ახალი ამბები
პარკების ევროპული ქსელი: იმედი გვაქვს, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გახდება ჩვენი წევრი [Video]
ისტორიული პარკების ევროპული ქსელის (EGHN) წარმომადგენლებმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს და მისი რეკონსტრუქციის პროექტს გაეცნენ. მათ მეგზურობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაუწიეს.

ისტორიული პარკების ევროპული ქსელის გამგეობის თავჯდომარე, ლანდშაფტის არქიტექტორ ჯენს სპანჯერის განცხადებით, პირველადი დათვალიერებითაც ჩანს, რომ ბაღი დიდი ისტორიის მატარებელია. მისი განცხადებით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს დიდი პოტენციალი აქვს.

„ევროპის ისტორიული პარკების ასოციაცია ამ ეტაპზე აერთიანებს 180 ბაღს და იმედი გვაქვს, რომ სათანადოდო აღდგენის შემდეგ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიც გახდება მისი წევრი“, - განაცხადა ჯენს სპანჯერმა.

საქართველოს კულტურული მემკვიდერეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით უკვე დასრულდა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის პროექტზე მუშაობა, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს მისი ექსპერტიზა რათა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაღის მთლიანი რეკონსტრუქცია დაიწყოს. ნიკოლოზ ანთიძის სიტყვებით, ეს პროექტი ერთ-ერთი საუკეთესოა ბაღების განვითარების პროექტებს შორის.

ქალაქის მერის ირაკლი გოგოხიას განცხადებით კი, უშუალოდ სარეკონსტრუქციო სამუშაოები სავარაუდოდ 3-4 თვეში დაიწყება.

„იმედი გვაქვს, რომ 2017 წლის ბოლოსთვის უკვე დამთავრდება პროექტი. ის ერთ წლიანია და 12 თვე სჭირდება მთლიან რეაბილიტაციას“, - განაცხადა ირაკლი გოგოხიამ.

ბაღის დათვალიერების შემდეგ შეხვედრა უკვე მერიაში გაგრძელდა, სადაც სტუმრეს უშუალოდ პროექტის დეტალები გააცნეს.

ისტორიული პარკების ევროპული ქსელის (EGHN) წარმომადგენლები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ლანდშაფტის არქიტექტორების კავშირის (GALA) მოწვევით 18-20 ოქტომბრის ჩათვლით იმყოფებიან. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახვეწის მიზნით მოწვეულ ექსპერტებთან ერთად შემუშავდება მეთოდოლოგიური რჩევები.

მათვე ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ექპსერტები, მათი გამოცდილებისა და საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის საფუძველზე, რეკომენდაციების სახით დაეხმარებიან ქართულ მხარეს როგორც კონკრეტული პროექტების მომზადებაში, ასევე საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაში, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ლანდშაფტური არქიტექტურის მიდგომებისა და პრინციპების გაცნობიერებასა და ქართველი სპეციალისტების უნარჩვევების ამაღლებს.