ახალი ამბები
ჩემი საქართველო აქ არის - აქცია ენგურის ხიდზე [Video]
სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური აქციით გაიხსენეს ენგურის ხიდზე „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერებმა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა და მხარდამჭერებმა. მათ ხიდზე სანთლებით დაწერეს „ჩემი საქართველო აქ არის“. აქცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მოეწყო.

„ახალგაზრდები ზუგდიდიდან შევიკრიბეთ რათა ამ დღეს გამოვხატოთ ჩვენი წუხილი და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, რომ ჩვენ მზად ვართ შევურიგდეთ ჩენს აფხაზ ძმებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო არის როგორც ამ ხიდის ერთ ბოლოში, ასევე მეორე ბოლოში. ჩვენი საქართველო აქ არის“, - განაცხადა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ოთარ ქადარიამ.

1993 წლის 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ამ დღეს დასრულდა ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტი, რის შედეგადაც ათასობით მოქალაქე დევნილი გახდა. მას შემდეგ 27 სექტემბერი საქართველოში გლოვის და ხსოვნის დღეა.