ახალი ამბები
სვანეთში ზვავს ადგილობრივი მცხოვრები ემსხვერპლა
ჯვარი-მესტიის გზის ხაიშის მონაკვეთზე ჩამოწოლილ ზვავს ადგილობრივი მცხოვრები ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილი მესტიაში მცხოვრები 54 წლის მამაკაცია.

როგორც „ლაივპრესს“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნელი ნავერიანმა განუცხადა, ადგილობრივ მცხოვრებს კერძო მიკროავტობუსით გადაჰყავდა მგზავრები. ის გზის სანახავად მანქანიდან გადავიდა, რა დროსაც, ზვავმა მოიყოლა.

„გვირაბთან მოხდა. მცირე რაოდენობით ჩამოსულა ზვავი და ეტყობა სანახავად გააჩერა. გადავიდა, რომ დაეთვალიერებინა შეძლებდა თუ არა მის გაწმენდას ნიჩბით. საერთოდ იცის ხოლმე როცა პირველ ჯერზე მოდის მცირე მასა, შემდეგ მოყვება დიდი. მიკვირს ის მესტიელია, ადგილობრივი და ეს როგორ შეეშალა. როცა მანქანიდან გადმოვიდა თოვლის მცირე მასას მოჰყვა ზვავი და სამწუხაროდ მოიყოლა“, - განაცხადა ნელი ნავერიანმა.

მისი განცხადებით მიკროავტობუსი, რომელსაც მამაკაცი მართავდა მოშორებით იყო გაჩერებული და მგზავრები უვნებლად გადარჩნენ.

გამგებლის მოადგილის განცხადებით გზის აღნიშნული მონაკვეთი წუხელვე გაიწმინდა და იქ ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ნელი ნავერიანის ცნობითვე, მიუხედავად მისა, რომ მესტიის სოფლებში ახლაც გადაუღებლად თოვს, უხვი ნალექის გამო პრობლემები ამდროისთვის არ ფიქსირდება.