ახალი ამბები
განმუხურის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელთა ხელფასისთვის 8 ათასი ლარი იხარჯება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ააიპ „განმუხურის ბოტანიკურ ბაღს“, სადაც 8 თანამშრომელი მუშაობს, საკუთარი ოფისი ჯერ კიდევ არ აქვს. ბოტანიკური ბაღი ივნისში დაფუძნდა, დირექტორი კი აგვისტოში დაინიშნა, ხოლო თანამშრომლები სამსახურში დეკემბრის თვიდან აიყვანეს. სასახელფასო ფონდი 8 ათასი ლარია.

„განმუხურის ბოტანიკური ბაღის“ დირექტორმა ზვიად ქარჩავამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ საოფისე ფართში რემონტი მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლოს დასრულდება. ის მუსიკალური სკოლის მეოთხე სართულზე განთავსდება.

„მოვამზადეთ წესდება და დებულება. ახლა მიდის მარკირების პროცესი ბაღის ტერიტორიაზე, ახლა არსებული მცენარეების აღწერა“, - განმარტა ზვიად ქარჩავამ.

რაც შეეხება ბაღის მშენებლობის და განაშენიანების საკითხს, ზვიად ქარჩავამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მუშაობენ გეგმაზე, რომელსაც ერთ კვირაში დააანონსებენ.

განმუხურის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული ხარჯებისთვის ზუგდიდის ბიუჯეტიდან 130 ათასი ლარია გამოყოფილი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ბაღის განაშენიანების, კეთილმოწყობის და მოვლა-შენახვის ხარჯები კერძო გრანტებით დაფინანსდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შარშან ნოემბერში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, 20 ათასი ლარი ააიპ „განუმუხურის ბოტანიკური ბაღის“ სუბსიდირებისთვის გამოიყო.

განმუხურში, 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ბოტანიკური ბაღი გაშენდება.

„განმუხურის ბოტანიკური ბაღი არ იქნება მხოლოდ რეკრეაციული ზონა, მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია იქნება უნიკალური კოლხური ჯიშებისა და სახეობების გადარჩენა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტები ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში მიზიდულობის ახალ ცენტრს გააჩენს და დამატებით სტიმულს მისცემს პოტენციურ ინვესტორებს მეტი ინვესტიციების განსახორციელებლად. რასაკვირველია, ბოტანიკური ბაღის მშენებლობის პროცესში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შარშან სექტემბერში განმუხურში საგანგებოდ გამართულ პრეზენტაციაზე.

პროექტის მიხედვით, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიები, რომლებიც საშუალებას მისცემს მეცნიერებს, ჩაატარონ კვლევები და ითანამშრომლონ საერთაშორისო ბოტანიკურ ასოციაციებთან. ბაღის ტერიტორიაზე აშენდება ორანჟერიები, სასათბურე-სანერგე მეურნეობები და მოეწყობა ექსპოზიციები, დამახასიათებელი სხვადასხვა მიკროგარემოს კლიმატისთვის. ბოტანიკურ ბაღში იფუნქციონირებს შემეცნებით-საგანმანათლებლო სკოლა ახალგაზრდებისათვის, რაც მათ საშუალებას მისცემს, უკეთ გაეცნონ და შეისწავლონ ენდემური და იშვიათი ჯიშის მცენარეები. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის საინვესტიციო მოცულობა, დაახლოებით, 20 მლნ დოლარს შეადგენს.