მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის მცხოვრებლებმა „ხუდონჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია. ხაიშელების თქმით, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სვანებმა „ხუდონჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით პოზიციები შეცვალეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აქციის მონაწილეების თქმით, ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ და არანაირი კომპენსაციის სანაცვლოდ საკუთარ სახლებს არ დათმობენ.
„ეს არ არის რაიმე საბოტაჟი, ეს არის ჩვენი კიდევ ერთხელ თხოვნა, რომ ხელისუფლებამ ამ საკითხს შეხედოს სხვა კუთხით. განიხილონ სხვა წინადადება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ დავთმობთ“, - უთხრა ჟურნალისტებს ხაიშელმა ზურა ნიჟარაძემ. მასავით ხელისუფლებას ალტერნატიული გზის მოძიებისკენ მოუწოდებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ილია ზუმაძე. „ჩვენს განწყობაში არაფერი შეცვლილა, ხუდონჰესის მშენებლობა აუცილებელი არ არის. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ ამას და აზრი არ შეგვიცვლია. თუ აუცილებელია და სხვა გზა არ არის, შეიძლება მიკროჰესები ააშენონ. აი ხუდონჰესი ყოვლად დაუშვებელია“, - ამბობს ილია ზუმაძე.
გასულ წელს „ხუდონჰესის“ პროექტის წინააღმდეგ ხაიშში საპროტესტო აქციები პერმამენტულად იმართებოდა. სოფლის მცხოვრებლებმა უძველესი სვანური ტრადიციის თანახმად ხატზე დაფიცების რიტუალიც ჩაატარა, რომ არ დათმობდა საკუთარ სახლ-კარს.
ინდურ-ინგლისური კომპანიის „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ პროექტი მდინარე ენგურზე 700 მეგავატიანი ჰესისა და 200 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, გარემოს დაცვითი ორგანიზაციების განცხადებით, დაიტბორება 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, მათ შორის რამდენიმე სოფელი.
ამავე თემაზე
სახალხო დამცველმა ხუდონჰესის მშენებლობის კანონიერება შეისწავლა
ხაიშში აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მიმართავენ
ხაიშში უხუცესების შეკრების პარალელურად მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან