ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრის პროექტისთვის 58 ათასი ლარი გამოიყო [Video]
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის რეკონსტრუქციისთვის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად, ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 58 ათასი ლარი გამოიყო. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ხარჩილავას თქმით, თანხა მერიის სარეზერვო ფონდიდადნ გამოიყოფა, რადგან მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესაბამისი სახსრები არ ყოფილა გათვალისწინებული, ამ ეტაპზე კი ალტერნატიული წყაროს მოძიება ვერ ხერხდება.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ კარგია, როცა ადგილობრივი ბიუჯეტით ეხმარებიან თეატრს, თუმცა სამწუხაროდ არ არის იმის რესურსი, მოახდინონ შენობის სრული რეკონსტრუქცია. დეპუტატმა შეახსენა საკრებულოს წევრებს, რომ ისინი ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ითხოვდნენ თეატრის თუნდაც საპროექტო სამუშაოებისთვის გაეთვალისწინებინათ სახსრები და მერიის სარეზერვო ფონდში არ ყოფილიყო თავმოყრილი ამდენი თანხა.

„ჩვენ გამოვთქვამდით ეჭვს, რომ წლის ბოლოს ამ თანხების გადასროლა დაგვჭირდებოდა მუხლიდან მუხლში. კარგია, რომ მოვახერხეთ ეს, თუმცა ვთვლი, რომ ეს ის არის, რისი დაგეგმვაც ჩვენ წლის დასაწყისშიც შეგვეძლო“.

ზუგდიდის თეატრის რეკონსტრუქციის თანხას მთლიანად ჯგუფი „ქართუ“ გაიღებს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, GDS-ის საარჩევნო პროექტის ფარგლებში ადგილობრივ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. სარემონტო სამუშაოები 2018 წლისთვის უნდა დასრულდეს, როცა თეატრს 150 წელი შეუსრულდება.