ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება ხელისუფლებას და ოპოზიციას
შორის მიღწეულ
შეთანხმებას საარჩევნო მოდელზე. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია,
რომ ორგანიზაცია მხარს უჭერს კონსენსუსზე ორიენტირებულ კონსტიტუციურ
სისტემას და მას დემოკრატიულ წინსვლად აფასებს. ამავდროულად, საია
წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ დოკუმენტის მიხედვით,რიგგარეშე
არჩევნების შემთხვევაში სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024
წლის იქით გადაიწევს. მიუხედავად ამისა, ემხრობიან შემოთავაზებულ
ვერსიას, რომელიც მათივე განმარტებით მნიშვნელოვნად ამცირებს
მაჟორიტარული და პროპორციული მოდელების შერევით წარმოქმნილ სისტემურ
ხარვეზებს და იძლევა შესაძლებლობას, არჩევნები ჩართული მხარეების მიერ
აღიარებული თამაშის წესებით ჩატარდეს.
"ერთობლივად გამოქვეყნებული განცხადების ტექსტის და საკანონმდებლო
მუშაობის ლოგიკის კვალდაკვალ, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო
ორგანოს წინ აქვს სკურპულოზური სამუშაო, რომელმაც, ერთი მხრივ,
პროპორციული არჩევნების შედეგების სამართლიანი განაწილებას წესი,
ხოლო, მეორე მხრივ, მაჟორიტარული ოლქების საზღვრები უნდა დაადგინოს",
- ნათქვამია განცხადებაში.
საია იმედს გამოთქვამს, რომ პროცესი საპარლამენტო ძალებს შორის
ურთიერთთანამშრომლობის განწყობით გაგრძელდება, ეს შეთანხმება კი
საფუძვლად დაედება წინასაარჩევნო პროცესების მშვიდ გარემოში
წარმართვას, რაც მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, კენჭისყრის დღეს
არჩევანი ესკალაციის და დაძაბულობისგან თავისუფალ გარემოში
გააკეთონ.
ხელისუფლება და ოპოზიცია არჩევნების მოდელზე 120/30, 8 მარტს
შეთანხმდა. პარლამენტში მოხვდება ყველა ის
პარტია, რომელიც ერთპროცენტიან ბარიერს გადალახავს.
ასევე, ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ
მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.