ახალი ამბები
ნაბაკევის გადასასვლელის დატოვების მოთხოვნით 1200 ხელმოწერა შეგროვდა
ოკუპირებულ ნაბაკევში სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასასვლელის დატოვების მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფმა სოფელში 1200-მდე ხელმოწერა შეაგროვა.

საიჯიციატივო ჯგუფი ხურჩა ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ შეიქმნა.

„ხელმოწერები გალის ადმინისტრაციაში მივიტანე, ვიცით, რომ ის სოხუმშია წაღებული და განიხილავენ. პასუხს ორ დღეში ველოდებით. ვფიქრობ, რომ ჩვენი გადასასვლელი უნდა დატოვონ, რადგან ხუმუშქური, ქვემო და ზემო ბარღები, თაგილონი, ამ სოფლების მცხოვრებლებისთვის, ყველასთვის ხელმისაწვდომი გზაა ნაბაკევი. თუ გადასასვლელი დაიხურა, რამდენჯერმე მოგვიწევს გადაჯდომა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რამდენჯერმე გზაში გაგაკონტროლებენ და ზუგდიდში წასვლა - მოსვლას დასჭირდება ორი დღე“, - უთხრა „ლაივპრესს“ საინიციატივო ჯგუფის ერთ -ერთმა წევრმა.

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ხურჩა - ნაბაკევის ე.წ. გამშვები პუნქტის დახურვა ერთი თვით, მას შემდეგ გადაიდო, რაც ნაბაკევის მცხოვრებლებმა გადასასვლელების დახურვის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.

საინიციატივო ჯგუფის წევრის ცნობით, ამ დროისათვის ხურჩა ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას გამშვები პუნქტები ღიაა.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ჯერ კიდევ მარტში შეიტანა ცვლილება „სახელმწიფოს საზღვრის შესახებ“ კანონში. ის სხვა ღონისძიებებთან ერთად ადმინისტრაციული საზღვრის უკეთ გაკონტროლების მიზნით საკონტროლო-გამშვები პუნქტების შემცირებას გულისხმობს. დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. ახალი კანონის აღსრულება აპრილიდან დაიწყო, როცა ერთი გამშვები პუნქტი ზუგდიდის სოფელ შამგონას მოსაზღვრე თაგილონისა და მეორე წალენჯიხის სოფელ ფახულანის მოსაზღვრე ლეკუხონაში გააუქმა.


დე ფაქტო მთავრობის მონაცემებით, ამჟამად ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქმედი ოთხი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან (ენგურის ხიდი, ნაბაკევი-ხურჩა, ოტობაია-ორსანტია, საბერიო-ფახულანი) ყოველდღიურად, დაახლოებით, 1 500 ადამიანი გადადის სამეგრელოს რეგიონში და იმდენივე ბრუნდება უკან გალში.