ახალი ამბები
მერაბ ქვარაია: ვფიქრობ წლის ბოლოსთვის ზუგდიდში ძაღლების თავშესაფარი მოეწყობა [Video]

ააიპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ უპატრონო ძაღლების დაჭერისა და თავშესაფარში გადაყვანის მიზნით, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ოთხი ათასი ლარის ღირებულების შესყიდვას გამარტივებული წესით განახორციელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ დღეს მიიღო. „ზუგდიდდასუფთავების ცენტრს“ უპატრონო ძაღლების დაჭერისა და თავშესაფარში გადაყვანის მომსახურებაზე ტენდერი ორჯერ ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა მასში მონაწილეობა არავინ მიიღო და ის ვერ შედგა. სწორედ ამის შემდეგ მოითხოვა ცენტრმა ცხოველთა გადაყვანის მომსახურებაზე და გადაყვანაზე გამარტივებული შესყიდვის განხორციელება. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ამ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, რადგან გურიის ძაღლთა თავშესაფარში გადაგზავნილ ცხოველებზე სასტიკად მოპყრობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. „ეს არის დაუშვებელი, მიუღებელი და სხვათშორის არის სისხლის სამართლის დანაშაული“, - განაცხადა ქვარაიამ. მისივე სიტყვებით, ამ ფაქტმა ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, როგორც არასამთავრობო ისე სამოქალაქო სექტორში. მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, საკრებულოს წევრს კარლო (გოგა) ღადუას დაევალა ცხოველთა დაჭერის, გადაყვანისა და თავშესაფარში მათდამი მოპყრობის მიმართ მონიტორინგის წარმოება. ამასთან საკრებულოს თავმჯდომარის მტკიცებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქში წლის ბოლოს უპატრონო ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდეს. მისი ცნობით, ამ კუთხით მუშაობა რამდენიმე მუნიციპალიტეტთან ერთდროულად მიმდინარეობს რათა საერთო ძალებით მოხდეს საკითხის მოგვარება. საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ ფონდმა „ერთსულოვნება“, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობს, მოამზადა სპეციალური ვიდეომასალა დონორი ორგანიზაციების დაინტერესების მიზნით.