ახალი ამბები
პრეზიდენტი: კორცხელის სამარცხვინო ფაქტზე სწრაფი რეაგირება უნდა ყოფილიყო და იქნება [Video]
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებს ხვდება, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა კორცხელის ინცინდენტს და მას სამარცხვინო უწოდა. პრეზიდენტის თქმით, ერთმანეთის დაპირისპირებით ქვეყანა ვერ განვითარდება. მისივე სიტყვებით, სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა და ექნება სწრაფი რეაგირება ამ ფაქტთან დაკავშირებით. მარგველაშვილმა განმარტა, რომ თუ ამომრჩეველი იქნება აქტიური და იქნება რიგები უბანთან, ეს დაპირისპირება არ განმეორდება. შეხვედრა ახალგაზრდებთან ამ წუთებაშიც მიმდინარებს. პრეზიდენტი სტუდენტების კითხვებს პასუხობს.

"სწორედ ზუგდიდიდან მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ სამარცხვინო ფაქტს, რომელიც კორცხელში მოხდა. კიდევ ერთხელ, აქედან მინდა ვთქვა, რომ როგორც ჩემთვის, ისე საქართველოს ნებისმიერი ამომრჩევლისთვის, მიუღებელია მუშტი-კრივით და დაპირისპირებით რაიმეს მიღწევა პოლიტიკურად. არასოდეს მივიღებთ ამას. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამ სამარცხვინო ფაქტზე სწრაფი რეაგირება უნდა ყოფილიყო და იქნება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ არა მხოლოდ სახელმწიფო რეაგირებს ხოლმე მსგავს ფაქტებზე, თვითონ საზოგადოებამ უნდა მისცეს თავისი შეფასება, რაც საარჩევნო უბნებთან მოქალაქეობრივი აქტიურობით უნდა გამოიხატოს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ. შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. ზოგიერთ მათგანს სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდა. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერელურ საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული, მათ შორის ორი პოლიციელი.

ინციდენტიდან მეორე დღეს გამოძიებამ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები დაკითხა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და კორცხელის ინცინდენტში მონაწილე ექვსივე პირს აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. მოსამართლე ნატრული აკობიამ სპორტსმენს ვლადიმერ გეგეშიძეს 10 ათასი ლარის გირაო, დანარჩენებს: კობა ტყეშელაშვილს, ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს და გიგა ტყემალაძეს 7-7 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.