ახალი ამბები
ოპოზიციონერი დეპუტატი საკრებულოს თავმჯდომარეს ტენდერების მფარველობაში ადანაშაულებს [Video]
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის განცხადებით, საკრებულო ვერ ასრულებს მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციას. ეს განცხადება ანა წითლიძემ დღეს გამართულ ქალაქის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას იღებენ თანამდებობის პირები, ნათესავები, ოჯახის წევრები, რაზეც საკრებულო არ რეაგირებს სათანადოდ,

„დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ტენდერში მოგებული აქვს საკრებულოს წევრის ნათია ფიფიას მამა ელდარ ფიფიას, მისი პარტნიორია სოსო გოგოხია, რომელიც არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ირაკლი გოგოხიას მოადგილის კობა ჯიქიას სიმამრს, თემურ ჯანაშიას 2014 წლიდან მოგებული აქვს დაახლოებით 15 ტენდერი. შპს „ზუგდიდმშენსერვისში“ მთავარი ინჟინერი არის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ეკა თოდუას მამა. ასევე არსებობს ტენდერებში იგებს ძმები წირღვავების კომპანია, წირღვავები კი, ვიცე-მერის გია გულორდავას უახლოესი მეგობრები. ცნობილია, რომ მერია ქვაფენილებს იძენს შპს „ლეგისგან“, რომლის წარმომადგენელი არის ირაკლი გოგოხიას ძმა პაატა გოგოხია. თუ საკრებულოს თავმჯდომარემ არ იცის რა ხდება, ეს მისთვის უარესია, ან თუ იცის და ხელს აფარებს, მაშინ ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ თვითონ ქვარაია არის ამ ე. წ. ატკატებში გარეული“.

თავის მხრივ, მერაბ ქვარაიამ ანი წითლიძის განცხადებას ცილისწამება უწოდა და ოპონენტს ურჩია, რომ საგამოძიებო უწყებებს მიმართოს.

„მე მათ მოვუწოდებ თუ არსებობს, რაიმე ხელჩასაჭიდი ფაქტები, არგუმენტები, დაკავშირებტ მიმართონ შესაბამის ორგანოებს, საგამოძიებო უწყებებს, და საკითხი გადავიდეს შესწავლის ფორმატში“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.