ახალი ამბები
ხმის მიცემის პროცედურა კორცხელის საარჩევნო უბანზეც დასრულდა [Video]
კორცხელის საარჩევნო უბანი დაიხურა. დაილუქა საარჩევნო ყუთი და ამ პროცესს მედიაც დაესწრო. თუმცა ჟურნალისტებს ამის შემდეგ უთხრეს, რომ შესაძლოა ხელი შეეშალოს ხმის დათვლის პროცესს და მათ გასვლა მოსთხოვეს, აუხსნეს, რომ ამას კანონიც ითვალისწინებს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მარინა ციმინტიამ ამის მიუხედავად თქვა, რომ „შტატივიანები“ დარჩენილიყვნენ, რასაც მედიის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. შედეგად ისინი ადგილზე დარჩნენ და კუთხე გამოუყვეს. ხმის დათვლის პროცესი ჯერ არ დაწყებულა.

უბნის დახურვამდე რამდენიმე ამომრჩეველმა პრეტენზია გამოთქვა, რომ ვერ ახერხებენ ხმის მიცემას. მათი თქმით, რვა საათისთვის ისინი აქ იმყოფებოდნენ, თუმცა სახელობით სიაში მაინც ვერ მოხვდნენ. მათ კენჭისყრაში მონაწილეობა საბოლოოდ მაინც ვერ მოახერხეს. ერთ-ერთმა ამომრჩეველმა გამოთქვა ეჭვი - ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები არიან.

„ოთხ საათზე მეტია ვდგავარ. აბსოლუტურად ყველა ხედავდა ამას. ნაოპერაციევი ვარ და ვერ ვიჯაჯგურებდი. ცოტა იქით დავდექი და ვუთხარი ბიჭებს, რომ რვაზე იკეტება და იქნებ რაღაცნაირად..მერე მოხუცი ქალბატონები მოიყვანეს და გადაიწიეო. გადავიწიე. ბარემ გარეთ გადადიო და გადავედი. წამალი დავლიე და მოვედი. რაღაც სია ჩამოწერილა. სიაში არ ვარ და ვერ ვიგებ რა ხდება“, - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ზურაბ ლაშხიამ.

კორცხელის საარჩევნო უბნის თავმჯდომარე მარინა ციმინტიამ აღნიშნა, რომ ყველა ამომრჩეველმა, ვინც კი იყო სიაში, ხმა მისცა. ჟურნალისტების კითხვას, რომ რამდენიმე მოქალაქემ ვერ მოახერხა კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება იმის მიუხედავად, რომ რვა საათისთვის აქ იმყოფებოდნენ, ციმინტიამ არ უპასუხა.