავრეს.

ტანკები, რუსი და აფხაზი სამხედროები, მხედრიონი, მკვლელობები და ყაჩაღობები, საჭმლის დეფიციტი, ცოცხალი რიგები ენგურის ხიდთან - ასეთია ომის ქრონიკა 75 წლის ოჩამჩირელი გიგლა მიქავას მეხსიერებაში. მასაც მშობლიური სახლის დატოვება ორ შვილთან ერთად მოუხდა. მანამდე, შეიარაღებული დაპირისპირების დღეებში აფხაზებთან ერთად ათევდა ღამეს. ფიქრობდნენ და საუბრობდნენ მომავალსა და თანაცხოვრების მშვიდ დღეებზე, შექმნილი ვითარებიდან ბუნდოვნად ქცეულ გამოსავალზე. მერე ისინი წავიდნენ და აღარც უნახავს. ზუგდიდში ახლადნაყიდი ავტომანქანით უნდა გადმოსულიყო, რომელიც მხედრიონმა წაართვა. მოგვიანებით 30 ათასი კუპონის სანაცვლოდ გამოისყიდა, თუმცა უთხრეს, გზაში მაინც წაართმევდა ვინმე. ამიტომ დატოვა და ოჯახთან ერთად ადმინისტრაციული საზღვარი ფეხით გადმოკვეთა.

დღეს გიგლა მიქავას სახლში აფხაზი, ვინმე ფაჩულია ცხოვრობს. ძმისშვილმა ფოტო ოჩამჩირიდან ჩამოუტანა. დაბრუნების იმედი ჯერაც არ დაუკარგავს. შეიძლება მე ვერ მოვესწროო ოღონდ.

თუ ის მესამე ძალა მოგვშორდა, ჩვენ და აფხაზები ისევ ერთად ვიქნებითო, ასე სჯერათ 26 წლის შემდეგაც. დღეს ცხოვრება ჩვენი რესპოდენტებისთვის დევნილთა ზუგდიდის ახლადაშენებულ კორპუსებში გრძელდება. ზოგისთვის ბაღებსა თუ სხვა დანიშნულების შენობებში, სადაც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებია. მათთვის ნელა, მაგრამ გადის დრო, ბინების მიღების, თუ აფხაზეთის კიდევ ნახვის მოლოდინში. ეს იმედი ზუსტად ომის ხნისაა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ნანუკა როგავა იმ აბიტურიენტების მცირე ჩამონათვალშია, ვინც ეროვნულ
გამოცდებზე მაქსიმალური ქულები მიიღო.
13:03 / 19.09.2018
ნანუკა როგავა იმ აბიტურიენტების მცირე ჩამონათვალშია, ვინც ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულები მიიღო.






ღომი სამეგრელოს გასტრონომიული კულტურის მთავარი კერძად ითვლება.
09:35 / 06.09.2018
ღომი სამეგრელოს გასტრონომიული კულტურის მთავარი კერძად ითვლება.






ზუგდიდი-ანაკლიის გზის რეკონსტრუქციისთვის 2013 წლიდან ამ დრომდე 6
მილიონ 568 ათას 530.91 ლარი დაიხარჯა.
13:30 / 20.08.2018
ზუგდიდი-ანაკლიის გზის რეკონსტრუქციისთვის 2013 წლიდან ამ დრომდე 6 მილიონ 568 ათას 530.91 ლარი დაიხარჯა.






2008 წლის 10 აგვისტოს, დილის 7 საათზე, ზუგდიდის სოფელი ურთა და
მოსაზღვრე აბასთუმანი აფეთქებების ხმამ გააღვიძა.
17:50 / 08.08.2018
2008 წლის 10 აგვისტოს, დილის 7 საათზე, ზუგდიდის სოფელი ურთა და მოსაზღვრე აბასთუმანი აფეთქებების ხმამ გააღვიძა.
ლაივპრესის სტუდია
პირველი გადაცემა „დისკუსია ლაივპრესში“ რუსულ პროპაგანდას მიეძღვნა.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.