საზოგადოება
ლევან ქარდავა: მუზეუმის დირექტორის გარდა მიწის გაყიდვის საკითხი სხვებმაც იცოდნენ
FaceBook Twitter
E-mail Print

ლაივპრესი

 

დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოს მიმდებარედ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ბიზნესმენი ლევან ქარდავა აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთის შეძენა „სამეგრელოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა პირებმა თხოვეს“, კონკრეტულად ვინ, გახსენება უჭირს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ლევან ქარდავამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კენჭი იყარა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარად, რაც მისივე სიტყვებით, საკუთარი სურვილით არ ყოფილა. იგი პარლამენტში უპარტიო დეპუტატია. ლევან ქარდავას „ლაივპრესი“ ტელეფონით ესაუბრა.

ბატონო ლევან, ცნობილია, რომ მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით შეიძინეთ, კონკურენტები თუ იყვნენ?


აუქციონზე მიწა შევიძინე 2007 წელს. ჩემს გარდა იყო თუ არა ვინმე, არ მახსოვს. მე პირადად არ ვყოფილვარ, ჩემი ნდობით აღჭურვილი იურისტი იყო წასული. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი არავინ არ ყოფილა. ამ ლოტზე მეტი არავინ არ ყოფილა.

 

თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ მიწის შეძენა გთხოვათ „სამეგრელოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ“, კონკრეტულად ვინ იყო ეს პირი?


კონკრეტულად არ მახსოვს. მაშინ მე ახალი ჩამოსული ვიყავი და ჩემამდე კიდევ ძალიან ბევრ ბიზნესმენს ელაპარაკნენ მაშინ და რამდენიმე დაინტერესებული იყო ამ პროექტით, მაგრამ უბრალოდ ეკონომიკურად რომ დათვალეს, არამომგებიანი იყო და რამდენიმემ უარი თქვა.

 

პროექტი მომგებიანი თუ არ იქნებოდა როგორც ბიზნესი, მიწის ნაკვეთი რისთვის შეიძინეთ?


ბიზნესისთვის არ იყო მაშინ, მოტივაციაც არ ყოფილა. მე მთხოვეს. მანდ რეალურად მაშინ გაკეთდა ქვაფენილი და დადიანების ეზოში რეკონსტრუქცია გააკეთეს. ჭიშკარი გაუკეთეს და რაღაცები იცვლებოდა და მათთვის ეს იყო განვითარების ძვრები. მათ სურდათ ქალაქში შექმნილიყო ისეთი სივრცე, სადაც იქნებოდა ლამაზი დასასვენებელი ადგილი. მე ამაში ჩავერთე. მე ჩემი მხრიდან რისი გაკეთებაც შემეძლო, არ ჰქონდა მნიშვნელობა ეკონომიკურად მომგებიანი იქნებოდა თუ არა, შენობის რა ესკიზიც იყო, მისაღები იყო და მე თავიდანვე მეგონა, რომ საზოგადოებისთვის საჭირო პროექტი იყო.

 

2007 წლიდან 2013 წლამდე არ არის დიდი დრო ვერ გაიხსენოთ ვინ გთხოვათ მიწის ნაკვეთის შეძენა.


ვინ მთხოვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. კონკრეტულად არ მახსოვს. კონკრეტული რეალური დანაშაულის ნიშნები თუ იყო ჩემი მხრიდან, არ შემიმჩნევია, არავის ინტერესი ჩემთან მიმართებით, შენ ეს გააკეთე და წილი მოგვეცი ან რაღაცა, ასეთი სისულელე და აბსურდი ჩემთვის ყოველთვის იყო და არის. მე მაშინ თანხა რაც გადავიხადე, ზუგდიდის რეალობისთვის იყო მინიმუმ ორჯერ მეტი, ვიდრე მაგ მიწის საბაზრო ღირებულება იყო. მანდ ბევრი რამეა, რაც გამიკეთებია, ყოველთვის კეთილი ნება იყო ჩემი.

 

სამეგრელოში ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა მაღალჩინოსანი და ბიზნეს ინტერესებს სპეციალურად სამეგრელოში არ ვდებდი არსად.

 

თქვენი აზრით, მუზეუმის დირექტორმა იცოდა მიწის ნაკვეთი გაყიდული რომ იყო?


მუზეუმის დირექტორმაც კარგად იცოდა და ძალიან ბევრმაც. მე ამის შეძენა რომ მითხრეს, ამაზე რომ მელაპარაკნენ, აუქციონი გამოცხადებული იყო ერთი-ორი კვირის. რომელიღაც ბიზნესმენთან ჰქონდათ შეთანხმება. ის ამ პროექტში ზუსტად იგივე პირობებით ჩადებდა ფულს, მაგრამ მან უარი თქვა, იმიტომ, რომ კომერციულად არამომგებიანი არის, ვერ ამოიღებს თავის თავსო. ამის შემდეგ იყო მე რომ მითხრეს, კონცეფცია დალაგებული გვაქვსო და აუქციონი გამოცხადებულიაო.

 

რა უნდა გაკეთებულიყო მიწის ნაკვეთზე?


უკრაინაში დადიანების სასახლის ასლი. იმიტომ არ გამჩენია არანაირი ეჭვი იმაზე, რომ სასახლეებთან კონცეფციაში ძალიან კარგად ჯდება და ეს არ ყოფილა რაღაც თანამედროვე შენობის აშენება და ზოგიერთი დღეს რომ იძახის, სასტუმრო კომპლექსი და გასართობი. ჯერ ეს ერთი, 990 კვადრატზე რამხელა შენობის აშენება შეიძლება, როცა სამ სართულზე ზევით ვერ ადის და რამხელა სასტუმრო და რა კომპლექსი უნდა ყოფილიყო, ცოტა ლოგიკურად იფიქროს ყველამ.

 

მისასვლელიი გზა ჰქონდა, სტადიონის ჭიშკარი რომ არის იმ მხრიდან, უკანა მხრიდან და დადიანების ეზოს ეს არანაირად არ ეხებოდა. უბრალოდ ფასადი ექნებოდა აქეთა მხარეს. არანაირად იქ არაფერს არ არღვევდა. თუ იმის დარღვევის ეშინიათ, რაც ახლა იქაა, სანაგვე და შპრიცებით რომაა გავსვებული იქაურობა, ყოველთვის ასე იყო ბოლო ოცი წელი, მე როგორც ვიცი.

 

რა ვადებში უნდა განგეხორციელებინათ ინვესტიცია, ხელშეკრულებით როგორ იყო გათვალისწინებული?


ხელშეკრულებით ვადები არ იყო გათვალისწინებული. მე ამას რომ შევიძენდი, შემდეგ პროექტი უნდა დასრულებულიყო, გეოლოგია უნდა ჩატარებულიყო. რაც უფრო მალე აშენდებოდა, უკეთესი იყო. მაგრამ მანდ გართულება რაც მოყვა, რატომ გაჭიანურდა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი პროტესტს გამოთქვამდა ამასთან დაკავშირებით. ჩემთვის მაშინაც სურპრიზი იყო. ჩემთვის ნათქვამი იყო, რომ კაი საქმეს ვაკეთებდი.

 

საზოგადოების ნაწილში ვის გულისხმობთ, როგორც ჟურნალისტს არ მახსენდება მასშტაბური პროტესტი იმ ადგილას სასტუმროს მშენებლობაზე.


საზოგადოება „ზუგდიდელები“ თუ რაღაცა. ორგანიზაცია იყო.

 

სასტუმროს პროექტი ნანახი ქონდა მუზეუმის დირექტორს?


ზუსტად ეგ იყო, პროექტი ყველას ჰქონდა წარმოდგენილი. პროტესტი საიდან წამოვიდა, მაშინ იყო გართულება შუშის შენობების. ყველას ეგონა, რომ თუ სადმე რამე უნდა აშენებულიყო შუშის შენობა უნდა ყოფილიყო. ყველას ჰქონდა წარმოდგენა, რომ მანდ რაღაც 9 სართულიანი სასტუმრო უნდა აშენებულიყო, მაღალი შუშის შენობა. მე რომ შევხვდი განვმარტე, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა და ვაჩვენე ესკიზები. ვეძებ ახლა, ესკიზები რომ ამოვიღო.

 

კიდევ ვის აჩვენეთ ესკიზები?


ერთადერთი ვინც მახსენდება, შეხვედრებზე რამდენიმე პიროვნებასთან ერთად იყო აბესალომ ტუღუში. ვაჩვენე ესკიზები როგორი უნდა ყოფილიყო. ხალხმა მაშინაც გაკვირვება გამოთქვა. თუ ასეთი იქნებოდა, რატომ არ ვიცოდითო. ეს ესკიზები მივეცი მათ სამი ეგზემპლარი.

 

ლილი ბერაიას ჰქონდა ისინი გამოფენილი სასახლის ეზოში რაღაც გამოფენაზე. ლილი ბერაიამ ეს ძალიან კარგად იცოდა. მე როგორც ვიცი მაშინ პროტესტიც გამოთქვა, რატომ გაიყიდა მიწაო. უბრალოდ ახლა რაში აწყობს ჟურნალისტებთან, რომ მიდის და პარკის ტერიტორიას აჩვენებს და თან ამ მიწას არანაირი კავშირი არ აქვს. მიწა რომ გაიყიდა, 2007 წელსვე იცოდა.

 

მუზეუმის დირექტორი ამბობს, რომ მან არ იცოდა მიწის ნაკვეთის გაყიდვის შესახებ.


მას არასდროს არ ეკუთვნოდა მანდ მიწები. კომუნისტების დროსაც მუზეუმზე ეს მიწა დამაგრებული არ იყო. რეალურად რაც არასდროს გეკუთვნოდა, ის არ შეიძლება შენ განკარგვაში ოდესმე ყოფილიყო. ყველას წარმოუდგენია, რომ იმ ეზოში, სადაც მუზეუმი დგას, მუზეუმის დირექტორი ხარ, არ ნიშნავს რომ ეს ეზო შენი საკუთრებაა.

 

რამდენად შეიძინეთ მიწის ნაკვეთი?


დაახლოებით როგორც მახსოვს, 135 ათასი დოლარის ექვივალდენტი ლარებში. მაშინ აუქციონს დოლარში აცხადებდნენ და ექვივალენტს იხდიდი ლარში. მე ასე მახსოვს თავის ბიჯიანად და ხარჯებიანად.

 

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მიწის ნაკვეთი დატვირთული არის იპოთეკით.


იპოთეკით არაა, როგორ არის იცით? მე ერთ-ერთი ჩემი კომპანიის თავდები ვარ. მე ვარ გარანტი ბანკმა კომპანიას რომ თანხა მისცა, თავდებით ვარ მე, ჩემი ქონებით.

 

ბატონო ლევან, როცა ზუგდიდში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო, ჩამოსული იყო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ზაზა გოროზიამ უჩვნა კიდეც მას მიწის ნაკვეთი და უთხრა, - აქ სასტუმრო უნდა აშენდესო, მაშინ იქ ყინულის სახლი შენდებოდა...


ზუსტად ეგრე იყო. ეს მშენებლობა საბოლოოდ რატომ გაჩერდა?! მე დავიწყე პროექტირება და ამ საზოგადოების ნაწილთან კონსტულაციები. მე ვუთხარი - პროექტს დავდებ. თუ მისაღები იქნება ავაშენებ, თუ არადა არაფრად არ მიღირს-მეთქი. მეგონა ზუგდიდისთვის კარგი საქმე კეთდებოდა, ამიტომაც დავთანხმდი. თუ არ იქნებოდა მისაღები, ჩემი ფულია ამაში გადახდილი და მე ვიზარალებ და არ ავაშენებ-მეთქი, სანამ შეთანხმებამდე არ მივალ-მეთქი.

 

მერე მთლიანად შეიცვალა პარკის განვითარების კონცეფცია, ახალი პროექტი დაიდო. მანდ სტადიონი რომ იყო, საიდანაც ამ მიწას მისასვლელი გზა ჰქონდა, გადაწყდა რომ უნდა დაინგრეს და იქაც თანამედროვე პარკი უნდ გაკეთდეს, ოღონდ ძველი ნაწილი და ახალი იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული. იქით იქნება თანამედროვე სივრცე, აქეთ ისტორიული სივრცე, განვითარდება და გაკეთდება სტილის შენარჩუნებით. ამ შემთხვევაში, როცა უკვე პარკი რეალურად სტადიონის ტერტორიაზე გადმოდიოდა და გრძელდებოდა, გამოდიოდა, რომ ეს შენობა იქნებოდა შუაში დაწყებული. მითხრეს მე, რომ გადაგიცვლითო ამ ტერიტორიას, ახლა სადაც იუსტიციის სახლი დგას იმ ტერტიორიაზე. აქეთ გადმოვწევთო. მე ვუთხარი, პრობლემა არ არის-მეთქი, თქვენ როგორც გინდათ ისე გადაწყვიტეთ-თქო.

 

ტერიტორიის გაცვლა ვინ შემოგთავაზათ?


ამას უკვე მაშინდელი გუბერნატორი ზაზა გოროზია მეუბნებოდა. მითხრა, აქ ხელს უშლისო და შენ წინააღმდეგი ხომ არ იქნები რომ გადავწიოთო. მე ვუთხარი, პრობლემა არ მაქვს, რაც მაქვს გადახდილი ისიც დამიბრუნეთ და რაც გინდათ, ის გააკეთეთ-მეთქი. არა, კომპენსაციის ვერ მოგცემთ, რთული იქნება მაგის დალაგებაო. რაღაც ეტაპზე ასე იყო, მეც ასე ვიცოდი, რომ მანდ იყო გამოყოფილი სასტუმროსთვის ადგილი. რეალურად რომ გამოიყო, მერე ერთ დღეს ისევ მეუბნებიან, რომ აქო იუსტიციის სახლი გადაწყდაო, სხვაგან რომ მოგიძებნოთ კიდევ ადგილიო, კი-მეთქი, სადაც გინდათ იქ მოძებნეთ-მეთქი, თავი დამანებეთ, ოღონდ მითხარით თქვენ გადაწყვიტეთ, მე არ მაინტერესებს-მეთქი.

 

ბატონო ლევან, მათ მიერ შემოთავაზებულ ყველა წინადადებაზე დათმობაზე რატომ მიდიოდით?


ზუსტად იმიტომ, რომ მე ამ პროექტში და ამ საქმეში ჩავერთე, არა იმიტომ, რომ ბიზნესინტერესები და ბიზნეს-გეგმა და გათვლა მქონდა, რომ რაღაც მომგებიანი უნდა გამეკეთებინა. ეს თავიდანვე იყო უფრო სოციალური პროექტი, ვიდრე ბიზნეს-პროექტი. მე რეალურად მაშინაც დავთანხმდი, იმიტომ, რომ მანდ რეკონსტრუქცია და პარკის გალამაზება გაკეთებულიყო, ვიდრე სხვა ინტერესი მქონოდა. სხვა ინტერესი რომ მქონოდა, უფრო პრინციპული ვიქნებოდი, უფრო სხვანაირი.

 

2007 წელს მაგის ასაშენებლად არც ბიუჯეტს, და არც ადგილობრივ თვითმმართველობას ფული არ ჰქონდა და ზუსტად მაგიტომ დაერქვა მაგას სასტუმრო, რომ კერძო ინვესტორისთვის ყოფილიყო საინტერესო. მაგრამ არ გამოდიოდა, რომ ბიზნეს პროექტი ყოფილიყო. სუფთა ბიზნესის თვალსაზრისით არ შემიხედავს მაგ პროექტისთვის. ამიტომაც გართულება არ მქონია იმაზე, რომ ამ მიწას ცვლიდნენ ხან იქ, ხან იქ, ხან იქ. ჩემთვის თვითმიზანი სასტუმროს აშენება არ ყოფილა.

 

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ ქონება უნდა დაიბრუნოს, როგორი იქნება თქვენი დამოკიდებულება?


თვითონ თემა არის აგორებული ზურგიდან. ამიტომ ელემენტარულად ვინმე რომ მოსულიყო და დაინტერესებულიყო, თქვენ რომ დაინტერესდით, თუნდაც ოფიციალური პირი, ამას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ჩემი იქით, თუ აქეთ ყოფნა არანაირად არ განაპირობებს რეალურ ფაქტებს. ამ საკითხთან დაკავშირებით დაერეკათ, თუნდაც ზუგდიდის ნებისმიერი ნაწილი საზოგადოების, თუ ჩემთან შეხვედრაა საჭირო, მე შევხვდები. არასდროს არ მქონია ამ თემასთან დაკავშირებით ხისტი პოზიცია.

 

ეს რეალურად თავიდან ბოლომდე ჩემთვის იყო ფლირტი. ამიტომ დავმსხდარიყავით და გვესაუბრა ამ თემაზე, რაღაც შედეგამდე მივიდოდით, ქუჩიდან ფონის შექმნით, არამგონია ჩემთან რამე შედეგის მომტანი საუბარი გამოვიდეს. მერე დათმობაზე წავიდე?! დასათმობი არაფერი არ მაქვს, არც სამართლებრივად და არც მორალურად. ამ ხუთი წლის განმავლობაში მე რომ სურვილი მქონოდა, მანდ შესაძლებელიც იქნებოდა რაღაცის აშენება.

 

ერთი მომენტია, მაშინ კარგად გაიხსენეთ რა პერიოდი იყო, ეს სასტუმროს საკითხი სხვათაშორის პირველი გუბერნატორი ვინ იყო, გიგი უგულავა ხომ? მაგ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილება იყო. ამიტომ რეალურად, თუ ვინმეს რაღაცის გარკვევა აინტერესებს, არავის დავმალვივაარ. ყველამ იცოდა, რომ არჩევნებამდე რა ნომრებიც მქონდა, გათიშული იყო. არჩევნების მერე ძალიან ბევრ ისეთ თემას გამოვეთიშე, რომ ახალი ნომერი მქონდა ბოლო ერთი წელი. ეს რომ გავიგე, უბრალოდ დამაინტერესა, ყველა ნომერი ჩართული მქონდა ძველი და ახალი, არცერთ ნომერზე ზარი არ შემოსულა და არავის გარკვევა არ მოუნდომებია. ლაპარაკი იმაზე, რომ მე პასუხს გავურბოდი, მე არცერთ პასუხს არ გავურბოდი.

 

საუბრის ბოლოს, ხომ არ გსურთ რამის დამატება?


სანამ რაღაცაზე აჟიოტაჟს ატეხენ და შეცდომაში შეიყვანენ საზოგადოებას, მანამდე ჯობია, რომ თანმიმდევრულად გაირკვეს პრობლემა რაშია და როგორ შეიძლება მოგვარება და შემდეგ ილაპარაკონ იმაზე, ცუდი განზრახვები იყო, თუ კეთილი. ეს არის ჩემი ერთადერთი სურვილი. დანარჩენი, ვერავინ ვერაფერს ვერ გაექცევა, ყველა კითხვაზე პასუხი არსებობს ყოველ შემთხვევაში.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.