მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ნუგზარ წურწუმიას ოლიმპიური ოცნება [ვიდეო]
ეს მეოთხე საერთაშორისო წარმატებაა სპორტსმენისთვის მიმდინარე წელს. მანამდე იყო ევროპის ჩემპიონობა საკუთარ ასაკობრივ კატეგორიაში და ბრინჯაოს მედლები მსოფლიო და ევროპის ჩემოიონატზე, უფროსი ასაკის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის.
ნუგზარს ხობის პირველი საჯარო სკოლის დარბაზში შევხვდით, რომელსაც უკვე წლებია ადგილობრივი მერია სპორტსმენებისთვის ქირაობს, სანამ მუნიციპალიტეტში კომპლექსის დაწყებული მშენებლობა არ დასრულდება. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი აქ სხვა ახალგაზრდებთან ერთად ვარჯიშობს. პირველად ცხრა წლის იყო, როცა ნათლიამ და მეგობარმა ჭიდაობაზე მიიყვანეს. მოეწონა გარემო. თბილად მიმიღესო ამბობს. ამას მოჰყვა სენაკში გამართულ რესპუბლიკურ ტურნირზე პირველი გამარჯვება, რამაც მეტი სტიმული მისცა საერთაშორისო წარმატებებისკენ.
ამ წარმატებამაც არ დააყოვნა. თურქეთში გრამპრიზე მეორე ადგილი მოიპოვა.
„მიმდინარე წელს ევროპის ჩემპიონატი იყო უფრო ასაკს შორის, სადაც პირველად მივიღე მონაწილეობა და მესამე ადგილი დავიკავე. თვე-ნახევარში მქონდა 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი. კონკურენცია დიდი იყო, მაგრამ ისე კარგად ვიყავი მომზადებული, შევძელი და გავხდი ევროპის ჩემპიონი ჩემს ასაკში. მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა რთული მოწინააღმდეგე იყო, თუმცა შრომამ, ვარჯიშმა, მომზადებამ თავი იჩინა“, - უყვება „ლაივპრესს“ სპორტსმენი.
ამბობს, რომ ევროპის ჩემპიონატზე საჭიდაო დარბაზში ბევრი ქართველი გულშემატკივარი შეიკრიბა, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა მისთვის, რომ ისინი გაეხარებინა საკუთარი გამარჯვებით. ამბობს - მეგონა მთელი ქვეყანა იყო თავმოყრილი, ისე ხმაურობდნენ და თანამემამულეებს მხარდაჭერას უცხადებდნენ.
ნუგზარ წურწუმიას თქმით, არავინ იცის, როდის მოდის წარმატება. შესაძლოა ეს მაშინ მოახერხო, როცა ამას სულაც არ ელი, გამარჯვებისთვის ყოველმხრივ მზადმყოფნი კი მედლის გარეშე დარჩე. მთავარი ამ საქმეში, მისი აზრით შრომისმოყვარეობაა, უნდა იმსახურებდე, დაუმსახურებლად არაფერი ხდებაო. საბრძოლოდ ტატამზე გასული მხოლოდ იმაზე ფიქრობს, მოწინააღმდეგესთან ბოლომდე დაიხარჯოს, წარმატებაზე ნაკლებს, ეს მისი სიტყვებით, თავისთავად მოდის.
ყველაზე ბედნიერი მაშინაა, როცა უცხო ქვეყანაში საქართველოს ჰიმნს აჟღერებს. ამ შეგრძნების გემო უკვე იცის.
უკვე ოლიმპიურ მედალზეც ფიქრობს, როგორც ყველა სპორტსმენის მთავარ ოცნებაზე.
„ვიშრომებ. თუ გამოვა, გამოვა, თუ არა და, არ ვიცი“, - ამბობს ნუგზარი.
ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებამდე წინ იანვარში დაგეგმილი საქართველოს ჩემპიონატია, რომლისთვისაც მზადებას განაგრძობს.
მის შესაძლებლობებში დარწმუნებულია პირადი მწვრთნელი მამუკა ყორშია. მიღწეულ გამარჯვებებს დიდი და ხანგრძლივი შრომის შედეგად აფასებს. როცა პირველად მიუყვანეს ნუგო, ასე მოიხსენიებს, უთხრეს, რომ ამ ბავშვისგან დიდი მოჭიდავე დადგებოდა. ასეც მოხდაო, გვითხრა.
„ჩვენც გავსინჯეთ. ნუგო აღმოჩნდა გონებამახვილი, სწრაფი, მოქნილი და შევუდექით მუშაობას. რა უპირატესობაც აქვს სხვებთან შედარებით, ეს არის სპორტული ჟინი, მონდომება და მისწრაფება, რომ ჩემპიონი გახდეს“, - ამბობს მამუკა ყორშია.
თითქმის ათი წელია სკოლის დარბაზში სხვა მწვრთნელებთან ერთად სხვადასხვა ასაკის ახალგაზდებს წვრთნის. აქ ეიმედებათ, რომ სპორტკომპლექსის მშენებლობა დაპირებისამებრ გაზაფხულზე დასრულდება, უკეთესი სამუშაო გარემო კი ხობს და საქართველოს უფრო დიდ გამარჯვებებს მოუტანს.