ახალი ამბები
კორცხელის საარჩევნო უბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სცემეს [Photo]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში, 53-ე საარჩევნო უბანთან მყოფი მოჭიდავეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაზიანებები მიიღეს მათ შორის თენგიზ გუნავამ, გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ. რამდენიმეს სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდა. სპორტსმენები ჟურნალისტებსაც დაემუქრნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უშლიდნენ ხელს. ოთხი მოჭიდავე რამდენიმე ნაწილად დაუპირისპირდა ოპოზიციას. ადგილზე სამართალდამცველები მწირად იყვნენ წარმოდგენილნი. სწორედ მათ თვალწინ სცემეს "ნაციონალებს". პოლიციელებმა წესრიგის უზურუნველყოფა ვერ შეძლეს. 

ზუგდიდის სოფელ კორცხელში რეგისტრირებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან - „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი თეონა ქარდავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვარადებულ ლაშხია, „ქართული ოცნებიდან“ ამირან ლაგვილავა. რაც შეეხება ხობს, აქ მხოლოდ მმართველმა პარტიამ დაასახელა კანდიდატი - კობა კაკულია.

შუალედური არჩევნების ჩატარება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ 2015 წლის 6 ნოემბერს საკრებულომ ხმათა უმრავლესობით სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს, "თავისუფალი დემოკრატებიდან" ცოტნე მურღულიას უფლებამოსილება შეუწყვიტა. კომისიის დასკვნის თანახმად, მან სხდომები 6 თვეზე მეტი ვადით გააცდინა და მიზეზებიც არ წარმოუდგენია. ეს გადაწყვეტილება ცოტნე მურღულიას გასაჩივრებული აქვს.